დღევანდელ სტატიაში ანა ციციშვილის და თენგო ალავერდაშვილის ინტერიერს გაგაცნობთ, რომელიც წყვილმა თავად მოაწყო და გაბედული დიზაინ გადაწყვეტების შედეგად, ავთენტური, სახასიათო და გამორჩეული საცხოვრისი შექმნა.
ანა პროფესიით ფსიქოლოგია, მისი მეუღლე – თენგო კი არქიტექტორი. მიუხედავად იმისა, რომ ანას წარსულში ინტერიერთან არაფერი აკავშირებდა, ამ სფერომ ძალიან გაიტაცა და სახლის პროექტიც მეუღლესთან ერთად, საკუთარი ხელებით, დამოუკიდებლად განახორციელა.
ბინა ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩაზე მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 55 მ2-ია. აღსანიშნავია, რომ სახლი თენგო ალავერდაშვილს მემკვიდრეობით ერგო და ის თავდაპირველად ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. ამიტომ, გარდა სარემონტო სამუშაოებისა, სივრცე სამშენებლო და სარესტავრაციო პროცედურას საჭიროებდა და თამამ გადაწყვეტილებებს მოითხოვდა.
„სახლი ჩემს ქმარს მემკვიდრეობით ერგო და ის თავდაპირველად მხოლოდ ორი ოთახისგან შედგებოდა. მას არც სველი წერტილი ჰქონდა და არც სამზარეულო. ბინის ეს ნაწილები თავიდან ავაშენეთ. მიუხედავად იმისა, რომ დასაწყისში, ერთი შეხედვით, სივრცე ძალიან გასარემონტებელი, უინტერესო და უსახური იყო, ჩემთვის მაინც დიდ შთაგონების წყაროდ იქცა — მაღალი ჭერი, ნახევრად დაშლილი გაჯის კედლების მიღმა ძველი ქართული აგური, ძველი ხის დარაბები, ხის იატაკი და დიდი ხის კარები. ამიტომ გადავწყვიტეთ, ეს ყველაფერი შეგვენარჩუნებინა. სულ ვამბობთ, რომ ეს არ იყო უბრალოდ რემონტი, ეს იყო მშენებლობა, გამაგრება და რესტავრაცია. სიძველის და სპეციფიკურობის გამო, პროცესი იმდენად რთული აღმოჩნდა, რომ, ფაქტობრივად, ყველა ახალ დავალებას სპეციალური გადაწყვეტილება და მსჯელობა სჭირდებოდა. მაგალითად, სამზარეულო და სააბაზანო შემაღლებულ, სპეციალურ რკინის კონსტრუქციაზე გაკეთდა, რათა შიგნით გაყვანილობას გაევლო და სახლის ხის კოჭებსა და მზიდ კედლებზე ზედმეტი დატვირთვა თანაბრად გადანაწილებულიყო. ყველა ასეთი რთული გადაწყვეტილების და მეთოდის მოფიქრება კი თენგოს დამსახურებაა”, — აღნიშნავს ანა ციციშვილი.
რემონტის პროცესში ყველაზე რთული აგურის კედლების დამუშავება გახდა, რომელსაც ხელოსნები ვერ გაუმკლავდნენ. თუმცა, დანებების ნაცვლად, წყვილმა რამდენიმე კვირა იმუშავა საკუთარი ხელებით, რათა აგური სათითაოდ გაესუფთავებინა და ის თანაბრად გამოეჩინა ინტერიერში. ჩვენი რესპონდენტის თქმით, ასეთივე რთული იყო ძველი დარაბებიდან საღებავის მოცილება და მათ ნახევრადგაცვეთილ მდგომარეობამდე მიყვანა, თუმცა დღეს ეს ორი რამ საცხოვრებლის მთავარი ნიშა და სახასიათო ელემენტია.
„მიუხედავად იმისა, რომ ამ პროცესში უამრავი სირთულე და რემონტისთვის დამახასიათებელი ემოციური პრობლემები გადავიტანეთ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე შემოქმედებითი და საინტერესო პერიოდი იყო და კვლავ სიამოვნებით გავიმეორებდი. წარმოიდგინეთ, საძინებელში კედლის დამუშავებისას, კედლის თეთრი საფარის მიღმა, მოულოდნელად ძველი მოხატული კედელი აღმოვაჩინეთ. არასოდეს დამავიწყდება ის აღფრთოვანება, რაც მაშინ დამეუფლა, მეგონა არქეოლოგიური გათხრები ჩავატარე. საბოლოოდ, ეს ნახატიც ნაწილობრივ გამოვაჩინეთ საძინებელში და მას სულ სხვა ეშხი და ორიგინალურობა შევძინეთ”, — ამბობს ანა.
