პატარა სახლების ამბავი ხომ იცით, როგორცაა: მისი ფართის ოპტიმალურად ათვისება მთავარი გამოწვევაა და ამ გამოწვევასთან შეჭიდება არც ისე მარტივი საქმეა. თუმცა, ნინო სულხანიშვილს ეს საკმაოდ კარგად გამოუვიდა. მან ფალიაშვილზე არსებული 35 კვ.მ ფართის მქონე ბინა ძალიან კომფორტულ და მყუდრო გარემოდ აქცია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ნინომ სრულად თავის ინტერესებს მოარგო სახლი და ზუსტად ისეთი სივრცე შექმნა, როგორიც მისი ცხოვრების სტილისთვისაა შესაფერისი.
– როგორც ვიცით, საქართველოში არ ცხოვრობდით და ცოტა ხნის წინ დაბრუნდით სამშობლოში. როგორ გადაწყდა თქვენი ამ სახლში ცხოვრების ამბავი?
ერთი წელია რაც საქართველოში დავბრუნდი. ვცხოვრობდი პარიზში, იქ დავამთავრე უნივერსიტეტი. ვისწავლე კინომცოდნეობა და ამჟამად ამავე სფეროში ვმოღვაწეობ. გამომდინარე იქიდან, რომ 4 წელზე მეტი ვიცხოვრე მარტო, ძალიან პატარა ბინაში (30 კვადრატული მეტრი), მეტ-ნაკლებად მქონდა მცირე სივრცის ათვისების გამოცდილება და ვიცოდი, რისთვის უნდა მიმექცია ყურადღება ჩემს ამჟამინდელ სახლში, რომელიც ასევე საკმაოდ პატარაა და 35 კვადრატულ მეტრს მოიცავს.
ეს სახლი ბევრი წლის წინ შეიძინა ჩემმა ოჯახმა და წლების განმავლობაში გაქირავებული იყო. როდესაც დავბრუნდი, გადაწყვეტილი მქონდა მარტო ცხოვრება. მიუხედავად იმისა, რომ ვაკე, როგორც უბანი, ძალიან არ მიყვარს, მაინც შევუდექი ამ სახლის გარემონტებას, ვინაიდან ეს ბინა უკვე არსებობდა ჩემი ოჯახის კუთვნილებაში და მათთან ერთად მივიღე გადაწყვეტილება, ის სრულად გამეახლებინა.
– როგორ მდგომარეობაში იყო ბინა თავდაპირველად და რისი გაკეთება მოგიწიათ საიმისოდ, რომ სივრცე თქვენზე მოგერგოთ ?
ბინა იყო საკმაოდ შელახული. შესაბამისად, პრაქტიკულად, მთლიანად გამოვშიგნე და დავტოვე მხოლოდ ძველი პარკეტი. ერთადერთი სირთულე იყო ბუნებრივი აირის წერტილის გადატანა ერთი ადგილიდან მეორეში, რასაც გაზის კომპანიის თანხმობა და ჩარევა სჭირდებოდა. სხვა მხრივ პრობლემა არ მქონია, ვინაიდან საქმის მწარმოებლისა და მუშების სახით ძალიან კარგი ხალხი შემხვდა, საკუთარი საქმის პროფესიონალი, დროული და კეთილსინდისიერი ადამიანები.
ბინის გეგმარება თავიდან ბოლომდე შევცვალე. პირველ რიგში, შესასვლელში არსებული პატარა დერეფანი მოვხსენი და შევუერთე მისაღებ ოთახს, რითაც მთლიანად ერთ დიდ სივრცედ ვაქციე სახლი. ახლანდელი აბაზანა იყო გაყოფილი ორად, აბაზანა-ტუალეტი და ძალიან პატარა სამზარეულოსავით ოთახი, სადაც მხოლოდ გაზქურა და ნიჟარა ეტეოდა. ეს ორი სივრცე გავაერთიანე და მთლიანად აბაზანა-ტუალეტი გახდა. სამზარეულო გადავიტანე მთავარ სივრცეში, ანუ მისაღებში (ასე ვთქვათ, ამერიკული სამზარეულო გამოვიდა). ეს გადაწყვეტილებაც იმიტომ მივიღე, რომ დიდ დროს არ ვატარებ სამზარეულოში, არც საჭმლის კეთება მიყვარს დიდად. შესაბამისად, პატარა კუთხეც საკმარისი იქნებოდა და ამისთვის ცალკე ოთახი არ ჩავთვალე საჭიროდ.
