in

ბინა ლისის ტბასთან – ანანო მეგრელიშვილის ნამუშევარი

დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ ანანო მეგრელიშვილის მორიგ პროექტს, რომელიც ლისის ტბის მიმდებარედ, გამწვანებულ და ეკოლოგიურად სუფთა ადგილას მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 120 მ²-ს შეადგენს.

„ჩემთვის ეს ინტერიერი ძალიან მრავალფეროვანია. მასში აქცენტი ყველა ოთახზეა გამახვილებული,“ – ამბობს ინტერიერის დიზაინერი, ანანო მეგრელიშვილი.

როგორც პროექტის ავტორი გვიამბობს, ამ პროექტზე მუშაობისას უმთავრესი გამოწვევა სწორად დაგეგმარებული ბინის მიღება იყო. გამომდინარე იქიდან, რომ ანანოს ჩართულობა ე.წ. “შავი კარკასის” ეტაპიდან მოხდა, დიზაინერს ჰქონდა საშუალება, რომ ყველა დეტალი თავიდანვე გათვლილი ჰქონოდა.

პირველი, რაც აღნიშნულ პროექტში განხორციელდა, იყო შესასვლელი კარის გადატანა, რაც ძალიან პრაქტიკული გადაწყვეტილება აღმოჩნდა. ამ გზით დამკვეთებმა მოიგეს საკმაოდ დიდი ფართი და ამ ზონაში განათავსეს დამატებითი სათავსო და ცალკე სამრეცხაო ოთახი, რაც ბინის მეპატრონის ძალიან დიდი სურვილი იყო.

ბინის მთავარ წერტილს დიდი ზომის გაერთიანებული მისაღები და სამზარეულო წარმოადგენს. ყურადღებას იქცევს სამზარეულოს ფერებისა და მასალების სასიამოვნო კომბინაცია. ამ ზონაში გვხვდება მწვანე, თეთრი და ხისფერი დეტალები, რომელთა ერთობლიობა საკმაოდ კარგად გამოიყურება.

აღსანიშნავია, რომ სამზარეულოს ზედაპირზე, კედელზე და კუნძულზე გამოყენებულია ქვის 6მმ-იანი ფილა, რომელიც ადგილზე დამუშავდა და მოერგო ავეჯს.

აქვეა მისაღები და სასადილო კუთხეებიც. სტანდარტული ტიხრების ნაცვლად, ზონირებისთვის ავეჯია გამოყენებული, რაც სივრცის ერთიანობის შენარჩუნებას უწყობს ხელს.

საპროექტო დავალების მიხედვით, ბინაში აუცილებლად უნდა ყოფილიყო მთავარი საძინებელი, რასაც პროექტის ავტორმა საკმაოდ კარგად გაართვა თავი. შესაბამისად, საძინებელში დაპროექტდა იზოლირებული საგარდერობო ოთახი.

რაც შეეხება ბავშვების ოთახებს, დამკვეთების სურვილი იყო, რომ ორივე ბავშვს ისეთი ოთახი ჰქონოდა, რომელიც მათ ხასიათზე იქნებოდა მორგებული. სწორედ ამიტომ, ბიჭის ოთახში სპორტული კუთხე დამონტაჟდა საცოცი კედლით. აქვეა სამეცადინო ზონა, სახატავი კედელი და ცალკე სათამაშო სივრცე ლოგინის თავზე. მსგავსი კონცეფცია გვხვდება გოგონას ოთახშიც.

აღსანიშნავია, რომ ავეჯის მასალის შიგნით ორივე ბავშვის ოთახში მილკვადრატის კონსტრუქციაა გამოყენებული, რომელიც დამაგრებულია ჭერსა და იატაკზე, რათა ლოგინის მეორე სართული (სადაც სათამაშო ზონაა) იყოს მყარი და უსაფრთხო. ანანო მეგრელიშვილი ყურადღებას ამახვილებს ამ დეტალზე და ჩვენს მკითხველს ურჩევს, რომ მსგავსი ტიპის ავეჯის დამზადებას მეტალის კონსტრუქციის გარეშე მოერიდონ.

აბაზანები სრულად დაკომპლექტებულია Vitra-ს სანტექნიკითა და ფილებით. ორივე აბაზანაში გამოყენებულია 4 ტიპის ფილა სხვადასხვა ტონალობაში. მათ შეხამებული აქვს თითბრისა და შავი ფერის შემრევები.

„ჩვენ თავიდანვე დავგეგმეთ ყველა დეტალი, ავეჯი და მასალები შევარჩიეთ წინასწარ – ერთად წავედით საზღვარგარეთ, სადაც ავეჯის ნაწილი, ფილები, შემრევები და სანტექნიკა სრულად შევარჩიეთ. ის, რასაც დღეს ფოტოებზე ვხედავთ, დამკვეთების ჩემდამი გამოცხადებული ნდობის შედეგია, რაც მუშაობისას ძალიან მნიშვნელოვანია,“ – ანანო მეგრელიშვილი

გამოყენებული მასალა:

ავეჯი ინდივიდუალური შეკვეთით: “კენჭო ჯგუფი” 

სამზარეულოს ზედაპირი და კედლის ფილა (6მმ) – “მერლონს” 

აბაზანის ფილები, შემრევები, სანტექნიკა – Vitra 

 

პროექტის ავტორი: ანანო მეგრელიშვილი

დიზაინ სტუდია: Concept design studio

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

რომელ ფერებს იყენებენ სკანდინავიელები ყველაზე ხშირად?