in

ისტორიული ბინა კიევის ქუჩაზე

ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად აქტუალური გახდა ძველი, ისტორიული ბინების რეკონსტრუქცია-რენოვაცია. დიზაინერების და მეპატრონეების დამსახურებით, საუკუნის წინანდელ შენობა-ნაგებობებს ახალი სიცოცხლე მიეცათ, რაც ქალაქის ავთენტურობის შენარჩუნებაში დიდ როლს ასრულებს. ინტერიერის ექსტერიერთან ჰარმონიულად შერწყმის ნათელი მაგალითია ბინა კიევის ქუჩაზე, რომლის შესახებ დღევანდელ სტატიაში გიამბოთ.

დავით აღმაშენებლის და კიევის ქუჩის კუთხეში, ისტორიულ შენობაში არსებული ბინის დიზაინი სამ მეგობარს, თათუნა სეფერთელაძეს, ნინია თოფურიას და ნინო გორგოძეს ეკუთვნის.

„განსაკუთრებულად საინტერესო პროცესია, როდესაც შენ ბინას თავად ქმნი და აახლებ. ჩვენთვისაც საკმაოდ აზარტული აღმოჩნდა ამ პროექტზე მუშაობა, ზუსტად ვიცოდით რა გვინდოდა და რა უნდა გამოსულიყო.“

სანამ ბინის ინტერიერზე გადავალთ, მოკლედ მოგიყვებით ექსტერიერის შესახებ. სამსართულიანი შენობის ფასადი შეღებილია ღია სალათისფერი საღებავით. კუთხეები და კედლები დაფარულია რუსტებით. შენობის დეკორატიული აივნები შავი ფერის ლითონით არის მოჭედილი. სახლის ფასადზე კი თეთრად შეღებილი ელემენტები ჰარმონიულად ერწყმის ხის თეთრ კარ-ფანჯარას.

განსაკუთრებულად ლამაზ სადარბაზოში ვხვდებით მოზაიკის სხვადასხვა ფერის ფილებს, მარმარილოს მასიურ კიბეებსა და ნაჭედ დეკორატიულ მოაჯირებს.

90 კვადრატული მეტრის მქონე, თანამედროვე პარიზული სტილითა და ვინტაჟის სინთეზით შექმნილი ბინა, ამ შენობის მეორე სართულზე მდებარეობს. როგორც მეპატრონეები აღნიშნავენ, მათი მთავარი სურვილი იყო ავთენტურობის შენარჩუნება, სწორედ ამიტომ, ისინი ეცადნენ, მაქსიმალურად დაეტოვებინათ ის გარემო და აურა, რაც ბინას თავიდანვე დაჰყვებოდა. აქედან გამომდინარე, აღდგა არსებული მოხატულობა ჭერზე და შენარჩუნდა მუხის ხის  უნიკალური იატაკი.

ამას გარდა, აღდგენილ იქნა ბინაში არსებული ბუხრის ვიზუალი და ის დეკორატიულ ფუნქციას ასრულებს, ხოლო ძველ დარაბებს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები.

სტუდიოს ტიპის მისაღებში ხის იატაკსა და მოხატულ ჭერს განსაკუთრებულად მოუხდა მსგავს ფერებში გადაწყვეტილი სამზარეულოს კუნძული. კალაკატა, იგივე ხელოვნური კვარცი, გარდა იმისა, რომ მარტივად მოსავლელია, თითქოს ფანჯრებიდან ხეების პეიზაჟსაც იმეორებს. სკანდინავიური დიზაინის დეტალები კი დახვეწილ გარემოს ქმნის.

მისაღებიდან პირველ საძინებელში ორფრთიანი კარი გადის. ამ ბინის უდიდესი ხიბლი ფანჯრებიდან დანახული ხის პეიზაჟია, რომლის გავლენაც ყველა ოთახში იგრძნობა. ყურადღებას იქცევს საძინებლის კედლის მოხატულობა, რომელიც კონკრეტულად ამ ბინისთვის შეიქმნა. ამ ოთახის მნიშვნელოვანი დეტალია ფანჯრის მოპირდაპირე მხარეს განთავსებული ხისა და შუშის კომბინაციით შექმნილი გარდერობი.

მეორე საძინებელიც ისეთივე ნაზი და ჰაეროვანია, როგორც პირველი. აქ განსაკუთრებულად იგრძნობა იდეის ავტორების სურვილი, პარიზული გარემოს შემოტანისა. ძველებური რადიატორის ფონზე, თანამედროვე სანათები და მინიმალისტური საწოლი ძველისა და ახლის იდეალურ ნაზავს წარმოადგენს.

ამ ბინის ულამაზესი ნაწილი მოზაიკური ტიპის სარკით მოპირკეთებული ჰოლია, რომელიც შუშის ორფრთიან კართან ერთად, შემოსასვლელს საოცარ სიმსუბუქეს სძენს.

ბინას ორი სველი წერტილი აქვს. ორივე კალაკატას დეტალებით, თეთრ და შავ ფერშია გადაწყვეტილი. შეუმჩნეველი არც ის რჩება, რომ ყველა ოთახი მცირედი დეტალით უკავშირდება ერთმანეთს. ერთ-ერთი აბაზანის ხელსაბანის კარადის ფერი იმეორებს მისაღებში ულამაზესი ბურგუნდის ფერი მაგიდის იერსახეს.

ბინის აღწერას ვასრულებთ ფრანგული, შავი ჩუქურთმებით მოჭედილი პატარა აივნით, რომელიც ორგანულად აკავშირებს ძველი უბნის ექსტერიერს განახლებულ ინტერიერთან.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე ბინა airbnb-ს პლატფორმაზე ქირავდება და ის მზად არის პირველი სრუმრების მისაღებად.

გამოყენებული პროდუქცია: &tradition, HAY design, Hubsch Design

ფოტოგრაფი: გიორგი ებანოიძე

პოეტური დიალოგი პეიზაჟთან – სტუდია OODA-ს ნამუშევარი