in

ფერადი აქცენტებით შექმნილი ინტერიერი ჯავახიშვილის ქუჩაზე – დოდოშკა ჩხეიძის ნამუშევარი

დღეს დოდოშკა ჩხეიძის კიდევ ერთ პროექტზე მოგითხრობთ, რომელიც ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარეობს. ბინის საერთო ფართობი 125 მ2-ია. საპროექტო დავალების მიხედვით, საშუალო ბიუჯეტით მაქსიმალურად ეფექტური ინტერიერი უნდა შექმნილიყო, რადგან სივრცე ყოველდღიურად ქირავდება. დასახული მიზნის მისაღწევად, დიზაინერის გადაწყვეტილებით, სახლში მინიმალური ავეჯია გამოყენებული. შავი შტრიხები და ფერადი აქცენტები თეთრ სივრცეში განსაკუთრებულად თვალშისაცემია.

ჩვენი რესპონდენტის თქმით, ობიექტზე მუშაობის მთავარი გამოწვევა ძველი შენობის ავარიული მდგომარეობა იყო, რის გამოც კონსტრუქტორის ჩართვა და სარემონტო სამუშაოს ჩატარება გახდა საჭირო.


თავდაპირველი გეგმარებაში შედიოდა იზოლირებული სამზარეულო, ერთი სველი წერტილი, მისაღები ოთახი, ორი საძინებელი და ერთი პატარა ოთახი, რომელიც უფუნქციო იყო. პროექტის გადაკეთების შედეგად, სახლი შედგება სამი საძინებლის, სამი სველი წერტილისა და სამზარეულოსთან გაერთიანებული დიდი მისაღები ოთახისაგან. მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებები გარკვეულ ხარჯებთან იყო დაკავშირებული, სველი წერტილების საძინებელ ოთახებში გადატანამ, გაქირავების თვალსაზრისით, საკმაოდ მომგებიანი პირობები შექმნა.
დიზაინერის აზრით, მისაღები ოთახი, რომელიც თეთრ ფერშია გადაწყვეტილი, ყველასგან გამორჩეულია. მას განსაკუთრებულ მომხიბვლელობას შავი კანტები ანიჭებს. ავეჯის სტილი კი მინიმალიზმსა და 50-იანი წლების დიზაინს მოგვაგონებს. დოდოშკა ჩხეიძის თქმით, ძალიან მოსწონს სტილების შერწყმა და ინტერიერში სხვადასხვა ფერის გამოყენება.


კედლების სითეთრეს ღია ხისფერი პარკეტი აბალანსებს, რომელიც ოთახში თბილ და მყუდრო ატმოსფეროს ქმნის. მრავალფეროვნების მისაღწევად გამოყენებულია ფერადი ავეჯი და დიზაინ-ობიექტები, რომლებსაც საინტერესოდ დაპროექტებული განათება კიდევ უფრო მეტად გამოკვეთს და ოთახის მთავარ განწყობასაც განსაზღვრავს.

განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს მისაღებ სივრცეში მდგარი ტელევიზორის წითელი მაგიდა და ყავისფერი სავარძელი, რომლებიც ერთმანეთს გემოვნებიანად ეხამება.

თვალშისაცემია ამავე ზონაში განთავსებული ორიგინალური დიზაინის სამზარეულოც, რომელშიც შავი და რძისფერი ტონალობები ჭარბობს. გაერთიანებულ სივრცეში აქცენტირებული შავი ფერი ინტერიერს ელეგანტურობასა და დახვეწილობას სძენს.

ტელევიზორის კუთხესთან ახლოს ვხვდებით მოზრდილ, შავი ფერის სასადილო მაგიდას ორიგინალური სკამებით. მაგიდის ზემოთ ასევე შავი ფერის სანათებია დამონტაჟებული, რომლებიც მყუდრო და მომხიბვლელ გარემოს ქმნის.

აღსანიშნავია ინტერიერში განთავსებული მცენარეები და დიზაინ-ობიექტები, განსაკუთრებით კი – კედლებზე გამოყენებული ქართული ანბანის ილუსტრაციები.

აბაზანაში გვხვდება ყვითლის, თეთრისა და ცისფრის საინტერესო კომბინაცია, რაც ფერად, დადებით განწყობას ქმნის და ინტერიერს გამორჩეულ იერსახეს სძენს. ოქროსფერი დეტალები და მცენარეები ამ ზონას განსაკუთრებულ ადგილად აქცევს.

ფერადოვნებით გამოირჩევა საძინებლებიც. მათგან ერთ-ერთი ღია სალათისფერშია გადაწყვეტილი, რაც ოთახში მშვიდ, მყუდრო გარემოს ქმნის. მეორე ოთახის დომინანტური თეთრი ფერია, რომელიც ავეჯითა და დიზაინ-ობიექტებით იმგვარადაა გაფორმებული, რომ ფერადი და მსუბუქი ინტერიერი მიიღება.

დოდოშკა ჩხეიძის ნამუშევარი გემოვნებით, დახვეწილობითა და ფერადოვნებით გამოირჩევა. მასში განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ორიგინალური დიზაინის ავეჯი და საინტერესოდ დაპროექტებული განათება. ესაა საკმაოდ პრაქტიკული, კომფორტული და მყუდრო სივრცე, რომელიც ნებისმიერ სტუმარს დადებითი ენერგიით აავსებს.

გამოყენებული მასალა:
იატაკის საფარი – „Parqueter Georgia
აბაზანის ფილები – „VitrA Georgia
შემრევები – „დომინო“
საღებავი – „კაპაროლი
განათება – „Brand R“, „New Light“
სარემონტო ჯგუფი – „Praraba Georgia“

პროექტის ავტორი: დოდო ჩხეიძე

დიზაინ სტუდია: DODO Designs

ფოტოგრაფი: ლუიზა ჩალათაშვილი

რუბრიკის წარმდგენია თიბისი ბიზნესისთვის

ავტორი: მეკო მეტრეველი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

სამი ჭკვიანური ხრიკი პატარა სამზარეულოს სრულყოფილად ასათვისებლად

ორთქლის ღუმელი Miele-სგან – 5 მიზეზი მის ასარჩევად