დღეს გაგაცნობთ სტუდია „Due“-ს მორიგ პროექტს, რომელიც დიღომში მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 250 მ2-ია. პროექტი სახელწოდებით „VIBRANT DREAM“ სახასიათო, ფერადი დეტალებითა და თანამედროვე, ეფექტური ინტერიერით გამოირჩევა, რომელშიც თითოეულ დეტალს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. პროექტის ავტორების თქმით, ობიექტზე მუშაობის პროცესში მთავარი მიზანი იყო მაცხოვრებლებისთვის მაქსიმალური კომფორტისა და დასვენების უზრუნველყოფა, რათა მობინადრეებს სტრესისა და გადატვირთული რეჟიმისგან თავი დაცულად ეგრძნოთ.
„ურბანულ სამყაროში დიზაინის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რომ ქალაქის სწრაფ რიტმსა და დროის მუდმივ ნაკლებობაში, მაცხოვრებლებს მაქსიმალური რელაქსაციის საშუალება მისცეს. შემდეგი ამოცანა კი იმ გარემოს წარმოდგენაა, რომელშიც მაცხოვრებელი თავს კომფორტულად იგრძნობს. ხანდახან ეს სივრცეში სიმსუბუქისა და სისადავის შემოტანით კეთდება, ხოლო ზოგჯერ, ინტერიერში დინამიკური, ფერებით ცოცხალი და მკვეთრი დეტალების გადათამაშებით. „VIBRANT DREAM“ სწორედ ასეთი ფერადი, სახასიათო დეტალებით შეკრული პროექტია“, – აცხადებენ დიზაინერები.
საცხოვრებელი სახლი ორი სართულისგან შედგება. პირველ სართულზე გაერთიანებული მისაღები, სასადილო და სამზარეულო ზონა გვხვდება, მეორეზე კი საძინებლები და სააბაზანო ოთახებია განთავსებული.
გაერთიანებულ მისაღებსა და სასადილო ზონაში ცენტრალურ ადგილს იკავებს მუქი აგურისფერი დივანი, რომელიც აუზზე გამავალ ვიტრაჟებთან კომბინაციაში ერთგვარ კუნძულს ქმნის. ხოლო მისი ორმხრივობა, კომფორტულობისა და ფუნქციურობის გარდა, სივრცეში ერთიანობისა და დისტანციის შეგრძნებას ტოვებს. მკვეთრი დეტალები, როგორიცაა საინტერესო, ოვალური ფორმის ჭაღი სახელწოდებით „Levante“, პასტელური მწვანე ფერის, მომრგვალებულ კუთხეებიანი მაგიდა, რომელიც სავარძლისა და სანათის ფორმებს ეხმიანება და შავ-თეთრი ქსოვილით გაწყობილი სავარძელი, კონტრასტულ როლს ასულებს ტელევიზორის სადა კედელთან მიმართებაში, რომელიც შავ მინებს შორის არის მოქცეული და ერთიანი, დიდი ეკრანის ილუზიას ქმნის.
მთავარი ოთახის მეორე მხარე სამზარეულოს ეთმობა, რომელიც ღია მწვანე ფერშია გადაწყვეტილი. მთავარ ყურადღებას მოზრდილი მწვანე კუნძული იქცევს, რომელსაც სასადილო შავი ხის მაგიდა ორგანულად ერწყმის და საინტერესო დიზაინ ობიექტს ქმნის. სასადილო ზონას დახვეწილი, თანამედროვე სტილის ყავისფერი ფაქტურის სკამებიც ამშვენებს.
სამზარეულოს ერთიანობას ამძაფრებს კედელზე ჩაშენებული კარადებიც, რომლებიც სამზარეულოს ელემენტებსა და ტექნიკას სრულად ფარავს. მიმზიდველია ცენტრალურ ნაწილში შავი მინით დაფარული თაროებიც, რომლებიც ტელევიზორის კედელს ეხმიანება და კონტრასტულ აქცენტებს ქმნის სივრცეში.
ინტერიერში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბუნებრივ გამწვანებას, რომელსაც დამატებით ფერები შეაქვს სივრცეში და სახლს ერთგვარად აცოცხლებს.
