დღეს ანო მაისაძის სახლზე გიამბობთ, რომელიც თბილისში, ალექსანდრე იოსელიანის ქუჩაზე მდებარეობს. მისი საერთო ფართობი 95 კვადრატული მეტრს შეადგენს, მათგან 85 კვ/მ საცხოვრებელი, ხოლო 10 კვ/მ – საზაფხულო ფართია.
ჩვენს რესპონდენტს ინტერიერის დიზაინთან შეხება არასდროს ჰქონია, პროფესიული განათლებაც სრულიად სხვა კუთხით აქვს მიღებული, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ სამსახურში დროის დიდ ნაწილს ატარებს, მის შემოქმედებითობაზე სამუშაო გარემო დიდ გავლენას ახდენს. სწორედ რამდენიმე წლის წინ, სასტუმრო “რადისონ ქოლექშენში” ერთ-ერთ ღონისძიებაზე ორგანიზატორად მუშაობისას, ანო პირველად გაეცნო ინგო მაურერის შემოქმედებას და აღფრთოვანდა დიზაინერის მსუბუქი, ქაღალდის ფაქტურის სანათებით. შემდგომ პერიოდში ბევრ გემოვნებიან და კრეატიულ ადამიანთან მოუწია მუშაობა და ამ პროცესმა საინტერესო იდეების გაჩენასთან ერთად, გარკვეულწილად, ინტერიერის დიზაინთანაც დააახლოვა.
„ვამაყობ, რომ დღესდღეობით საქართველოს არქიტექტურის ისტორიაში ერთ-ერთ წარმატებულ პროექტში, “აქსის თაუერსში” ვმუშაობ. შენობის ვიზუალის რამდენიმე მახასიათებელი, როგორებიცაა: თეთრისა და შავის კონტრასტი, მინიმალიზმი და სიმეტრიულობა, ჩვენს სახლშიც გავიმეორე. მუდმივად ახლის ძიებაში ვარ, მიყვარს, როდესაც ბინაში ნივთებს საკუთარი ისტორია აქვთ. დღეს ვიწყებთ ამ ისტორიის მოყოლას, რომელიც, იმედი მაქვს, ხშირად განახლდება და დიდხანს გაგრძელდება“.
საცხოვრებლის მთავარი ხიბლი მისი ლოკაციაა. იგი ქალაქის ცენტრში, პატარა, მშვიდ ქუჩაზე, სამ-ოთხ სართულიან კორპუსებსა და კერძო სახლებს შორის მდებარეობს. შენობა წყნეთის ხეობას გადაჰყურებს.
„ერთ დღეს მე და ჩემი მეუღლე წყნეთში მივდიოდით. მახსოვს, ხეობის მეორე მხარეს დავინახე ჩამწკრივებული სახლები და ხმამაღლა ვთქვი: “რა კარგი ადგილია, დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი აქ.” ოთხი თვის შემდეგ კი ზუსტად ამ ადგილას შევიძინეთ ბინა, რომელიც პირველივე ნახვით შემიყვარდა, რადგან ის ჩემთვის იდეალური სახლის კონტურებს ქმნიდა“,- გვიამბობს ანო.
ახალმა მობინადრეებმა ბინა ე.წ. შავი კარკასის მდგომარეობაში შეიძინეს, შესაბამისად, ის მთლიანად მათ მოთხოვნებსა და საჭიროებებს მოარგეს, რაშიც მეგობარი არქიტექტორები დაეხმარნენ. სახლის თეთრ კარკასამდე მისვლის შემდგომ პროცესი ნახევარი წლით შეჩერდა, ამ დროის განმავლობაში კი ანოს საშუალება ჰქონდა, დაემუშავებინა იდეები, ენახა ბაზარზე არსებული მასალები და შემდეგი ეტაპისთვის მომზადებულიყო. ჩვენს რესპონდენტს იმაშიც გაუმართლა, რომ მამა 13 წელია, რაც სარემონტო ბიზნესში მოღვაწეობს, ამიტომ მისი გუნდის დამსახურებით, ძალიან მარტივად და კომფორტულად წარიმართა სარემონტო სამუშაოები.
ბინის თავდაპირველი გეგმარება სტუდიოს სტილს გულისხმობდა, რაც მიუღებელი აღმოჩნდა სახლის მფლობელებისთვის. სწორედ ამიტომ, სივრცეში გამოიყო სამზარეულო და მისაღები ოთახი, სველი წერტილი კი დაემატა.
იმის გამო, რომ ოჯახის წევრები უმეტესად დროს სახლის სწორედ ამ ნაწილში ატარებენ, სამზარეულო და მისაღები ჩრდილოეთით, მზიან მხარეს განთავსდა. სათავსოებისთვის გაკეთდა სპეციალური ჩაშენებული კარადა, რომელიც შემდგომ სარკით შეიფუთა.
ანომ საკუთარი ბინის დიზაინი თავად, პროფესიონალის დახმარების გარეშე შექმნა. მას სრული თავისუფლება და მხარდაჭერა ჰქონდა მეუღლისგან. რადგანაც ერთმანეთის მოთხოვნები წინასწარ იცოდნენ, ყველა დეტალი საკუთარ საჭიროებებს მოარგეს. ცოლ-ქმარს არ სურდა ჭრელი და გადატვირთული სივრცე, ამიტომ ძირითად ფერებად თავიდანვე შავ-თეთრი ტონალობა შეირჩა. სიცივის ეფექტის თავიდან ასარიდებლად ნატურალური მუხის ფერი ინტეგრირდა იატაკის სახით. თბილი განათების წყალობით სივრცემ სიმყუდროვე შეიძინა. ცოცხალი და ხალისიანი ატმოსფერო კი ფერადი დეკორატიული ელემენტებითა და აქცენტირებული ავეჯით შეიქმნა.
