in

კონტრასტული მასალების საინტერესო სინთეზით შექმნილი ინტერიერი იპოდრომთან — სტუდია „4visual“-ის ნამუშევარი

დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ სტუდია „4visual“-ის ნამუშევარს, რომელიც ქალაქის შუაგულში, იპოდრომის მიმდებარედ მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 185 მ2-ია. საპროექტო დავალება გულისხმობდა ფუნქციონალური, მყუდრო, ნათელი სივრცის დაპროექტებას, რომელიც სახასიათო და მიმზიდველ საცხოვრებელს უზრუნველყოფდა.

პროექტის ნახვისას გაგვიჩნდა სიწყნარისა და სიმშვიდის განცდა, რადგან სივრცეში უხვად იჭრებოდა დღის შუქი. ბინის ტერასებიდან იშლებოდა პანორამული ხედები ქალაქსა და ცენტრალურ პარკზე . ხოლო მაღალი სართულის გამო, ბინაში არ აღწევდა ქალაქის ხმაური. ამგვარად, თავდაპირველი გეგმარებითი გადაწყვეტილებები და დიზაინის ჩანახატები სწორედ ბინაში პირველი ვიზიტის დროს გაჩნდა”, — აღნიშნავს თამარ კენკიშვილი, სტუდია „4visual”-ის დამფუძნებელი.

გეგმარებითი გადაწყვეტილების შედეგად, სივრცეში დაპროექტდა — სასტუმრო ოთახი, სამზარეულო, სამი საძინებელი, სამი სველი წერტილი და სამრეცხაო. დერეფნული სისტემით კი ბინა ბუნებრივად გაიყო საძინებელ და სასტუმრო/მისაღებ ზონებად.

ინტერიერი თანამედროვე სტილშია გადაწყვეტილი და სკანდინავიური დიზაინის ელემენტებით არის გაფორმებული. საცხოვრებელი სრულად მორგებულია ბინის მეპატრონეების ხასიათს და ცხოვრების წესს, ფუნქციურად სწორად გადანაწილებული ზონები კი მაქსიმალურად მყუდრო და კომფორტულ სივრცეს უზრუნველყოფს.

პროექტის მთავარ ხიბლს გამოყენებული მასალების მრავალფეროვნება და კონტრასტული შტრიხები განსაზღვრავს. ძირითად ნაწილში დაგებულია ფრანგული წყობის ხის იატაკი, რომელიც ორგანულად ერწყმის სამზარეულოს ქვის ფაქტურის გრანიტის ფილებს. კედლები ღია ფერის საღებავითაა დაფარული, რის გამოც სადა ნეიტრალური ფონი იქმნება, ყურადღება კი ავეჯსა და დიზაინ ელემენტებზე მახვილდება. ბინაში უცვლელი სახითაა შენარჩუნებული ბეტონის სვეტები, რომელთა ოდნავ უხეში, დაუმუშავებელი ფაქტურა შერწყმულია მკაცრი სიზუსტით შესრულებულ თეთრ ჭერთან და კედლებთან.

ავეჯის ძირითადი ნაწილი დამზადებულია ინდივიდუალური შეკვეთით და კონკრეტულად ამ პროექტზეა მორგებული. ხოლო მასალებად გამოყენებულია დაშპონილი MDF, მარმარილო, უჟანგავი ფოლადის ზედაპირები და კერამიკული გრანიტის ფილები, რაც საკმაოდ კონტრასტულ და საინტერესო ელფერს სძენს სივრცეს.

