in

ბუნებრივი მასალებით შექმნილი ინტერიერი ჯავახიშვილის ქუჩაზე — ქეთა დონაძის ნამუშევარი

თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე  მდებარე ბინა, რომლის საერთო ფართობი 43 მ2-ია, დიზაინერ ქეთა დონაძის ახალი ნამუშევარია. საპროექტო დავალება მდგომარეობდა ნათელი სივრცის შექმნაში, რომელშიც ფუნქციური ზონები ერთმანეთისგან შეძლებისდაგვარად იზოლირებული იქნებოდა.

კონცეფციის შემუშავებისას მთავარი როლი ავთენტურმა ფანჯრებმა, მაღალმა ჭერმა და დიდი რაოდენობით ბუნებრივმა განათებამ ითამაშა, ხოლო ინტერიერი  ვინტაჟისა და მოდერნის სტილთა გაერთიანებით შეიქმნა. ძირითად ფერებად ნათელი და პასტელური ტონალობა შეირჩა, რათა სივრცე არ დამძიმებულიყო.

ინტერიერში ჭარბობს ბუნებრივი მასალები. მთავარი აქცენტი ხეზეა გამახვილებული, რაც საცხოვრებელს განსაკუთრებულ სიმყუდროვეს სძენს. ასევე, შენარჩუნებულია ყველა ფანჯარა და დარაბა, რომელიც ბუნებრივ შეფერილობამდეა დაყვანილი და ბინის სახასიათო იერსახეს განსაზღვრავს.

სახლი ღია გეგმარებით ხასიათდება, თუმცა ფუნქციური თვალსაზრისით, ყველა ზონა ერთმანეთისგან გამიჯნულია. გაერთიანებულ მისაღებსა და სამზარეულო ოთახში თბილი, სასიამოვნო ატმოსფერო იქმნება, სადაც ღია ხისფერ პარკეტს ბაცი მწვანე კედლების ტონალობა ჰარმონიულად ერწყმის, მთავარ ყურადღებას კი ხის ფანჯრები და დარაბები იქცევს.

თეთრი ტახტი ერთგვარ გამყოფ ფუნქციას ასრულებს და მოსასვენებელ კუთხესა და სასადილო ნაწილს ერთმანეთისგან აცალკევებს. შავი ტელევიზორის კარადა კი ღია ტონალობაში გადაწყვეტილ სივრცეში კონტრასტის როლს თამაშობს და საინტერესო შტრიხს მატებს ინტერიერს.

საინტერესო კავშირს ამყარებს ერთმანეთთან ტახტთან მდგარი პატარა მაგიდა სკამით და სასადილო კუთხის ავეჯი, რომლებიც ერთნაირი ფაქტურითა და დიზაინით ხასიათდება.

გაერთიანებულ სივრცეში მოწყობილია პატარა სამზარეულოც, რომლის ავეჯი პროექტის ავტორის დიზაინით, „ELEMENTS STUDIO“-ს მიერაა დამზადებული. შედარებით მუქი ტექსტურის ხე იდეალურად ერწყმის საერთო ინტერიერს და კომპაქტურ ფუნქციურ ზონას უზრუნველყოფს. აღსანიშნავია გამწოვიც, რომლის გაყვანილობა ხის კონსტრუქციაშია მოთავსებული და თვალისათვის უხილავია.

მიუხედავად იმისა, რომ ბინა საკმაოდ ნათელია და ბუნებრივი სინათლით არის სავსე, პროექტში ასევე აქტიურადაა გამოყენებული წერტილოვანი სანათები, რომლებიც ესთეტიკურ დანიშნულებასთან ერთად, ფუნქციურ როლსაც ასრულებს და კონკრეტულ ზონების საინტერესოდ გამოკვეთს.

მნიშვნელოვანი ფუნქციური და დიზაინ ელემენტია ხის ვიტრაჟი, რომელმაც თავდაპირველი ტიხარი ჩაანაცვლა და მისაღები და საძინებელი სივრცეები ერთმანეთისგან მსუბუქად გამიჯნა, ამასთანავე კი მათი გაერთიანების შესაძლებლობაც უზრუნველყო.

ფართის სიმცირის მიუხედავად, ოთახში ფუნქციურადაა გადანაწილებული საძილე, პატარა საგარდერობო კუთხე და სათავსო, რომელიც ფარდით არის დაფარული. გამორჩეული დეტალია ხელით მოხატული საძინებლის კედელი, რაც სივრცეს სახასიათო და უნიკალურ იერს სძენს. ოთახში სიმყუდროვე იქმნება წერტილოვანი განათებითაც, რომელიც საწოლის ორივე მხარესაა დამონტაჟებული და ინტერიერს უფრო სასიამოვნოსა და ჰაეროვანს ხდის.

ქეთა დონაძის პროექტი ბუნებრივი მასალებით შექმნილი ნამუშევარია, რომელშიც სიმსუბუქე, ბუნებრიობა, სიმშვიდე და ჰარმონია იგრძნობა. თანამედროვე ელემენტები და ვინტაჟური ავეჯი ესთეტიკურად დახვეწილ, ერთიან, ფუნქციურ და კომფორტულ გარემოს განაპირობებს, რომელშიც მთავარი აქცენტი ხის მასალაზე კეთდება. ერთიანი გეგმარების მიუხედავად კი ხის ვიტრაჟით, ავეჯითა და განათებით ზონები ერთმანეთისგან გამიჯნულია და პრაქტიკულ, მაცხოვრებელზე მორგებულ სივრცეს ქმნის.

პროექტის ავტორი: ქეთა დონაძე

ინტერიერის დიზაინის სტუდია: ELEMENTS STUDIO

სარემონტო ჯგუფი: „ELEMENTS STUDIO“  

სამზარეულოს ავეჯი: „ELEMENTS STUDIO“

გამოყენებული მასალები:

აბაზანის ფილები: „LEGOROOM“ 

განათება: „Medusa Architecture & Design“; „DELIGHT“; „NEW LIGHT“

ავტორი: მეკო მეტრეველი

ფოტოგრაფი: გიორგი ებანოიძე

6 მაღაზია საქართველოში, სადაც მოლდინგების შეძენას შეძლებთ

6 მარტივი გზა პრაქტიკული და თანამედროვე სამზარეულოს მოსაწყობად