თამა კალანდიას პროექტი, რომელიც იოსელიანის ქუჩაზე მდებარეობს, 58 მ2-ს შეადგენს, აივნის ფართობი კი 4 მ2-ია. საპროექტო დავალება გულისხმობდა მყუდრო და თბილი ბინის შექმნას, რომელიც ამავდროულად, დახვეწილი და ელეგანტურიც იქნებოდა.
თავდაპირველად ბინა ორ პატარა საძინებელს, სტუდიოს და პატარა ზომის აბაზანას მოიცავდა. პროექტის ავტორის გეგმარებითი გადაწყვეტილების შედეგად კი ორი საძინებელი ერთ საშუალო ზომის ოთახად იქცა, სადაც საგარდერობო სივრცეც დაპროექტდა, რომელიც შუშის ტიხრით გაიმიჯნა, რათა საძინებელი არ შემცირებულიყო და ოთახს მთლიანობა შეენარჩუნებინა. ასევე, გრძელი დერეფნის ხარჯზე გაიზარდა სააბაზანო ოთახიც, სადაც თავისუფლად მოთავსდა აბაზანა და საკმაოდ კომფორტული ზონა მოეწყო.
პროექტში ჭარბობს ბუნებრივი მასალები და ღია ფერები. იატაკზე ღია ფერის პარკეტია დაგებული, ავეჯი კი შპონირებული MDF-ისა და ტილოსგანაა დამზადებული. ფარდებად, ასევე, ნატურალური ტილოა გამოყენებული. სახლის მომხიბვლელობასა და სილამაზეს მცენარეები, ჭილოფის სკამები და უხვი სინათლეც განსაზღვრავს.
შემოსასვლელ სივრცეს ხის მოხდენილი კონსოლი ამშვენებს, რომელიც მრგვალი ფორმის სარკით, მცენარითა და მუსიკალური აპარატითაა გაფორმებული.
გაერთიანებულ მისაღებსა და სამზარეულოში კედლებზე კრემისფერი, ტილოს ეფექტის მქონე შპალერია გაკრული, ასევე ვხვდებით მოლდინგებსაც, რომლებიც ღია ფერის პარკეტს ჰარმონიულად ერწყმის. უხვი განათების წერტილები და მცენარეები კი ბინას აცოცხლებს და ენერგიით ავსებს.
განათებაზე განსაკუთრებული ყურადღება მახვილდება. როგორც ჭაღები, ისე სანათები და ჭერის წერტილოვანი განათება სივრცეს ნათელსა და ეფექტურს ხდის. ამასთანვე, თითოეულ ზონას გამოკვეთს და მის მიმზიდველობას უსვამს ხაზს.
მისაღებში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს შავი ჭაღი და შავ-თეთრი სავარძლები, რომლებიც დიზაინერის გადაწყვეტილებით განახლდა და ახალი სიცოცხლე შეიძინა. რბილი ავეჯი და პატარა მრგვალი მაგიდა სასიამოვნო და მყუდრო დასასვენებელ კუთხეს ქმნის და ბინას თბილი ატმოსფეროთი ავსებს.
სამზარეულო მთლიანად ღია ფერის ხის ფაქტურითაა მოპირკეთებული, რომელშიც თეთრი აქცენტები განსაკუთრებულ ეფექტს ქმნის. პატარა სასადილო მაგიდა და ჭილოფის სკამები კი ოთახის მიმზიდველობასა და ორიგინალურ იერსახეს განსაზღვრავს. ბინა მცენარეებით, აქსესუარებითა და ნახატებითაა გაფორმებული.
საძინებელში ინტერიერის წამყვანი კრემისფერი და სადა დიზაინი ნარჩუნდება. ღია ხისფერი ტონალობა ამ ზონაშიც გემოვნებიანად ერწყმის სახლის ესთეტიკას და სასიამოვნო გარემოს ქმნის. ბუნებრივი გამწვანება და განათება სივრცის ხასიათს გამოკვეთს და მას პოზიტიურ განწყობას სძენს. შუშის ტიხარსა და საგარდერობო ზონას ინდივიდუალური შტრიხები შეაქვს ოთახში და ფუნქციურთან ერთად, დეკორატიულ როლსაც ითავსებს.
აბაზანა ღია ტონებით ხასიათდება, რომელშიც ოქროსფერი და ხისფერი დეტალები იკვეთება. ელეგანტურ ინტერიერში მყუდრო, ინტიმური გარემო იქმნება და სასიამოვნო განწყობა იგრძნობა.
თამა კალანდიას ნამუშევარი საკმაოდ თბილი და სასიამოვნო სივრცეა, რომელიც მაცხოვრებელს თავს ჰარმონიულად აგრძნობინებს და დასვენებისთვის იდეალურ პირობებს სთავაზობს. ღია ფერები, ბუნებრივი მასალები, უხვი განათება და გამწვანება ბინას საოცარ მოხდენილობას სძენს და მყდრო საცხოვრებელ გარემოს ქმნის.
პროექტის ავტორი: თამა კალანდია
ინტერიერის დიზაინის სტუდია: nookstudio
გამოყენებული მასალები:
სამზარეულოს ავეჯი: „ოპ-არტი“
აბაზანის ფილები: „ზოდი“
შემრევები: „ზოდი“
კედლის მოპირკეთება: „ნიუ დიზაინი“
განათება: „Medusa Architecture & Design“
ავეჯი: „კავე“