შენობა, სადაც ბინა ‘იაშვილი’ მდებარეობს, XX საუკუნის დასაწყისში აშენდა სოლოლაკში და საფრანგეთის საკონსულოს ეკუთვნოდა. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლად გადაკეთდა, თუმცა ფასადს თავდაპირველი იერსახე შეუნარჩუნდა, შენობის ცვლილება მხოლოდ შიდა სივრცეების დანაწევრებით შემოიფარგლა.
შთაგონებული XX საუკუნის დასაწყისის თბილისით, ბინა ‘იაშვილი’ ამ საუკუნოვანი შენობის ხასიათის თანამედროვე გაგრძელებაა. იგი ეხმიანება ნაგებობის ესთეტიკას და ახალ ინტერიერს თანამედროვე ცხოვრების კომფორტთან აკავშირებს. ავთენტიკური, მცენარეული ელემენტებით შემკობილი აივნებიდან ხედი იშლება მთაწმინდაზე, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს თბილისის ამ ისტორიული უბნის ხასიათს.
სარემონტო პროცესი სხვადასხვა პერიოდში მოწყობილი ტიხრების დემონტაჟით დაიწყო, რის შედეგადაც ბინის გეგმა მაქსიმალურად დაუბრუნდა პირვანდელ იერსახეს. ერთ სივრცეში დაგეგმარდა სამზარეულო, სასადილო და მისაღები, რაც ეფუძნება გახსნილი სივრცის იდეას, სადაც რამდენიმე აქტივობა ერთდროულად მიმდინარეობს და ქმნის საერთო გამოცდილების შესაძლებლობას. სამუშაოების დროს მთავარი ყურადღება ავთენტიკური დეტალების რესტავრაციას დაეთმო. მთლიანად შენარჩუნდა და პირვანდელ იერსახეს დაუბრუნდა დარაბები. თავდაპირველი სახითვე აღდგა საძინებლის არსებული კარი და თაბაშირის დეკორატიული ლავგარდანები ჭერზე, რომლებიც მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული, ზოგ მონაკვეთში კი მთლიანად მორღვეულიც.
ინტერიერის მთავარი ფერი თეთრია, რაც ამ მაღალჭერიანი ბინის უხვ ნათელს კიდევ უფრო ამძაფრებს. ისეთი აუცილებელი ავეჯი, როგორიცაა სამზარეულო და გარდერობები, მთლიანად ინტეგრირებულია კედლებთან, რამაც შეზღუდა ზედმეტი ზედაპირების წარმოქმნა ინტერიერში. თეთრ ფერთან კონტრასტს მუხის იატაკი ქმნის, რაც მშვიდი ფონია შერჩეული ავეჯისა და დეკორატიული ნივთებისთვის.
მთავარი საძინებელი და მისი სააბაზანო ერთადერთია ბინაში, რაც თეთრი ფერის არაა. რესტავრაციის პროცესში გამოჩენილმა შპალერის ფერმა და ტექსტურამ თავისთავად შექმნა იდეა, რასაც შემდგომში დაეყრდნო ოთახის დიზაინი. კერძოდ, კედლების ნარინჯისფერი, გაცრეცილი ტექსტურა დაბალანსდა House of Hackney-ს შპალერით, რომლითაც სააბაზანოსთან გამყოფი კედელი დაიფარა. ეს კედელი ისეა მოწყობილი, რომ მასში გაჭრილი სააბაზანოსა და გარდერობის კარების კონტური თითქმის არ აღიქმება, რამაც ოთახის სივრცული ერთიანობა უზრუნველყო. საძინებლის ფერთა გამას მისი სააბაზანოს ინტერიერიც იმეორებს, რომელიც ასევე ნარინჯისფერ და შავ ფერებშია გადაწყვეტილი.
ინტერიერში გამოყენებულია ნანა ზაალიშვილის საავტორო ავეჯი: მაგიდა ‘ელემენტი’ და
ჟურნალების მაგიდა ‘ფიალა’ საერთო ოთახში; მაგიდა -‘წვეთი’ მთავარ საძინებელში და კედლის სანათი ‘დალ’ სტუმრის საძინებელში.
პროექტის ავტორი: იდააფ არქიტექტორები
მდებარეობა: პაოლო იაშვილის ქ., თბილისი
ფართობი: 85 მ2
წელი: 2019-2021
ტექსტი: იდააფ არქიტექტორები
ფოტოგრაფი: გურამ კაპანაძე