მისაღები სივრცის დიდი მცენარეები საინტერესოდ ირეკლება მეტალის ფირფიტებით გაფორმებულ კიბეზე, რომლის მასიურობა არეკვლადი ელემენტების წყალობით, ჰაეროვანი ხდება და მთავარ დეკორატიულ ელემენტად გვევლინება. მეტალის არეკვლად ფირფიტებში, პირველსა და მეორე სართულის საზღვარზე დაკიდებული ესპანური ბრენდის — „Parachilna“-ს სახასიათო ჭაღიც იჩენს თავს, რომელიც ერთმანეთში სინქრონულად შერწყმული მეტალის ასი ხაზისგან შედგება და ულამაზეს შუქ-ჩრდილებს უზრუნველყოფს.
გარდა დეკორატიული დანიშნულებისა, კიბეს მნიშვნელოვანი ფუნქციურ დატვირთვაც აქვს, რადგან კიბის ქვეშ მოწყობილია პატარა, მყუდრო ბიბლიოთეკა სადა, მინიმალისტური დიზაინით, სადაც „Flos“-ის პრაქტიკული სანათი კიდევ უფრო კარგად მოკალათების საშუალებას იძლევა.
მეორე სართულზე გაცილებით მეტი ფერია გამოყენებული. მთავარი საძინებელი გამოკვეთილი მუქი ლურჯი დეტალებით და მცენარეებისთვის განკუთვნილი დეკორატიული შემინვებით, შედარებით სოლიდურ ხასიათს ქმნის, თუმცა მთლიანი სახლის განწყობას ინარჩუნებს. აქცენტი აქაც ავეჯის მრგვალ ფორმებსა და დახვეწილ, სადა სტილზე მახვილდება. მაქსიმალურად ფუნქციური და მოსახერხებელი გარემოს შესაქმნელად კი საძინებელში საგარდერობო ზონაც გამოყოფილია.
ბავშვებისათვის განკუთვნილი გოგონას საძინებელი თაღის კონცეფციაზეა აგებული და თაღოვან ფორმებში მოქცეული ფერადი კედლებით გამოირჩევა, რაც ბუნების ასოციაციას იწვევს და ოთახს სასიამოვნო ატმოსფეროს სძენს.
ხოლო მეორე, ბიჭისთვის განკუთვნილ ოთახში დიდ როლს თამაშობს აგურისფერი, რომელიც სხვადასხვა ოთახში მეორდება და მონოტონურ გამაში ერთგვარი დინამიკა შეაქვს.
სისადავით, მყუდრო და მშვიდი გარემოთი ხასიათდება სტუმრების საძინებელი, სადაც ღია პასტელური ფერები გვხვდება. განსაკუთრებული დეკორატიული დატვირთვა კი თანამედროვე დიზაინის ოვალური ფორმის სანათზე კეთდება.
რაც შეეხება სააბაზანო ოთახებს, ფერადოვნებით ბავშვების სააბაზანო ხასიათდება, რომელიც საკმაოდ ვრცელია. ოთახი ტერაცოსა და მწვანე ფილებით არის მოპირკეთებული, რაც სასიამოვნო განწყობას განაპირობებს.
მთავარი საძინებლის სააბაზანოშიც ტერაცოს ფილები გვხვდება, თუმცა ინტერიერი შედარებით სადა და მინიმალისტურია. ხოლო სტუმრებისათვის განკუთვნილი სველი წერტილი ლურჯისა და ნაცრისფრის სინთეზით გამოირჩევა.
„Due“-ს ახალი პროექტი მკვეთრი შთაბეჭდილებებით, ზომიერების დაცვით და დახვეწილობით გამოირჩევა. სახლის სიდიდის მიუხედავად, სივრცე გაფანტული არ არის და მსუყე, შეკრული, ერთიანი ინტერიერი იქმნება. საბოლოოდ, მიიღება გარემო, რომელიც მაცხოვრებლების სურვილებსა და ოცნებებს რეალობად აქცევს და დიდ სახლს მყუდრო, სასიამოვნო, ფერადი და სახასიათო დეტალებით გაფორმებულ საცხოვრისად გარდაქმნის.
პროექტის ავტორები: ლიკა ლასარეიშვილი და ცოტნე ანდრიაძე
ინტერიერის დიზაინის სტუდია: „Due“