in

რესტავრირებული ბინა ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩაზე – ანა ტალახაძის ნამუშევარი

ბინა, რომლის შესახებაც დღეს გიამბობთ, მთაწმინდის რაიონში, ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩაზე მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 160 კვადრატულ მეტრს შეადგენს. პროექტზე დამწყებმა დიზაინერმა ანა ტალახაძემ იმუშავა.

“პროექტის მთავარი მიზანი იყო, რომ შეგვექმნა კომფორტული საცხოვრებელი სივრცე თანამედროვე ოჯახისთვის და დაგვებრუნებინა ავთენტური სახე ამ გამორჩეული, ძველი თბილისური ბინისთვის,” – ანა ტალახაძე

დასახული მიზნის მისაღწევად პროექტის ავტორმა რამდენიმე გეგმარებითი ცვლილება განახორციელა, რაც გულისხმობდა კომფორტული შესასვლელის მოწყობას, ნათელი სივრცეების შექმნას, შედარებით ბნელ წერტილებში სათავსო ზონების ან სველი წერტილების დაგეგმარებას და 3 საძინებლისა და 3 აბაზანის დაპროექტებას.

შენობა XIX საუკუნეშია აგებული, შესაბამისად, პროექტზე მუშაობის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას კონსტრუქციული ნაწილის გამაგრებითი სამუშაოები წარმოადგენდა, რასაც საბოლოო ჯამში, გუნდმა საკმაოდ კარგად გაართვა თავი.

როგორც ანა ტალახაძე იხსენებს, ბინაში მოხვედრის პირველივე წამიდან მას გაუჩნდა შეგრძნება, რომ ობიექტზე საგულდაგულოდ ამოშენებული თაბაშირმუყაოს კედლებს მიღმა საინტერესო ისტორიული დეტალები იმალებოდა, რაც ბინის მეპატრონეებისთვის შესაძლებელს გახდიდა, იმ XIX საუკუნის დროინდელ გარემოში აღმოჩენილიყვნენ.

“ეს ეჭვი კიდევ უფრო გამიმყარა ინფორმაციამ, რომელიც მოგვიანებით შევიტყვე: თურმე, XIX საუკუნის პირველ ნახევარში, ამ შენობაში კავკასიის მუზეუმის ეთნოგრაფიის განყოფილებას რაფიელ ერისთავი ხელმძღვანელობდა. ამ ამბის გაგების შემდეგაც უკვე დავრწმუნდი, რომ ბინაში ხელოვნების რაიმე კვალს აუცილებლად მივაგნებდით,” – ანა ტალახაძე

იმისთვის, რომ ჩატარებულიყო სივრცის სრულფასოვანი ანალიზი, თავდაპირველ ეტაპზე საჭირო გახდა პროექტის სრული დემონტაჟი და იმ რამდენიმე ფენა საბჭოთა თუ ე.წ. “ევრო-რემონტის” კვალის წაშლა, რაც ბინაში არსებობდა. საფუძვლიანი სამუშაოების შედეგად, სივრცეში მართლაც აღმოჩნდა ისეთი დეტალები, რომლებმაც მნიშვნელოვნად განსაზღვრა დიზაინის გადაწყვეტილებები. მაგალითად, გაცვეთილი ლინოლეუმის საფარის ქვეშ დამალული მუხის პარკეტი. ასევე ამოქოლილი ფანჯრები, რომელთაც პირვანდელი სახე დაუბრუნდა, ხოლო მრავალჯერ გადაღებილ შუშაბანდის ფანჯრებს რესტავრაცია ჩაუტარდა, რის შედეგადაც აღდგენილ იქნა მათი ხის ფაქტურა.

თუმცა, პროექტის მთავარი ხიბლი და ყველაზე ძვირფასი დეტალი მისაღებ ოთახში იმალებოდა. სწორედ ამ სივრცის კედლებსა და ჭერზე აღმოჩნდა უმშვენიერესი ლურჯი მხატვრობა, რომლის აღდგენაზე რესტავრატორებმა – ლელა ნინოშვილმა და დავით გაგოშიძემ იმუშავეს.

ამ შტრიხმა ბინას ისეთი განსაკუთრებული ხასიათი შესძინა, რაც ვერანაირი უძვირფასესი სარემონტო მასალით ვერ შეიქმნებოდა. კედლებზე გამოსახული ლურჯი ტალღები თითქოს დროში გვამოგზაურებს ჭერის ოთხ კუთხეში გამოსახული ოთხი სეზონის პეიზაჟებს შორის,” – ანა ტალახაძე

აღსანიშნავია, რომ ინტერიერში არსებული ხის ავეჯი და სანათები სათითაოდ შეირჩა თბილისის სხვადასხვა ანტიკვარულ და ვინტაჟურ მაღაზიებში, შემდეგ კი ჩაუტარდა აღდგენითი სამუშაოები, რომ თითოეული ნივთის მასალა და ხასიათი საუკეთესო ფორმით წარმოჩენილიყო.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ბინაში არსებული ფარდები, რომლებიც საჭიროების მიხედვით ასრულებს ფუნქციას: ფერებით და დეტალებით დატვირთულ ოთახებს სიმსუბუქეს მატებს, ხოლო იქ, სადაც უფრო მარტივი და მშვიდი სივრცეა, თეატრალურობა და ერთგვარი დრამა შემოაქვს.

“ზოგადად, თბილისის ასეთ ბინებში ძალიან ბუნებრივ და ამასთანავე საცხოვრებლად პრაქტიკულ მიდგომად მიმაჩნია ძველისა და ახლის შერწყმა. ერთი რომელიმე ეპოქის ან დიზაინის სტილით შემოფარგვლაზე მეტად ეკლექტიკა მიზიდავს. მიყვარს ნივთების შეგროვება თბილისის ვინტაჟურ მაღაზიებში თუ ქუჩაში გამართულ ძველმანების ბაზრობებზე. გარეთ გამოტანილ ანტიკვარიატს გულგრილად საზღვარგარეთ მოგზაურობისასაც ვერასდროს ჩავუვლი ხოლმე.

სილამაზესთან და საინტერესო ხასიათთან ერთად, ამ ყველაფერს საკმაოდ პრაქტიკული დატვირთვაც აქვს – ბინაში ახალი ნივთების დამატება უფრო მარტივია, როდესაც სივრცეში რამდენიმე სხვადასხვა სტილი გაქვს შერეული. ჩემი გამოცდილებით, გარდა ესთეტიკური მიმზიდველობისა, ეკლექტიკა ადამიანში ნოსტალგიის შეგრძნებასაც აღძრავს,” – ანა ტალახაძე

პროექტის ავტორი: ანა ტალახაძე

რესტავრატორთა გუნდი: ლელა ნინოშვილი და დავით გაგოშიძე

ფოტოგრაფი: ნატალია რომანოვსკაია

აბაზანა, როგორც მისაღები ოთახი – რამდენიმე პროექტი შთაგონებისთვის