დღეს გაგაცნობთ დიზაინერ ქეთა დონაძის მორიგ პროექტს ივანე ჯავახიშვილის ქუჩაზე, რომლის საერთო ფართობი 45 მ2-ია. ფართის სიმცირის მიუხედავად, სივრცეში სრულფასოვანი გარემოა შექმნილი კომფორტული ცხოვრებისთვის, რაც ზონების სწორი ფუნქციური გადანაწილებით და საინტერესო, მიმზიდველი დიზაინ გადაწყვეტებით მიიღწევა.
ინტერიერი პასტელურ ღია ფერებშია გადაწყვეტილი და მასში დომინანტურ როლს ხის მასალა ასრულებს. აქვე გვხვდება ნიკელისა და მინის ფაქტურა, რაც სახლს ბევრად ჰაეროვანსა და სახასიათოს ხდის. განსაკუთრებულ ეფექტს მაღალი ჭერი და ოთახებს შორის თაღები ქმნის, რომელთა მრგვალი ფორმები ავეჯის დეტალებზეც მეორდება.
ბინის ცენტრალურ ნაწილს მისაღები ზონა იკავებს, რომელიც საძინებელს, სააბაზანოსა და სამზარეულოს უკავშირდება. ღია ფერის პარკეტი და ცისფერი კედლები ოთახს სიმყუდროვეს სძენს და თბილ ატმოსფეროს ქმნის. ტელევიზორთან მოწყობილია მოსასვენებელი კუთხე კრემისფერი რბილი ავეჯითა და მინის პატარა ჟურნალის მაგიდით. ამ ზონის ხაზგასასმელად კი გამოყენებულია წერტილოვანი განათება. ტახტი საკმაოდ ფუნქციურია – მცირე თაროს მეშვეობით ის პატარა, მაგრამ ტევად სათავსოს ქმნის წიგნებისა და სხვადასხვა დიზაინ ობიექტისთვის. ასევე ყურადღებას იქცევს ხის ნახვრეტებიანი პანელი, რომელიც სახლის სხვადასხვა ნაწილში გვხვდება და რადიატორის დასამალად გამოიყენება.
მისაღები სამზარეულოს ღია თაღით უკავშირდება, ამიტომ გარკვეულწილად, ეს ორი ზონა ნახევრად ღია გეგმარებისაა. სამზარეულო ძალიან ნათელია, რასაც დიდი ვიტრაჟები უზრუნველყოფს. ამ ოთახშიც აქცენტი ხის მასალასა და ცისფერ ტონალობაზეა გაკეთებული. ასევე გვხვდება ნიკელის ელემენტები და მინის ფაქტურები. სამზარეულო გადატვირთული არაა და სიმსუბუქის ხაზგასასმელად მის ზედა ნაწილში მხოლოდ ერთი ღია თაროა დამონტაჟებული. აქვეა მოწყობილი მცირე სასადილო კუთხე პატარა მრგვალი ხის მაგიდითა და გამჭვირვალე სკამებით.
თეთრი ვიტრაჟული ტიხრით აივანზე გავდივართ, სადაც მზით განათებული, სასიამოვნო დასასვენებელი სივრცე გვხვდება. მცირე ზომის სკამი, მაგიდა, ხის სათავსო, ბუნებრივი გამწვანება და დღის შუქი კი განტვირთვისთვის იდეალურ შესაძლებლობას იძლევა.
საძინებელი სახლის ერთ-ერთი გამორჩეული ზონაა, რომელიც სიმარტივით და მსუბუქი დიზაინით ხასიათდება. ამ ნაწილშიც ხე და ცისფერი ტონალობა ასრულებს წამყვან როლს. განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს საგარდერობო ზონა, რომელიც მრგვალი დაბოლოებითა და საინტერესო დიზაინით გამორჩეულ ელფერს სძენს ოთახს.
სააბაზანო სადა და პრაქტიკულია. ინტერიერი თეთრ ტონალობაშია გადაწყვეტილი, თუმცა იატაკსა და საშხაპე ზონაზე ცისფერი ფილები გვხვდება, რაც ერთგვარ კავშირს ამყარებს სახლის დანარჩენ ოთახებთან.
აღნიშნულ პროექტში ქეთა დონაძეს გამოყენებული აქვს მისთვის სახასიათო ტექნიკა, რის გამოც ინტერირში მთავარი აქცენტი ხის მასალაზეა გამახვილებული, რაც საცხოვრებელს სინაზეს, სიმსუბუქეს და თბილ იერსახეს ანიჭებს. ფართი სრულად ათვისებულია და მასში კომფორტული საცხოვრებელი გარემოა შექმნილი. ღია ფერები, მინიმალისტური გადაწყვეტა და სივრცის ერთიანობის ხაზგასმა ამ პროექტს საინტერესო და მომხიბლავ საცხოვრისად აქცევს.
პროექტის ავტორი: ქეთა დონაძე
ინტერიერის დიზაინის სტუდია: ELEMENT STUDIO