დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ დიზაინერ ანა სარალიძის პროექტს, რომელიც მარშალ გელოვანის გამზირზე მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 72 მ2-ია. საპროექტო დავალება გულისხმობდა ახალგაზრდა წყვილისთვის მყუდრო, თანამედროვე, ფუნქციური და კომფორტული ბინის მოწყობას, რომელიც საცხოვრებელში განტვირთვისა და დასვენებისთვის იდეალურ პირობებს შექმნიდა. დამკვეთის სურვილი იყო, ბინაში ყოფილიყო სადა, პასტელური ფერები, რომლებიც ბუნებრივ მასალებთან იქნებოდა ჰარმონიაში. აღსანიშნავია ისიც, რომ დიზაინერისა და დამკვეთის გემოვნება იდეალურად შეერწყა ერთმანეთს, რამაც საბოლოო ჯამში, წარმატებული პროექტი განაპირობა.
პროექტზე მუშაობის მთავარი გამოწვევა სამღებრო სამუშაოებს და ხაზების სწორ შესრულებას უკავშირდებოდა, ამიტომ დიზაინერი აქტიურად იყო ჩართულო სამუშაოების ზედმიწევნით ზუსტად შესრულების პროცესში.
ბინის დიზაინ-კონცეფცია გეომეტრიული ხაზებისა და თანამედროვე ინტერიერის შერწყმას წარმოადგენს, ხოლო სივრცის მოგების მიზნით, დომინანტურ კედლის ფერად აღებულია თეთრი ფერი. ამასთანავე, ჭერიც შეღებილია კედლის ფერში, რასაც იდეალურად ერწყმის ბუნებრივი მასალები და ტექსტურები, ხოლო კედლების სითეთრეს ხისფერი ლამინირებული იატაკი აბალანსებს. ინტერიერში ასევე გვხვდება თბილი ტონები, კრემისფერი და პასტელური ფერები, მასალად კი ბუნებრივი ქვა, ნატურალური ხე, ტილო და სხვადასხვა მატერიის ქსოვილია გამოყენებული.
„ხაზები გამოყენებულია მისაღებ ოთახში ფარდისა და პოსტერის სახით, საძინებლებში — ღებვით და აბაზანაში — ფილების მეშვეობით. დერეფნის ნაწილი დარჩა ნეიტრალურ და დამაკავშირებელ ზონად ამ სივრცეებისთვის. ყველა ოთახის შესასვლელი კარი არის დამალული, რაც დერეფანში გვაძლევს კედლების ერთიანობისა და სიმსუბუქის შეგრძნებას და თანამედროვე სტილს უსვამს ხაზს”, — აღნიშნავს ანა სარალიძე.
საცხოვრებელი ფართი მოიცავს დერეფნის სივრცეს, გაერთიანებულ სამზარეულოსა და საერთო ოთახს, ორ საძინებელს და სველ წერტილს.
დერეფნიდან ხდება ყველა ოთახში გადაადგილება, რაც საძინებლებისა და მისაღები ოთახების ზონირებას უწყობს ხელს და საცხოვრებელს მოსახერხებელს ხდის. ამასთანავე, დერეფანი სათავსოებით არის დატვირთული, რაც თვალისათვის უხილავია და არ ამძიმებს ოთახს.
„დამკვეთისთვის ძალიან მნიშვნელოვან დეტალს წარმოადგენდა ბევრი სათავსო სივრცე, გეგმარებამ კი მოგვცა საშუალება, დერეფანი დაგვეტვირთა საკმაოდ დიდი სათავსო კარადებით, რომლებიც განთავსებულია ისე, რომ თვალისთვის თითქმის შეუმჩნეველია”, — ამბობს დიზაინერი.
საერთო ოთახი და სამზარეულო ღია გეგმარებისაა, ამიტომ სასადილო და მოსასვენებელი კუთხეების გასამიჯნად ავეჯია გამოყენებული, რომელიც სივრცეს სამ ძირითად ნაწილად ყოფს.
