in

ისტორიული ბინის ახალი სიცოცხლე ლეონიძის ქუჩაზე – DODO Designs-ის ნამუშევარი

ბინა, რომელზეც დღეს უნდა გიამბოთ, ისტორიული შენობის ნაწილია. სოლოლაკში სახლების უმრავლესობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, შესაბამისად, მათი როგორც ექსტერიერის ასევე ინტერიერის ავთენტურობის შენარჩუნება ერთგვარი ვალდებულებაა. ექსტერიერს კი თუ ინტერიერი ჰარმონიულად ერწყმის, ეს მფლობელისა და დიზაინერის ერთობლივი მუშაობის წარმატებული შედეგია. სანამ კონკრეტულად ბინის აღწერაზე გადავალთ, მოკლედ გიამბობთ შენობის შესახებ.

უნიკალური სახლი ლეონიძის ქუჩაზე მდებარეობს. მისი ავტორი პოლონელი არქიტექტორი, ალექსანდრე შიმკევიჩია. შენობა თავდაპირველად ორსართულიანი იყო და მას ეზოს მხრიდან გახსნილი აივნები, ხის სვეტები და მოაჯირები ჰქონდა. თუმცა, როგორც ჩანს, ის მოგვიანებით შეიმინა. 1930-იან წლებში შენობას დააშენეს მესამე სართული, რომელში არსებული ბინებიც ამ პერიოდშივე მოიხატა.

მესამე სართულზე არსებული სამი ოთახი, შუშაბანდი და ჭერი თითქმის სრულად მოხატულია. თუმცა, მრავალწლიანი პერიოდის შედეგად კედლების მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო და მოითხოვდა საფუძვლიან საკონსერვაციო-სარესტავრაციო ჩარევას.

ბინის მესაკუთრის მთავარი მოთხოვნა იყო მისი ავთენტურობისა და ღირებული ელემენტების შენარჩუნება, სწორედ ამიტომ გაკეთდა მხატვრობის შესრულების ტექნიკის ანალიზი და ამის მიხედვით დაიგეგმა რეაბილიტაციაც. საბოლოოდ, გეგმარება, ფერები და ორნამენტები სრულიად უცვლელი დარჩა. რეაბილიტაციის პროცესი ბინის სარემონტო სამუშაოების პარალელურად მიმდინარეობდა.

რაც შეეხება ინტერიერს, ბინის დიზაინ პროექტზე სტუდია DODO Designs-მა იმუშავა.

მსგავს ბინებზე მუშაობა, საკმაოდ დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობაა, რადგან მთავარი პირობაა მისი პირვანდელი სახის შენარჩუნება და გაცოცხლება. ასეთი ბინების “გადარჩენა” კი არა მხოლოდ მესაკუთრისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, არამედ ქალაქისთვისაც. ბინა იყო უნიკალური – მოხატული კედლებითა და ჭერით,  ბუხრით, ხის კარ-ფანჯრით. ეს ყველაფერი დარჩა უცვლელად და ჩვენი ჩარევა მოხდა მხოლოდ ავეჯისა და განათების ნაწილში.,” – დოდოშკა ჩხეიძე, DODO Designs-ის დამფუძნებელი

როგორც პროექტის ავტორი გვიამბობს, დიზაინ კონცეფციის შედგენის პირველ ეტაპზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ განათება და არც ერთი ელემენტი არ ყოფილიყო შავი ფერის, რადგან ეს დაამძიმებდა ისედაც დატვირთულ ინტერიერს.

რაც შეეხება ავეჯის სტილს, დოდოშკა ჩხეიძის თქმით, ის თავად ბინისგან იქნა ნაკარნახები.

გვინდოდა, ნებისმიერი ავეჯი თუ დეტალი ორგანულად შერწყმოდა არსებულ მოხატულობებს, ძველ სტილს და ამავდროულად შემოეტანა, თანამედროვე მინიმალისტური სტილი. მაშინ, როცა საძინებელი დარჩა თითქმის უცვლელი, სამზარეულო სრულიად თანამედროვე ხასიათს ატარებს.

სამზარეულოში გვხვდება მეტალის ტექსტურით აწყობილი ავეჯი, რომელიც დღესდღეობით საკმაოდ აქტუალურია. ამ მასალის გამოყენებით ინტერიერში გაჩნდა თანამედროვე დიზაინ შტრიხი, რომელიც საინტერესო კონტრასტს ქმნის სახლის ისტორიულ ნაწილთან. სამზარეულოს მთავარი ხიბლი მის ავთენტურ შუშაბანდშია, რომელიც ამ სივრცეს განსაკუთრებულად ნათელს და მზიანს ხდის.

რადგან ამ ბინაზე 30-იანი წლების გავლენა ძალიან შესამჩნევია და მისი დიზაინიც დატვირთულია ფერადი მოხატულობით, პროექტის ავტორებს სურდათ თანამედროვე დეტალების შეტანა. 60-70-იანი წლების ავეჯით და სხვა ამ პერიოდის ელემენტებით, ეს სივრცე  კომფორტულ საცხოვრებლად გადაიქცა. დღეს მას აღარ აქვს მხოლოდ  “მუზეუმის ეფექტი“, რაზეც მინიმალისტურ-მოდერნისტულმა ავეჯმა დიდი ზეგავლენა მოახდინა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ბინის მთავარი ხიბლი მოხატულ კედლებსა და ჭერშია, ინტერიერში სხვა გამორჩეული დეტალებიც გვხვდება. მაგალითად, ავთენტური ორფრთიანი კარის ფორმის მიხედვით დამზადებული ტანსაცმლის კარადა, რომელშიც დამონტაჟებულია ვარდისფერი განათება. ეს არის ძალიან საინტერესო დიზაინ გადაწყვეტა, რომლის საშუალებით სივრცეში დამატებითი სიმყუდროვე და ორიგინალური აქცენტი გაჩნდა.

ინტერიერში ასევე ყურადღებას იქცევს გამჭვირვალე მასალით დამზადებული ჭერის ვენტილატორი, რომელიც არ ფარავს ნახატს და გარდა იმისა, რომ გაგრილების ფუნქცია აქვს, ამავდროულად სანათის დანიშნულებაც გააჩნია.

მეორე საძინებელში ვენტილატორი გვხვდება კედელზე, რაც ასევე ფუნქციურ-ესთეტიკურ დატვირთვას ასრულებს. ვენტილატორების გამოყენებით, დიზაინერმა თავიდან აირიდა კონდიციონერების განთავსებისგან შექმნილი ვიზუალური ხმაური ინტერიერში.

 

რაც შეეხება სველ წერტილს, მისი მოწყობა ვინტაჟური დეტალებით გადაწყდა – ღია მწვანე კედლებს ჰარმონიულად ერწყმის შუშის დატიხრული კაბინა, რომელიც თითქოს შუშაბანდის შემინვას იმეორებს.

DODO Designs-ის მიერ შესრულებული პროექტი ლეონიძის ქუჩაზე გაჟღენთილია ძველი თბილისის “სულით”, თუმცა მასში ჰარმონიულად არის ინტეგრირებული თანამედროვე დიზაინ სტილი, რომელიც ინტერიერს გამორჩეულ იერსახეს ანიჭებს და დამთვალიერებელში დაუვიწყარ ემოციას აღძრავს.

პროექტის ავტორი: DODO Designs

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

5 საინტერესო რჩევა მშვიდი და კომფორტული საძინებლის მოსაწყობად

თანამედროვე ხის კოტეჯი სკანდინავიური დიზაინით