in

ბინა დიდი ვიტრაჟებით და ხელნაკეთი ნივთებით – “ჩანჩიკას” ინტერიერი ბაგებში

ეკატერინე ჩანჩიბაძეს ფართო საზოგადოება “ჩანჩიკას” სახელით იცნობს. ეკა თბილისის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულია, სადაც ტანსაცმლის მოდელირების ფაკულტეტზე სწავლობდა. ამის შემდეგ ის საზღვარგარეთ გაემგზავრა და ვიზაჟის, ტანსაცმლისა და თმის სტილისტის პროფესიას დაეუფლა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი სწავლა სასულიერო აკადემიასთან არსებულ ინსტიტუტში გააგრძელა, სადაც ხატწერა და ქარგვის ძველი ტექნიკა შეისწავლა.

აღნიშნულმა გამოცდილებამ ეკას გემოვნებისა და ხელწერის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა. დღესდღეობით “ჩანჩიკა” ყველასთვის ცნობილი ვიზაჟისტსი და სტილისტია, რომლის ნამუშევრები დიდ აღფრთოვანებას იწვევს. თუმცა, ჩვენი ყურადღება ამჯერად ეკას ინტერიერმა მიიქცია, რომელიც მკაფიოდ გამოხატავს მეპატრონის მრავალფეროვან და შემოქმედებით ბუნებას.

როგორც ჩვენი რესპონდენტი გვიამბობს, სასურველ ბინას დიდი ხნის მანძილზე ეძებდა და საბოლოოდ, ის 2017 წელს შეიძინა. სახლი ბაგებში მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 220 კვადრატული მეტრია. ბინიდან მშვენიერი ხედები იშლება: ერთი მხარე ულამაზეს ტყეს გადაჰყურებს, მეორე მხრიდან კი წითელი ხიდი მოჩანს, რომელიც უნივერსიტეტის ქუჩას უკავშირდება.

შეძენის მომენტში სივრცე ე.წ. “შავი კარკასის” მდგომარეობაში იყო. მიუხედავად იმისა, რომ რემონტის ეტაპი ეკასთვის არც ისე მარტივი აღმოჩნდა, ის წარმატებით გაუმკლავდა ამ ამოცანას და ბინა საკუთარი გემოვნების მიხედვით, პროფესიონალი დიზაინერის დახმარების გარეშე მოაწყო.

დიზაინერი არ მყავდა, რადგან მეც მხატვარი ვარ და ვიფიქრე, ჩემი გემოვნებით გამეკეთებინა ყველაფერი. თუმცა, ვთვლი, რომ პროფესიონალის ჩარევა ამ მხრივ ძალიან კარგია. ყველას ვეკითხებოდი რჩევას, ვათვალიერებდი საიტებს და ჟურნალებს, სადაც რამე მომეწონებოდა, ვიმახსოვრებდი და შეძლებისდაგვარად ვაკეთებდი. სიტუაციას ართულებდა ის, რომ იმ დროს მასალების დიდი არჩევანი არ იყო საქართველოში”, – გვიამბობს ეკა

ჩვენი რესპონდენტის მთავარი სურვილი დიდი ვიტრაჟების მქონე ბინაში ცხოვრება იყო. ეს ოცნება ეკამ რეალობად აქცია და ისეთი სივრცე შეარჩია საცხოვრებლად, სადაც ბუნებრივი განათება წამყვან როლს ასრულებს.

სახლს არასტანდარტული გეგმარება აქვს. ამის გათვალისწინებით ეკამ გადაწყვიტა, რომ კიბის დიზაინი თავად შეემუშავებინა.

“კიბე ჩემი დიზაინით ავაწყობინე, თუმცა შემდგომ ცუდად შემიღებეს და არ მომეწონა. ამიტომ ხელოსანს გავაპრიალებინე ზუმფარის ქაღალდით და თავად შევღებე. რისი გაკეთებაც ჩემით შემეძლო, ვაკეთებდი. ეს ჩემთვის სახალისოც იყო და ამავდროულად საინტერესო გამოწვევაც.”

ეკას ხელით შექმნილია ასევე კედლის სანათები, ავეჯის უმეტესი ნაწილი, ნახატები და ფოტოები, რომელთა ერთობლიობა სივრცეს სრულიად უნიკალურ ხასიათს სძენს.

“მიყვარს ანტიკვარული ნივთების ყიდვა და მერე მათი გადაკეთება. არ ვარ ამ მხრივ პროფესიონალი, მაგრამ ვცდილობ, ჩემით განვაახლო სხვადასხვა საგნები. ამისთვის ვარჩევ საღებავის ფერს, ტექსტილს და ვიწყებ გადაკეთებას.” 

ეკატერინე ჩანჩიბაძის ბინა გამორჩეული სტილითა და მეპატრონისთვის დამახასიათებელი ინდივიდუალური ხელწერით ხასიათდება. უხვი ბუნებრივი განათება, მცენარეები და უნიკალური, ხელით შექმნილი ნივთები ინტერიერის მთავარ ხასიათს განსაზღვრავს და განსაკუთრებულ ემოციებს ბადებს.

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

ჭურჭლის სარეცხი მანქანა: შეუცვლელი დამხმარე თუ უსარგებლო ნივთი?

რის მიხედვით უნდა შევარჩიოთ ცალკე მდგომი აბაზანა?