in

ბუნებასთან სიახლოვის განცდით შექმნილი ბინა კრწანისში — „Kere Design“-ის ნამუშევარი

პროექტი სახელწოდებით „Hunter green“ სტუდია „Kere Design“-ის ახალი ნამუშევარია, რომელიც ძველ თბილისში, კრწანისის უბანში მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 80 მ2-ია.

საპროექტო დავალება გულისხმობდა საცხოვრებელი სივრცისთვის გარემოს შესაბამისი ხასიათის მიცემას და სამზარეულოსთვის არა მხოლოდ პრაქტიკული, არამედ დეკორატიული ფუნქციის მინიჭებას.

დიზაინ კონცეფცია სივრცის ადგილმდებარეობით არის შთაგონებული. კრწანისი თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მწვანე უბანია, შესაბამისად, ბუნების სიახლოვე ინტერიერშიც აისახა და სიმშვიდისა და ჰარმონიის მისაღწევად დიდი მნიშვნელობა მიენიჭა მწვანე ფერს. კონტრასტის სახით კი შემოტანილია ნეიტრალური თეთრი  პალიტრა, რაც სივრცეს აბალანსებს.

ბინა კუთხის მხარეს მდებარეობს, ამიტომ აივანი და ფანჯრები 3 სხვადასხვა მხარეს აქვს. მოსახერხებელი გეგმარების გამო, ამ მიმართულებით ცვლილებები არ მომხდარა. ამგვარად, საცხოვრებელში ორი საძინებელი, ერთი სველი წერტილი, გაერთიანებული მისაღები და სამზარეულო ზონა განთავსდა.

ინტერიერი კლასიკურ და თანამედროვე სტილშია გადაწყვეტილი, რაც მოლდინგების ხშირი გამოყენებით, დახვეწილი ავეჯითა და ფერების ჰარმონიული ურთიერთკავშირით მიიღწევა.

შემოსასვლელი ზონა მუქი მწვანე ტონალობით ხასიათდება. სივრცეში გვხვდება ჩაშენებული კარადები და დამალული კარი, რომლის მონტაჟი პროექტზე მუშაობის მთავარი გამოწვევა აღმოჩნდა, რადგან ამგვარი კარი იდეალურად დამუშავებულ კედლებს საჭიროებს და დიდ სამუშაოსა და დროს მოითხოვს.

შემოსასვლელი ზონიდან გაერთიანებულ სამზარეულოსა და სასადილო ოთახში ვხვდებით, რომელიც ღია გეგმარებით ხასიათდება. ინტერიერში წამყვან როლს თეთრი ფერი, ხის ელემენტები და მწვანე დეტალები თამაშობს. სამზარეულო, რომელიც მთელს კედელზეა დამონტაჟებული, შეღებილი MDF-ითა და ნეოლითის საფარით არის მოპირკეთებული, რაც ფუნქციურთან ერთად, ესთეტიკურ მომხიბვლელობას სძენს სივრცეს. ყურადღებას იქცევს მწვანე ფერის მაცივარი, „Nicola Teslas“-ს ზედაპირი გამწოვით და ოქროსფერი შემრევები.

სასადილო ზონა ვიტრაჟებთან ახლოს არის მოწყობილი, ამიტომ ბუნებრივი სინათლით მუდამ განათებულია. ხის მაგიდა და სკამები  ოთახს სასიამოვნო და თბილ ხასიათს მატებს. აღსანიშნავია დეკორატიული განათება, რომელიც სივრცის კონკრეტულ ადგილებს გამოკვეთს და ინტერიერს ალამაზებს.

საძინებელში კლასიკური და თანამედროვე ელემენტები მეორდება, რაც კედელზე გამოყვანილი დეკორატიული ფორმებითა და დახვეწილი ავეჯით გამოიხატება. თეთრ ტონალობასთან ერთად, დიდ მნიშვნელობას იძენს ხის ფერიც, რომელიც ავეჯსა და იატაკზე გვხვდება. გამორჩეული ესთეტიკური და ფუნქციური დატვირთვა აქვს დაშპონილ მუხის კარადას, რომელიც საგარდერობო როლს ასრულებს და მიმზიდველ შტრიხებს სძენს სივრცეს. ყურადღებას იქცევს თეთრი სანათები, რომელთაც ოთახში ჰაეროვნება და სიმსუბუქე შემოაქვს.

აბაზანაში განსაკუთრებული ატმოსფერო მწვანე ფერითა და თეთრ-მწვანე ტონალობაში გადაწყვეტილი ფილებით მიიღწევა. მოლდინგების დამსახურებითა და დეკორატიული განათებით კი საკმაოდ ელეგანტური სივრცე იქმნება, რომელიც გარდა პრაქტიკული დანიშნულებისა, მნიშვნელოვან ესთეტიკურ ფუნქციას ასრულებს.

„Kere Design“-ის პროექტში გარე სამყაროსთან კავშირი და ბუნებასთან სიახლოვის განცდა მწვანე ფერის აქტიური გამოყენებითა და ხის ელემენტებით მიიღწევა. სივრცეს გამორჩეულ მომხიბვლელობას სძენს მოლდინგები, დეკორატიული სანათები და დახვეწილი ავეჯი, რომელიც ბინას თანამედროვე და ამასთანავე კლასიკურ იერს ანიჭებს. თითოეული ზონა ფუნქციურად სწორად არის გადანაწილებული და მაცხოვრებლების მოთხოვნების შესაბამისად, სრულად არის ათვისებული, რაც იდეალურ საცხოვრებელ პირობებს უზრუნველყოფს.

პროექტის ავტორი: „Kere Design 

გამოყენებული მასალები: 

სამზარეულო: კომპანია „საამქრო“

იატაკის საფარი: „ლეგო რუმსი“

აბაზანის ფილები: „ლეგო რუმსი“

შემრევები: „VitrA Georgia“

განათება: „ნიუ ლაითი“; „Brand R“

სამზარეულოს ტექნიკა: „Elica“

ავტორი: მეკო მეტრეველი

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

გუსტაფ ვესტმანი – შვედი დიზაინერი გამორჩეული სტილითა და შემოქმედებით

5 ფერი, რომელთა გამოყენება საბავშვო ოთახში რეკომენდებული არ არის