„მივხვდი, რომ ჩემთვის ყველაზე რთული ესთეტიკისა და პრაქტიკულობის თანხვედრა იყო. ეს ორი ძირითადად ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა. ამ კუთხით, ვფიქრობ, კარგად ვიმუშავე, რადგან გადაწყვეტილების მიღებამდე ინფორმაციის მოკვლევას ვაკეთებდი და ყველა ალტერნატიულ გზას ვეძებდი, რომელსაც აუცილებლად ვპოულობდი“.
გაერთიანებული მისაღები და სასადილო ოთახი დახვეწილი და გემოვნებიანი სტილით ხასიათდება. იმის გამო, რომ კედლები თეთრადაა შეღებილი, მრავალფეროვნების შემოსატანად და სივრცის გამოსაცოცხლებლად აქცენტი ავეჯსა და აქსესუარებზეა გაკეთებული. თეთრი ფერის კომფორტული დივანი ოთახს სიმსუბუქესა და სიმყუდროვეს მატებს. ყურადღებას იქცევს შუშის პატარა მაგიდა, რომელიც ფუნქციურ დატვირთვასთან ერთად, საინტერესო დიზაინ ობიექტია და სივრცეს თანამედროვე იერსახეს სძენს.
სასადილო ხის მაგიდა და ღია ყავისფერი სკამები ერთმანეთს აბალანსებს და ჰარმონიულად ეხამება ოთახის საერთო ინტერიერს. სიჯანსაღისა და განსაკუთრებული ელფერის შესაქმნელად ოთახში ვხვდებით გამწვანებასაც, რომელიც სასიამოვნო გარემოს აყალიბებს.
შემოსასვლელში გვხვდება გამორჩეული დიზაინ ობიექტი. ეს არის ულამაზესი წითელი კონსოლი, რომელიც ორიგინალურ აქსესუარებთან და კედელზე დაკიდებულ ნახატთან კომბინაციით, სივრცეს ძალიან ელეგანტურ იერს სძენს.
სამზარეულო შავ-თეთრ ტონალობაშია გადაწყვეტილი და ბინის საერთო ხასიათს იმეორებს. სადა და მინიმალისტური სტილი ოჯახის წევრებისთვის კომფორტულ სივრცეს ქმნის.
საძინებელში საკმაოდ მყუდრო და პოზიტიური განწყობაა, რაც სწორი განათებითა და ნეიტრალური ფერების სინთეზით მიიღწევა.
იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი ყოველდღიური მოხმარების ნივთი ინტერიერში არც ისე ესთეტიკურად გამოიყურება, მეპატრონეებმა მათ დამალვაზეც იზრუნეს. სწორედ ამ მიზნით დამზადდა კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული, სპეციალური სათავსოები, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, ძალიან მარტივად მისადგომია. მაგალითად, მტვერსასრუტი მისთვის გამოყოფილ ადგილას, კარადაში მოთავსდა, სარეცხი მანქანა კი წინასწარ დაპროექტებულ ნიშაში ჩაჯდა, რომელიც MDF-ის კარით შეიფუთა, საუთოებელ მაგიდას კი კარადის კონკრეტული სექცია დაეთმო.
რადგან ანოს ხელოვნება, განსაკუთრებით კი მხატვრობა, ძალიან უყვარს, ბინაში არაერთი მხატვრის ნამუშევარსაც ვხვდებით. თითოეული მათგანი მობინადრეებისთვის სხვადასხვა ძვირფას მოგონებასთან და ემოციასთანაა დაკავშირებული.
მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი სახლის დიზაინ პროექტზე მუშაობა არც ისე მარტივი აღმოჩნდა, საბოლოო ჯამში, ინტერიერი გამოვიდა ანოს თავდაპირველი ჩანაფიქრის მსგავსი – მყუდრო, ნათელი და მაცხოვრებელთა საჭიროებებს მორგებული. ნაკლებად გადატვირთული სივრცე ბინას უფრო მოცულობითს ხდის და კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს აყალიბებს, რომელშიც ოჯახის წევრების ხასიათი და განწყობა იკვეთება.
„ინტერიერზე ფიქრისას რაიმე კონკრეტულ სტილს ან ეპოქას არასდროს მივყვებოდი. ბინა, რომელსაც თქვენ ხედავთ, დაკომპლექტებულია ნივთებით, რომლებიც უბრალოდ მომწონდა და არასდროს შემირჩევია ისინი სტილისტურად. პირველი დათვალიერებისას სტუმრები ხშირად მეუბნებიან, რომ ინტერიერში ძალიან მარტივად ამოკითხვადია ანო მაისაძე და მიხარია, რომ ამ მხრივ ჩემი ინდივიდუალიზმი შევინარჩუნე.”
სამზარეულოს ავეჯი: GGS ADS
იატაკის საფარი: DANI
აბაზანის ფილები: Ann Sacks, “კონტეინერი”, “დემასი”
კედლის მოპირკეთება: “ნიუ დიზაინი”, “კაპაროლი”
განათება: Brand R, Delight, Medusa, Lumen
ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე