პროექტი ჯაფარიძის ქუჩაზე, ზემო ვერაზე მდებარეობს და თავისი უნიკალური ადგილმდებარეობით განსაკუთრებულ გარემოსა და ატმოსფეროს ქმნის. ბინის საერთო ფართობი 95 კვადრატული მეტრია და ის მოიცავს მისაღებს და სამზარეულო ზონას, ერთ საძინებელს, დიდ ტერასას და ასევე მცირე ტერასას, რომელსაც უფრო ინტიმური ხასიათი აქვს და საძინებლისთვის არის განკუთვნილი. ტერასებიდან თბილისის შთამბეჭდავი ხედები იშლება.
პროექტის დიზაინერი სანდრო ანდღულაძეა, ხოლო სახლი მის ცოლს, ნინო გაბისონიას ეკუთვნის. პროექტის კონცეფცია ბალანსსა და სიმშვიდეს ეფუძნება — სივრცე ქმნის შესაძლებლობას, რომ ცხოვრება უფრო ნელი ტემპით აღიქვა და გარემო მთლიანად შეიგრძნო, სადაც მასალები, განათება და დეტალები სხვადასხვა ემოციას აღძრავს. ეს მიდგომა ინტერიერში ჰარმონიული ფორმებით, ბუნებრივი მასალების დომინირებითა და მინიმალისტური დიზაინის ესთეტიკით აისახება.
ინტერიერის კონცეფცია იაპონური და სკანდინავიური დიზაინის ელემენტებს აერთიანებს. მთავარი აქცენტი ბუნებრივ მასალებზეა გაკეთებული, რაც სივრცეს სითბოსა და სიმყუდროვეს ანიჭებს. ინტერიერში გამოყენებულია მუხისა და ფიჭვის ხე, ასევე ბუნებრივი ქვა, რომელიც სივრცის ესთეტიკურ ღირებულებას კიდევ უფრო ამაღლებს.
რაც შეეხება გეგმარებას, ის მაქსიმალურად ფუნქციური და პრაგმატულია. როგორც პროექტის ავტორი გვიამბობს, მთავარი გამოწვევა იყო ისეთი სივრცის შექმნა, რომელიც მაცხოვრებლებს თბილისის ყოველდღიური ჩქარი რიტმისგან განტვირთვის საშუალებას მისცემდა და მშვიდ, დაცულ გარემოს შექმნიდა, სადაც ადამიანს მოდუნება და სრულფასოვანი დასვენება შეეძლებოდა.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმას, რომ სამზარეულო და საერთო ოთახი ერთიან, გახსნილ სივრცედ აღქმულიყო, ხოლო ტერასა ინტეგრირებულიყო საცხოვრებელ ზონაში. სამზარეულოსა და საერთო ოთახს შორის ხის გამყოფი თაროა მოთავსებული, რომელიც არა მხოლოდ ფუნქციურად ყოფს ამ ზონებს, არამედ მათ ვიზუალურად აკავშირებს, ქმნის ჰარმონიულ ნაკადს და ინტერიერის მთლიანობას აძლიერებს.
თბილისის თბილი კლიმატიდან გამომდინარე, ტერასა ისე დაიგეგმა, რომ საერთო ოთახის ბუნებრივი გაგრძელება გამხდარიყო და მაქსიმალურად მორგებოდა სეზონურ გამოყენებას.
ინტერიერში გამოყენებული ავეჯი და მისი ელემენტები სივრცის იდენტობასა და ხასიათს განსაზღვრავს.
აღსანიშნავია, რომ ავეჯის უმეტესობა kao.furniture-თან კოლაბორაციით შეიქმნა და მთლიანად სივრცესა და კონცეფციაზეა მორგებული.
სამზარეულო ექსტრემალურად მინიმალისტურია, სადაც ყველა საჭირო აღჭურვილობა ინტეგრირებულია, რაც ხაზს უსვამს მის დიზაინს. პროექტში დიზაინი წამყვან როლს ასრულებს, სადაც ყურადღება დიდწილად ელემენტებზე და მთლიან განწყობაზეა კეთდება, ვიდრე ფუნქციურ მხარეზე.
აბაზანა ასევე იმეორებს ძირითად კონცეფციას და აქცენტს აკეთებს მასალაზე და გამოყენების სიმარტივეზე. აქ არ გვხვდება ტრადიციულად საშხაპის გამყოფი ზონა ან რაიმე ზედმეტი ავეჯი, არამედ მხოლოდ ფუნქციური ელემენტები.
შედეგად, სივრცე ასახავს დიზაინერის ხედვას, სადაც იგი თავადაა დამკვეთიც და შემსრულებელიც. საბოლოოდ, შეიქმნა მყუდრო და ფუნქციური საცხოვრებელი გარემო, სადაც მინიმალიზმი და ელეგანტურობა ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე ბინა გასაქირავებლად არის გამოტანილი. დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ Royal house international უძრავი ქონების სააგენტოს.
განათება და აქსესუარები: Frama, Hay, Gubi, Moebe, Zara Home, Tadaimacph
სავარძელი: Siesta Home store