იმის გამო, რომ ბინა თავიდანვე სამოგზაუროდ ან დასასვენებლად ჩამოსული სტუმრებისთვის იყო გათვალისწინებული, მაქსიმალურად მყუდრო, სასიამოვნო ინტერიერი მოეწყო, რომელიც სილამაზესთან ერთად, განსაკუთრებული ატმოსფეროთი, სიძველისა და თანამედროვეობის სინთეზით და ავთენტურობით ხასიათდება.
კიდევ ერთი თამამი ნაბიჯი სივრცეში მეორადი, ხელნაკეთი ნივთების გამოყენება აღმოჩნდა, რომელმაც ბინას ინდივიდუალიზმი შემატა და ის მეტად „სახლური” გახადა.
მაგალითად, რემონტის დროს გამოყენებული ძველი სამუშაო ხის მაგიდის ფეხებისა და უჯრის დეტალებისგან წყვილმა სამზარეულოს ნიჟარა დაამზადა, ხოლო მაგიდის ზედაპირისგან – ყავის მაგიდა. ასევე, სამზარეულოში ძველი გაზქურა მოზაიკით მოპირკეთდა და შიგნით ინდუქციური ქურა ჩამონტაჟდა. ამავე ძველი გაზქურისგან მეპატრონეებმა კედლის სანათები გააკეთეს. ჭურჭელი და დეკორაციები კი სხვადასხვა მეორადი მაღაზიიდან შეაგროვეს.
მისაღებ ოთახს, რომელშიც მოსასვენებელ კუთხესთან ერთად სასადილო ზონაცაა მოწყობილი, საოცრად უხდება აგურის კედლები, ძველებური ხის მწვანე იატაკი და ვინტაჟური ავეჯი, რომელსაც გამწვანება და დეკორატიული ობიექტები ალამაზებს. სივრცეს ასევე ამშვენებს ანას დედის ხელით დაწნული კალათები და თენგოს მშობლების ნაქონი ნივთები თუ წიგნები, რაც სასიამოვნო და მყუდრო ატმოსფეროს განაპირობებს.
საძინებელი ერთ-ერთი გამორჩეული ზონაა, რომელშიც არქაული ესთეტიკა და ინდივიდუალური სტილი ასევე შენარჩუნებულია. ხის იატაკი, გაჯით დამუშავებული ძველი კედლები, მასიური საწოლი და კონტრასტული ლურჯი ტექსტილი საოცარ მიმზიდველობას და ავთენტურობას სძენს სივრცეს. ამას გარდა, ოთახი ფუნქციონალურობითაც ხასიათდება და აქ საძილე ზონასთან ერთად, სამუშაო და საგარდერობე კუთხეცაა მოწყობილი.
სააბაზანო ოთახი საკმაოდ ნათელი და ფერადია. დიდი ვიტრაჟი ბუნებრივი სინათლის წყაროს ქმნის, ხოლო კონტრასტული ფერები სივრცეს აცოცხლებს და ალამაზებს.
ანა ციციშვილის და თენგო ალავერდაშვილის სახლი ძველ, ისტორიულ გარემოში ახალ სიცოცხლეს იძენს და სწორი, თანმიმდევრული სარემონტო თუ სარესტავრაციო სამუშაოების შედეგად, ავთენტურობას და ინდივიდუალურობას ინარჩუნებს. ხელნაკეთი ნივთები და საინტერესო ელემენტები ბინას გამორჩეულ სახეს ანიჭებს და მყუდრო, სახასიათო ინტერიერს ქმნის.
„პროექტის დასრულების შემდეგ ორივე დავრწმუნდით, რომ თუ სახლი ძველია და ბზარებსა და ხარვეზებში საკუთარი ისტორიის მატარებელია, მისი შენარჩუნება და ახალ ნივთებთან ან დიზაინთან შეხამება ყველაზე საინტერესო ეფექტს იძლევა. ვფიქრობ, ეს არის სახლი, რომელიც დაბერდა და უჩინარი გახდა, მაგრამ როგორც კი მასში ჩვენი დრო, ენერგია და რესურსი ჩავდეთ, მაშინვე ახალი, უფრო საინტერესო სიცოცხლე შეიძინა”, — ამბობს ანა ციციშვილი.
“იცხოვრე შენი ცხოვრებით” სათქმელად უფრო ადვილი, გასაბედად კი რთულია. ხშირად გაბედვა უნდა ერთი შეხედვით მარტივ საკითხებს, მაგალითად, სახლის საკუთარი გემოვნების მიხედვით მოწყობას. m2-ის კამპანია “გაბედე” სწორედ ამ საკითხზე გვაფიქრებს და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ყველაფერი საინტერესო გაბედვით იწყება.
გაბედე, იცხოვრე შენი ცხოვრებით!
რუბრიკა „გაბედეს“ წარმდგენია m2