დღევანდელ სტატიაში ახალგაზრდა წყვილის, მარიამ გაბუნიასა და ბექა მაჭარაშვილის სახლის ინტერიერზე მოგიყვებით, რომელიც ალექსანდრე იოსელიანის ქუჩაზე მდებარეობს. მისი საერთო ფართობი 117 მ2-ია (აქედან 9 მ2 აივანს შეადგენს).
მარიამი სოციალურ მეცნიერებათა დოქტორია, თუმცა 11 წელზე მეტია, პროგრამისტებთან ერთად პროექტისა და პროდუქტის მენეჯერად მუშაობს. ამჟამად საერთაშორისო კომპანიაში (EPAM) წამყვანი ბიზნესანალიტიკოსია. ბექა ფინანსისტია და ბანკში მუშაობს. წყვილმა ერთმანეთი 2017 წელს გაიცნო და მათ 3 წლის შვილი, ნინა ჰყავთ.
როგორც ჩვენი რესპონდენტები გვიყვებიან, ინტერიერის დიზაინთან პირველი შეხება 2018 წელს ჰქონდათ, როდესაც 70 მ2 ფართობის მქონე ბინა შავი კარკასის მდგომარეობაში შეიძინეს, შემდეგ კი ყველაფერი თავად დაგეგმეს და მოაწყვეს. იოსელიანის ქუჩაზე მდებარე ბინა ორი წლის წინ შემთხვევით, ბაკურიანში დასვენებისას აღმოაჩინეს. სამშენებლო კომპანიის შეთავაზება მათთვის საინტერესო აღმოჩნდა, ამიტომაც ის მალევე შეიძინეს.
„გაგვიმართლა და მალევე, ოჯახის წევრების დახმარებით, ბინა შევიძინეთ. გული დაგვწყდა, ძველი სახლის გაყიდვა რომ მოგვიწია, თუმცა, ის ფაქტი, რომ ასეთი მშვენიერი, ვიტრაჟიანი ბინის ყიდვა შევძელით, რომელიც თავად უნდა გაგვერემონტებინა, საოცარ მოტივაციას გვაძლევდა. ადგილმდებარეობამაც მოგვხიბლა — სახლი ცენტრთან ახლოს მდებარეობს, თუმცა, ძალიან მშვიდია. მისი უპირატესობა ისიცაა, რომ კორპუსი 5-სართულიანია, მე-3 სართულიდან კი მთაწმინდა მოჩანს. ღამით აივნიდან განსაკუთრებით ლამაზი პეიზაჟი იშლება“, — აღნიშნავს მარიამ გაბუნია.
როგორც ჩვენი რესპონდენტი გვიყვება, რადგან სივრცე ჯერ გადატიხრული არ იყო, გეგმარება და ინტერიერის დიზაინიც თავად ახალმა მობინადრეებმა შეიმუშავეს.
„სამშენებლომ სახლი ე.წ. “თეთრი კარკასის” მდგომარეობაში ჩაგვაბარა. გეგმარება გადავაკეთეთ, რადგან მინდოდა, სამზარეულო გამომეყო. ამასთანავე, აუცილებელი იყო სამი საძინებლის განთავსებაც. მიუხედავად იმისა, რომ საგარდერობო ოთახის მოწყობასაც ვაპირებდი, ვამჯობინეთ, ორი სველი წერტილი და სათავსოები გაგვეკეთებინა, რომლებმაც გარდერობის ფუნქციაც შეითავსა. შესასვლელი საკმაოდ დიდი და გრძელი გამოვიდა, თუმცა, აქაც ვიპოვეთ გამოსავალი და კარადები დავდგით, რომლებიც საკმაოდ ფუნქციურია და დეკორის როლსაც ასრულებს“, — გვიამბობს მარიამი.
