ბინა, რომელიც ჯიქიას ქუჩაზე მდებარეობს, ახალგაზრდა წყვილს ეკუთვნის და მისი საერთო ფართობი 60 კვადრატულ მეტრს შეადგენს. სივრცის ინტერიერზე დიზაინერმა თამარა წითლიძემ იმუშავა.
საპროექტო დავალების მიხედვით, თამარას ამოცანა მდგომარეობდა იმაში, რომ არსებულ ფართში განეთავსებინა ე.წ. სტუდიოს ტიპის მისაღები ოთახი და სამზარეულო, საძინებელი და ერთი სველი წერტილი. ამ გამოწვევას პროექტის ავტორმა საკმაოდ კარგად გაართვა თავი და საბოლოო ჯამში, ყველა დასახული მიზნის განხორციელება შეძლო.
ბინის განლაგებამ დიზაინერს მისცა საშუალება, რომ არსებულ მცირე ფართში ორი პატარა საგარდერობო ოთახიც გაკეთებულიყო. მიუხედავად პატარა ზომისა, გარდერობები არის ძალიან კომფორტული და ტევადი.
“დიზაინის შერჩევის დროს გვინდოდა, შეგვექმნა ერთიანი, ნათელი, ჰაეროვანი და თანამედროვე სივრცე, პატარა აქცენტებით – ფერებით ან დეკორით. ჩემი აზრით, ეს მიზანი მიღწეულია,” – გვიამბობს თამარა
თანამედროვე სტილის “შესარბილებლად” ინტერიერში გამოყენებულია მოლდინგები, ხის, ქვისა და ტილოს ფაქტურები, რაც სივრცეს სიმყუდროვეს მატებს.
ინტერიერში დომინირებს მწვანე ფერი, რომელიც ყველა სივრცეში გვხვდება და თითქოს საბოლოოდ კრავს დიზაინს. თუმცა, ბინაში ასევე გვხვდება საინტერესო აქცენტები სტაფილოსფერისა და ტერაკოტას ნოტების სახით, რაც თეთრი კედლების ფონზე საკმაოდ საინტერესო კონტრასტს ქმნის.
“ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დამკვეთები ამ სახლში თავს ძალიან კომფორტულად გრძნობენ და უხარიათ აქ ყოფნა, მე კი სიამოვნებით ვსტუმრობ მათ ყავაზე,”- თამარა წითლიძე
ფოტოგრაფი: Yaroslav Lukyanchenko