საძინებელ ოთახში არსებული კედელი გადავწიე 40 სანტიმეტრით, რამაც მომცა ჩაშენებული კარადის გაკეთების საშუალება. საძინებლისთვის დიდი სივრცე არ მჭირდებოდა, რადგან დიდ დროს არც აქ ვატარებ. დღის განმავლობაში სულ რომ სახლში ვიყო, საძინებელში მაინც არ ვარ ხოლმე.
შესაბამისად, მაქსიმალურად ვეცადე, რაც შეიძლებოდა მეტი სივრცე მისაღები ოთახისთვის დამეთმო. თავდაპირველად იყო სტუდიოს ტიპის ბინის გაკეთების იდეაც, მაგრამ ძალიან არ მიყვარს, როდესაც მისაღები და საძინებელი ერთად არის. მით უმეტეს, როდესაც ხშირად ვიღებ სტუმრებს. მიმაჩნია რომ ეს ორი სივრცე, თუ საშუალებაა, აუცილებლად ცალ-ცალკე უნდა იყოს.
– ვისაუბროთ ინტერიერზე. როგორი იყო ამ მხრივ თქვენი სურვილები და რამდენად გამოგივიდათ ამ მხრივ დასახული მიზნის მიღწევა?
დავიწყებ იქიდან, რომ მე არ მიმიმართავს პროფესიონალი დიზაინერისთვის. თუმცა, სანამ რემონტს დავიწყებდი, ჩემს მეგობარს ვთხოვე დახმარება, რომელიც არქიტექტორია და მან გამიკეთა მონახაზი, რადგან ძალიან პატარა სივრცეა და ყოველ სანტიმეტრს მნიშვნელობა ჰქონდა.
რაც შეეხება ინტერიერს, ჩემი ჩვევებიდან და პირადი კომფორტიდან გამომდინარე, ჩემს თავს რამდენიმე ამოცანა დავუსახე. პირველი, აუცილებელი იყო ცალ-ცალკე მქონოდა სამუშაო და სასადილო მაგიდები. ვფიქრობ, სამუშაო მაგიდა ცალკე სივრცე და ადგილია, სადაც სხვა არაფერი უნდა გიშლიდეს ხელს. ბავშვობიდან მიჩვეული ვარ, რომ სადილი უნდა მივირთვათ დამჯდარ პოზიციაში მაგიდასთან, შესაბამისად, აუცილებელი იყო სასადილო მაგიდაც ცალკე ყოფილიყო.
ასევე მინდოდა კომფორტული და მყუდრო დივანი, რადგან საკმაოდ ხშირად ვიღებ სტუმრებს და, ასე ვთქვათ, “მოსაჯდომი” ადგილი მაქსიმალურად მყუდრო მინდოდა, ყოფილიყო. აუცილებელი იყო კედლებზე ნამუშევრების განთავსება. მგონია, რომ ეს ის ელემენტია, რაც ყველაზე მეტად ანიჭებს ინდივიდუალიზმს ბინას.
ძალიან მინდოდა ბევრი სიმწვანე და მცენარე, მაგრამ მყავს კატა, რომელმაც ფაქტობრივად, გამინადგურა ყველაფერი, რისი გახარებაც ვცადე… ამიტომ დავნებდი. სულ ვღელავდი, რომ სივრცე აღარ დამრჩებოდა და სახლი ძალიან “გაიტენებოდა”, მაგრამ მივხვდი, რომ ისედაც პატარა ბინაში, სივრცეზე ნერვიულობის ნაცვლად, კომფორტი და მყუდრო გარემო უნდა ყოფილიყო მთავარი მიზანი.
– როგორ ფიქრობთ, როგორია თქვენი სახლი?
ჩემი სახლი არის “Pet Friendly” და მყუდრო.
ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე