დიღომში, მარშალ გელოვანის გამზირზე მდებარე 200 კვ/მ ფართობის მქონე ბინის დიზაინ პროექტი თაკო უნდილაშვილს ეკუთვნის. დამკვეთს სურდა, სივრცე სადა ფერებში, ნაცრისფრისა და ხის ტონალობების კომბინაციით შექმნილიყო და ნაკლებად ფერადი ინტერიერი მიეღო. პროექტის ავტორმა კონცეფცია სრულად მოარგო მეპატრონის მოთხოვნას და სივრცეში მშვიდი ფერები შეიტანა. ინტერიერში ძირითადად ხისა და მარმარილოს ფაქტურებია გამოყენებული, უმეტესად კი ნაცრისფერი ტონალობები ჭარბობს.
სახლის მთავარი ხიბლი სასტუმრო ოთახისგან გამიჯნული სამზარეულოა, რომელსაც ორი კედელი ვიტრაჟული აქვს და ულამაზეს ქალაქის ხედს გადაჰყურებს. სამზარეულო ისეა დაგეგმარებული, რომ ბართან მოხვედრისას სწორედ ამ პეიზაჟით ტკბობაა შესაძლებელი.
აქ ისევე, როგორც სახლის სხვა ნაწილებში, გვხვდება ვინილის იატაკი, რაც დამატებით სიმყუდროვეს ქმნის და თბილ, პოზიტიურ აურას უზრუნველყოფს. ოთახში ნაცრისფერი და ყავისფერი სჭარბობს, რაც ავეჯსა და კედლებზე გამოყენებული თეთრი ფერით არის დაბალანსებული.
სივრცე სწორად და სრულად არის ათვისებული, უხვად ვხვდებით ტევად სათავსოებს, რაც მას პრაქტიკულ და მოსახერხებელ ადგილად აქცევს. ავეჯსა და ჭერზე დამონტაჟებული სანათები კი ბუნებრივი განათებით განებივრებულ სივრცეს მეტად მომხიბვლელს ხდის.
სასტუმრო ოთახის მთავარი აქცენტი ტელევიზორის კედელზეა მიმართული, რომელიც საინტერესო დიზაინს ქმნის და ორიგინალურ იერს სძენს სახლს. მას განსაკუთრებულ ხიბლს კედელში არსებული განათება ანიჭებს და ხაზს უსვამს მის ვიზუალურ მხარეს. ტელევიზორის მოპირდაპირედ განთავსებულია ფუმფულა ნაცრისფერი დივანი, რომელსაც მყუდროება და კომფორტი შემოაქვს ბინაში.
გაერთიანებულ მისაღებ და სასადილო სივრცეში გამორჩეული ადგილი ღვინის კუთხეს უკავია, რომელიც ასევე დამკვეთის სურვილით მოეწყო და ჰარმონიულად ერწყმის ოთახის მთლიანობას.
შავი მოზრდილი სასადილო მაგიდა ღია ყავისფერი სკამებით კი სივრცეს ელეგანტურ იერსახეს სრულყოფს და ინტერიერის სხვა ნაწილებთან ინტეგრაციით, ბინის საერთო თემატიკას ეხმიანება.
ინტერიერის მთავარ ხასიათს განათების თამაში, ვიზუალურად მიმზიდველი სანათები და სხვადასხვა ავეჯსა თუ კედელზე დამონტაჟებული განათების ელემენტები განსაზღვრავს.
მუქი ყავისფრისა და თეთრი ფერის ელეგანტურ და გემოვნებიან კომბინაციას ვხვდებით სველი წერტილების ზონაშიც, სადაც მაცხოვრებელთა სრული კომფორტის უზრუნველსაყოფად, აბაზანის სივრცეა გამოყოფილი. ბინის სხვა ნაწილების მსგავსად, კედელზე არსებული განათება აქაც ინტიმურ და მყუდრო აურას წარმოქმნის.
ბინაში ასევე ვხვდებით საგარდერობო ზონას, რომელიც დაბურული მინის კარით არის გადატიხრული და თავის მხრივ, საინტერესო აქცენტს ქმნის ინტერიერში.
როგორც თაკო უნდილაშვილი გვიამბობს, აღნიშნულ პროექტში მისთვის გამორჩეული ზონას წარმოადგენს ვერანდა, სადაც კომფორტული სავარძლებია მოთავსებული. ეს არის განტვირთვის, დასვენების, გართობისა და ადამიანთა თავშეყრის ადგილი. იმის გათვალისწინებით, რომ ბინა მე-18 სართულზე მდებარეობს, ვერანდიდან ქალაქის უმშვენიერესი ხედი იშლება, რაც მაცხოვრებლებსა თუ სტუმრებს ულამაზესი პეიზაჟით ტკბობის საშუალებას აძლევს.
შეჯამების სახით, შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული პროექტი წარმოადგენს კლასიკური სტილის, მინიმალიზმისა და სისადავის ერთგვარ სინთეზსს, რაც საბოლოოდ, მშვიდ და მყუდრო ინტერიერს ქმნის.
“ჩემი ხელწერა, ზოგადად, უფრო ფერადი და აქცენტურია. შესაბამისად, საპროექტო დავალების შესრულება საკმაოდ დიდ გამოწვევას წარმოადგენდა ჩემთვის. თუმცა, ძალიან სასიამოვნო და კომფორტული იყო დამკვეთთან მუშაობა. ვფიქრობ, რომ დადებითი აურა და ენერგეტიკა მუშაობის პროცესში უმნიშვნელოვანესია,” – თაკო უნდილაშვილი
პროექტის ავტორი: თაკო უნდილაშვილი
დიზაინ სტუდია: Accent by her
პროექტის დასრულების წელი: 2021
აბაზანა: VitrA
ავეჯი: “ფორუბი ახალი ნათებისგან”
იატაკის საფარი: ვინილი, ბაუფლექსი
აბაზანის ფილები: “იდეალი”
შემრევები: “VitrA”
კედლის მოპირკეთება: შპალერი, ფლიზელინი
განათება: “ახალი ნათება”
ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე