in

ბინა კოსმოსური თემატიკით ბოჭორმის ქუჩაზე – დათო ცაბაძის ინტერიერი

ბოჭორმის ქუჩაზე მდებარე 55 კვადრატული მეტრის მქონე საცხოვრებელი ბინა დათო ცაბაძეს ეკუთვნის, რომელიც პროფესიით ფინანსისტია, ამჟამად კი მეღვინეობის სფეროში მოღვაწეობს. სახლის ინტერიერის დიზაინზე მხატვარ-დიზაინერმა, იკო ცაბაძემ იმუშავა. იკოს საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს დაზგური გრაფიკის, ილუსტრაციის, კინოსა და კედლის მხატვრობის კუთხით, თუმცა, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, საცხოვრებელი დიზაინის თვალსაზრისით, ეს მისი პირველი დამოუკიდებელი ნამუშევარია.

ბინის მფლობელი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ საცხოვრებელი ადგილის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი მისი მიმზიდველი ადგილმდებარეობა აღმოჩნდა. ამასთანავე, მნიშვნელოვანი იყო ნაგებობის მდგომარეობა და გარეგნული მახასიათებლები.

“ბინა 2022 წლის ივლისში შევიძინე, ოქტომბერში კი სარემონტო სამუშაოები დავიწყეთ. სახლის შერჩევის დროს მნიშვნელოვანი იყო მისი ადგილი. სახლი ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში, ძველ თბილისთან ახლოს, ფეხით სავალ მანძილზე მდებარეობს. მეორე გასათვალისწინებელი ფაქტორი კი  კორპუსის მშენებლობის ხარისხი და მისი მდგომარეობა იყო. საცხოვრებელი ახალაშენებულ შენობაშია, რომელიც ლამაზი, მოწესრიგებული ლობით, კონსიერჟის სერვისით, პარკინგითა და ეზოს გამწვანებით გამოირჩევა“, – აღნიშნავს დათო.

მესაკუთრემ საცხოვრებელი ე.წ. „თეთრი კარკასის“ მდგომარეობაში შეიძინა და სარემონტო სამუშაოები მთლიანად ინტერიერის დიზაინერის დახმარებით შეასრულა. როგორც დათო გვიამბობს, რემონტის პროცესში რაიმე მნიშვნელოვანი სირთულე არ წარმოქმნილა, თუმცა პრობლემური საკითხი სასურველი დიზაინის ავეჯისა და სამშენებლო-მოსაპირკეთებელი მასალების ადგილობრივ ბაზარზე მოძიება აღმოჩნდა.

ბინის მფლობელისა და დიზაინერის ერთობლივი გადაწყვეტილებით, დიზაინის თემად კოსმოსი და კოსმოსური მოგზაურობა შეირჩა. ინტერიერში მუქი ფერების დომინირების მიუხედავად, მისი იერსახე პირქუში და ბრუტალური არაა, რაც მეტწილად კედლის მხატვრობის დამსახურებაა. აღნიშნული ნამუშევრები თავად დიზაინერს, იკო ცაბაძეს ეკუთვნის და მეპატრონის თვალსაზრისით, სახლში ყველაზე მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს.

ყურადღებას იქცევს  ავეჯის დიზაინიც. მაგიდები, კონსოლი, მეტალის ცხაურა და საძინებელი ტუმბოები პროექტის ავტორის დიზაინით დამზადდა. აღსანიშნავია იკო ცაბიძის ხელით შესრულებული პოსტერებიც, რომლებიც განსაკუთრებულ მომხიბვლელობას მატებს ოთახს.

სახლში ვხვდებით გაერთიანებულ მისაღებ, სასადილო და სამზარეულო ზონას, ეს უკანასკნელი  მცირე ტიხრითაა გამოყოფილი და ერთგვარ იზოლირებულ ოთახს წარმოადგენს, რომელიც კავშირს არ კარგავს საერთო სივრცესთან. კედლები შავ და ნაცრისფერ ტონალობაშია გადაწყვეტილი, ჭერზე კი ბეტონის კონსტრუქციაა შენარჩუნებული. სიცივის დასაბალანსებლად ბინაში ჰარმონიულად ინტეგრირდა ფერადი ავეჯი, რომლის წითელი, ცისფერი და მწვანე ტონალობა კონტრასტულ აქცენტებს ქმნის, პოსტერებმა კი მისტიკური გარემო და მხიარული ატმოსფერო შემოიტანა.

დიდი როლი ენიჭება განათებასაც, რომელმაც გარდა იმისა, რომ სახლის ეს ნაწილი ბევრად ნათელი გახადა, თბილი და მყუდრო აურაც უზრუნველყო.

სამზარეულო დახვეწილი სტილით ხასიათდება, დომინანტური შავი ფერი კი ამ ოთახს მეტ ელეგანტურობას სძენს. ეს ტონალობა ჭერსა და ავეჯის დიზაინშიც გვხვდება და სივრცის მთლიანობას განაპირობებს.

საძინებელში საკმაოდ სადა, მაგრამ საინტერესო ატმოსფეროა შექმნილი, რაც კედელზე არსებული პოსტერით, ნარინჯისფერი ფარდით (ჟალუზით) და სანათებით მიიღწევა. საბოლოო ჯამში კი მყუდრო, ინტიმური გარემო იქმნება.

ორიგინალურია სააბაზანო ზონაც. მასში მეტალის კონსტრუქციები და საინტერესო კედლის მხატვრობა გვხვდება, როელზეც ასახულია კოსმოსური ხომალდი და ნაძვები.

“ეს არის ძალიან განსხვავებული სტილის მქონე ბინა, რომელიც იდეალურია პატარა ოჯახის ან ერთი ადამიანის ცხოვრებისათვის. მართალია, ინტერიერი ოდნავ მუქ ტონებშია გადაწყვეტილი, მაგრამ ის სახალისო და იუმორით გაჯერებულია, რაც საბოლოო ჯამში, სახასიათო გარემოს ქმნის,” – იკო ცაბაძე

პროექტის ავტორი: იკო ცაბაძე

იატაკის საფარი – „დომინო“, აბაზანა – „კაფელის სახლი“

აბაზანის ფილები – „დომინო“

შემრევები – „იდეალი“

კედლის მოპირკეთება – ფრიზელინი – “New Design”; საღებავი – „არტ დეკო“; ცის რუკა – ბაუერი

განათება – „ახალი ნათება“, „მიჰაუსი“

ავეჯი – სახელოსნო „ტეტრისი“

რუბრიკის წარმდგენია თიბისი ბიზნესისთვის

როგორც შევქმნათ ინტერიერი, რომლის დასუფთავებაც მარტივია?

„ალიანს ჰაილაინი“, როგორც სეისმომედეგი მშენებლობის გამორჩეული ნიმუში თბილისში