ჩვენი სტუდიის სტილი ეკლექტურია. პროექტებში ვიყენებთ მრავალფეროვან, ერთმანეთთან კონტრასტულ მასალებს, ფერებსა და ფაქტურებს. ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია სწორი ბალანსის დაცვა. ყოველდღიურ რეჟიმში ვეცნობით სიახლეებს თანამედროვე მოსაპირკეთებელი მასალების, ავეჯისა და განათების კუთხით. ყოველ შემდგომ პროექტში ვცდილობთ, სარემონტო სამუშაოების შესრულებისას გამოვიყენოთ ისეთი ტექნიკა, რაც აქამდე არ გამოგვიყენებია. ამავდროულად, ვცდილობთ, ბინის მესაკუთრეებს შევუქმნათ ისეთი საცხოვრებელი სივრცე, რომელიც აქტუალობას 2-3 წელიწადში არ დაკარგავს, არ იქნება ტენდენციური და მალე მოსაბეზრებელი”, — „4visual”.

სასტუმრო ოთახი სამ ფუნქციურ ზონად არის დაყოფილი, რომლებიც ერთმანეთისგან იატაკის საფარითა და ავეჯით არის გამიჯნული. მისაღებში გვხვდება თეთრი ფერის თანამედროვე დიზაინის ტახტი და სავარძელი, რომლებიც ყურადღებას მრგვალი ფორმებით იპყრობს. სივრცეს აფორმებს მარმარილოს ფაქტურის ჟურნალის ორი მაგიდა, რომლებსაც მრავალფეროვნება შეაქვს ინტერიერში. ოთახი გადატვირთული არ არის და შენარჩუნებულია სკანდინავიური დიზაინისთვის დამახასიათებელი მინიმალიზმი.

სასტუმრო ოთახის ცენტრალურ ნაწილში განთავსებულია სასადილო მაგიდა, რომელიც ხის ფაქტურითა და უჟანგავი მეტალის ზედაპირით არის დამზადებული და კონტრასტულ, ორიგინალურ დიზაინს ქმნის. სასადილო სკამები კი ხისა და ტყავის ელემენტებით არის გაფორმებული.

სამზარეულოს იატაკი გრანიტის ფილებით არის მოპირკეთებული. სამზარეულოს ქვის კუნძული კი სასიამოვნოდაა დაბალანსებული კარადების ხისფერი ტონებით, რომელიც მთელ კედელზე გვხვდება.

საძინებელი სადა და მინიმალისტური დიზაინით ხასიათდება და მასში დომინანტურ როლს ხის მასალა ასრულებს. ნაზი, რბილი ტექსტილი კი სივრცეს ჰარმონიულობასა და სინაზეს მატებს.

აბაზანა კერამიკული გრანიტის ფილებით არის მოპირკეთებული, რაც ელეგანტურ და ერთიან სახეს აძლევს ინტერიერს. კარადის ელემენტებზე გვხვდება დაშპონილი MDF, შემრევები კი ვერცხლისფერ ტონალობაშია გადაწყვეტილი.

“4visual”-ის პროექტი, პირველ რიგში, გამოირჩევა კონტრასტული მასალების საინტერესო სინთეზით, რაც ერთიან, მიმზიდველ და ორიგინალურ ინტერიერს ქმნის. ბინა თანამედროვე დიზაინის ავეჯით არის გაფორმებული, ბუნებრივი მასალების სიუხვე და მინიმალიზმი კი სკანდინავიური ესთეტიკისთვის დამახასიათებელ შტრიხებს უსვამს ხაზს. სახლი მაქსიმალურად ფუნქციური, კომფორტული და მაცხოვრებელთა სურვილებზეა მორგებული, რის გამოც ცხოვრებისთვის ყველა საჭირო პირობას აკმაყოფილებს და განსხვავებულ იერსახეს განაპირობებს.

პროექტის ავტორი: თამარ კენკიშვილი

ინტერიერის დიზაინის სტუდია: „4visual

გამოყენებული მასალები:   

სამზარეულო: „Forma Founders“

ჩასაშენებელი ავეჯი: „Forma Founders“

აბაზანის ფილები: „Mosaics

ავტორი: მეკო მეტრეველი

ფოტოგრაფი: გიორგი ქაშიაშვილი

5 რჩევა VELI.store-სგან უნიკალური ინტერიერის შესაქმნელად

6 ფერი ინტერიერში, რომელთა გამოყენება არ ღირს ლურჯ ტონთან ერთად