მისაღებ ოთახში განთავსებულია გამჭოლი ვიტრაჟები, რომლებიც ბუნებრივი განათების შემოსვლას უწყობს ხელს, ამიტომ ავეჯი და დეკორი ღია ტონებშია გადაწყვეტილი, რაც შუქის გაფანტვას უკეთ ახდენს. მოსასვენებელ კუთხეში მოთავსებულია მიმზიდველი დიზაინის რბილი ქსოვილის დივანი, იმავე ტონალობის ხალიჩა და ყავის მაგიდა, რომლებიც ერთმანეთს იდეალურად ერწყმის. ასევე, რადგან ბინის კონცეფცია აგებულია სივრცეში არსებულ გეომეტრიულ ხაზებზე, აქცენტის სახით საინტერესო შტრიხებს ქმნის ფარდაზე არსებული ხაზები, რაც ტახტის მომრგვალებულ ფორმებს ეხმიანება და მასიური პოსტერი, რომელიც ვიზუალური ხაზების ქვეტექსტს იმეორებს.
ყურადღებას იქცევს ტელევიზორის თეთრი კარადა, რომელიც სამზარეულოს ზედა კარადის მასალით არის დამზადებული და ერთგვარ კავშირს ამყარებს მასთან.
სასადილო ზონაში განთავსებულია მცირე ზომის ხის მაგიდა და სკამები, რომელთაც ინტერიერში საინტერესო დეკორატიული დატვირთვაც აქვს. სასადილო მაგიდის თავზე გვხვდება ჭერის სანათი, რომელიც ამ ზონას მეტად გამოკვეთს და ქართული ანბანის პრინტის ლარნაკი, რომელიც ინდივიდუალურ და საინტერესო შტრიხს სძენს ოთახს.
სამზარეულოში გამოყენებულია ნატურალური ხის ანათალით დამზადებული სამზარეულოს ქვედა კარადები და ბუნებრივი ქვის ზედაპირი, რაც მეტ ბუნებრიობას მატებს სივრცეს და ამასთანავე მიმზიდველ კონტრასტს ქმნის სამზარეულოს ზედა თეთრი ფერის კარადებთან.
რაც შეეხება საძინებელ ოთახებს, განსაკუთრებული ხასიათი და ხაზების შინაარსის გაგრძელება ღებვის საშუალებით მიიღწევა. ჭერი და კედლის ნახევარი შეღებილია თეთრ ფერში, ხოლო კედლების დარჩენილი ნაწილი ერთ საძინებელში მწვანე ფერშია გადაწყვეტილი, რომელსაც შავი ხაზი დაჰყვება და საოცარ ეფექტს ქმნის, ხოლო მეორე საძინებელი ტერაკოტას ფერშია შეღებილი, რაც საბავშვო ოთახს სიხალისეს და სასიამოვნო განწყობას მატებს.
სველ წერტილშიც მეორდება ხაზების კონცეფცია ფილების სახით. იატაკი და კედლების ნახევარი მოპირკეთებულია ტერაცოს ვიზუალის ფილით, ხოლო დანარჩენ კედლებს ჭერამდე ავსებს წვრილი ვერტიკალური ფილები, რაც ვიზუალურად სივრცის გაზრდის საშუალებას იძლევა.
ანა სარალიძის პროექტში, რომელიც გეომეტრიული ხაზებისა და თანამედროვე სტილის კონცეფციით შეიქმნა, საინტერესო დეტალები იჩენს თავს, რაც ბინას ორიგინალურს, სახასიათოსა და ინდივიდუალურს ხდის. ესთეტიკური მიმზიდველობის გარდა, საცხოვრებელი ყველა საჭირო ფუნქციურ მოთხოვნას აკმაყოფილებს და საკმაოდ მოსახერხებელ და კომფორტულ სივრცეს უზრუნველყოფს.
პროექტის ავტორი: ანა სარალიძე
ინტერიერის დიზაინის სტუდია: Annsaralidze.interiors
გამოყენებული მასალები:
იატაკის საფარი: Ideal
აბაზანის ფილები: Ideal, Lego Room
შემრევები: VitrA Georgia/ Ideal
კედლის მოპირკეთება: Jaokeni, Studio Casa
განათება: Medusa
ავეჯის ბრენდი: Kave, Medusa