მაცხოვრებლებს პროფესიონალი დიზაინერის დახმარება არ დასჭირვებიათ, ყველაფერს თავად გაუმკლავდნენ. ყველა დეტალს ათანხმებდნენ — ფერებს, ავეჯს, განლაგებას, დიზაინს და ოცნების სახლს საკუთარი იდეებით ქმნიდნენ
ინტერიერი მარიამის საყვარელი ფერებში – მწვანესა და ყვითელშია გადაწყვეტილი. ეს ფერები ავეჯსა თუ აქსესუარებზე, სახლის ყველა ნაწილში გვხვდება. მისაღები ფერადოვნებითა და მყუდროებით გამოირჩევა. სამზარეულო მყუდრო, კომფორტულ და საინტერესო სივრცეს ქმნის. დომინანტური მწვანე ფერი და ვიტრაჟები ამ ზონის განსაკუთრებულ იერსახეს უსვამს ხაზს. სააბაზანოში ცისფერ აქცენტებს ვხვდებით, რომლებსაც ინტერიერში ხალისიანი განწყობა შეაქვს.
მარიამმა შვილის სურვილები გაითვალისწინა და მისი საძინებელი გოგონას გემოვნებით მოაწყო. ნინას საყვარელი პერსონაჟი – თოვლის გუნდა და იისფერი ტონი ოთახს ზღაპრულ ადგილად აქცევს. მეორე საძინებელი კი, რომელსაც ამჟამად კაბინეტის ფუნქცია აქვს, მომავალი შვილისთვის გაითვალისწინეს.
ინტერიერში განსაკუთრებულ ადგილს ხელნაკეთი სანათი იკავებს, რომელიც მარიამმა ოჯახის შექმნის შემდეგ დედის მეგობრისგან საჩუქრად მიიღო. ახლა ის მისაღებს ამშვენებს. გამორჩეული ნივთია ბექასთვის სიყვარულის დღეს ნაჩუქარი ჟანრი ლოლაშვილის ულამაზესი ნახატიც, რომელიც მისაღებს უფრო მყუდროსა და მიმზიდველს ხდის.
„სახლში ბევრი გამორჩეული და საყვარელი ნივთი გვაქვს. მე და ჩემს მეუღლეს ორიგინალური საჩუქრების გაცვლა გვიყვარს. მაგალითად, ახალ წელს ოჯახის კარიკატურა ვაჩუქე, მან კი დაბადების დღეზე – „ფლიპ შოპის“ მიერ შესრულებული ჩვენი პორტრეტი. ნინას საყვარელი სათამაშო „პაჭუ“ იყო – თოჯინა რეალური სახით, cabbage patch kids-ის სერიიდან. მას შემდეგ თოჯინების შეგროვებამ გაგვიტაცა და ახლა 40-მდე სახეობა გვაქვს. ისინი ინტერიერში დეკორის ფუნქციას ასრულებს“, — გვიყვება მარიამი.
ახალგაზრდა ოჯახის სახლი სიმყუდროვით, სასიამოვნო განწყობითა და თბილი ინტერიერით ხასიათდება, რომელშიც სიყვარული და სიმშვიდე იგრძნობა. თითოეული ნივთი გულდასმითაა შერჩეული და განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. სახლი ოჯახის თითოეული წევრისთვის ჯადოსნური ადგილია.
„ვფიქრობ, სახლი ზუსტად ისეთია, როგორიც წარმომედგინა. ჩემი შვილის ოთახიც ისეთი გამოვიდა, როგორზეც ოცნებობდა. საწოლიც კი ერთად შევარჩიეთ — „პრინცესული“, იასამნისფერი დეტალებითა და სათამაშოების შესანახი უჯრებით. ასევე, თაროები და წიგნები, რომლებსაც ყოველ ღამე საგულდაგულოდ არჩევს. მახარებს ის ფაქტი, რომ ყველა სტუმარი აღნიშნავს, როგორი თბილი აურაა სახლში და როგორი სიყვარულითაა შექმნილი თითოეული დეტალი. მათ შერჩევასა და განლაგებაზე მართლაც ბევრი ვიფიქრეთ, რის გამოც ისინი განსაკუთრებულად ძვირფასია ჩვენთვის“, — ამბობს მარიამ გაბუნია.
სარემონტო ჯგუფი: „მწვანე ფერი“
ავეჯი: „ოლდ ლამი“
ფილები: „კაფელის სახლი“
შპალერი: „Rasch“
საღებავი: „კაპაროლი“
ჟალუზი: „ვერტისოლი“
რუბრიკის წარმდგენია თიბისი ბიზნესისთვის