in

ქეთი ადეიშვილის ფერადი სახლი ლისის ტბის მიმდებარედ — სტუდია „Design It“-ის ნამუშევარი

დღევანდელ სტატიაში ქეთი ადეიშვილის ინტერიერს გაგაცნობთ, რომელიც ლისის ტბის მიმდებარედ, ლეო კვაჭაძის ქუჩაზე მდებარეობს. მისი საერთო ფართობი  91,7 მ2-ია. ქეთი უკვე 14 წელია უძრავი ქონების გაყიდვებისა და მარკეტინგის სფეროში საქმიანობს, მისი პროფესია გაყიდვების მართვას, მარკეტინგის მენეჯმენტსა და მარკეტინგულ კვლევებს უკავშირდება. ის ამჟამად  „ანაგი დეველოპმენტის“ გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორია, პარალელურად კი უძრავი ქონების გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებით ტრენინგებს ატარებს.

როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, ინტერიერის დიზაინის მხრივ პროფესიული განათლება არასდროს მიუღია, თუმცა უძრავი ქონების სექტორში საქმიანობამ ამ კუთხით საინტერესო გამოცდილება შესძინა. ქეთი თვლის, რომ დროის დაზოგვისა და სიმშვიდის შესანარჩუნებლად უმჯობესია, დიზაინ-პროექტი თავიდანვე პროფესიონალებს მიანდო, სარემონტო პროცესი კი კვალიფიციურ გუნდს ჩააბარო. ამგვარად, ქეთის თხოვნით, ბინის პროექტირებასა და დიზაინზე სტუდია „Design It“-ის გუნდმა, თიკო დემეტრაშვილმა და ირაკლი კირკიტაძემ იმუშავეს. იმის გამო, რომ სწორედ მათ შეასრულეს ქეთის სხვა ბინის დიზაინ პროექტი, დამკვეთისთვის უკვე კარგად იყო ნაცნობი მათი სტილი, ხედვა და მიდგომები.

სახლი მეპატრონემ ერთი წლის წინ შეიძინა, მისი ადგილმდებარეობა კი რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით შეარჩია. როგორც ქეთი მიიჩნევს, ქალაქის სხვა ცენტრალურ უბნებთან მიმართებით, ლისის დასახლება შედარებით მშვიდი და ეკოლოგიურად სუფთაა. ამასთანავე, საცხოვრებელი უბანი დაბალი განაშენიანებით ხასიათდება, საკმაოდ მყუდრო დასახლებაა და ინფრასტრუქტურაც გამართულია. აღსანიშნავია, რომ პროექტი დიდ სარეკრეაციო სივრცეს, შიდა ეზოებსა და სპორტულ მოედნებსაც ითვალისწინებს. ამავდროულად, უბანში უძრავი ქონების ფასები საკმაოდ მზარდია. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ ახალი ბინა ახლოს არის ქეთის შვილის სკოლასთან, რაც მშობლისთვის პრიორიტეტულია.

ახალმა მობინადრემ ბინა ე.წ. “თეთრი კარკასის” მდგომარეობაში შეიძინა, შესაბამისად, სარემონტო სამუშაოების ჩატარება სრულად მოუხდა. შეიცვალა ბინის გეგმარება — საძინებელში გამოიყო საგარდერობო სივრცე, პროექტში არსებული ერთ-ერთი არასრულფასოვანი სველი წერტილი კი საკუჭნაოდ გადაკეთდა. როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, მან თავიდანვე იცოდა, რაც სურდა, შესაბამისად, დიზაინერებისა და გამოცდილი ადამიანების დახმარებით, ეს საქმე გაუმარტივდა.

„ბინაზე არჩევანი მარტივად შევაჩერე, რადგან სახლში შესვლისთანავე ვიგრძენი, რომ სივრცეს ჩემს გემოვნებას მოვარგებდი. ბინა გამჭოლი და ნათელია, განსაკუთრებული ყურადღება კი აგურით მოპირკეთებულმა აივანმა მიიპყრო. სივრცის ნახვისთანავე ვიცოდი, როგორ განვალაგებდი ოთახებს, სად იქნებოდა საძინებლები, როგორი იქნებოდა სამზარეულო… სარემონტო სამუშაოები თავიდანვე სწორ ადამიანს — მალხაზ ჯანაძესა და მის ჯგუფს მივანდე. გარდა ამისა, აქტიურად იყვნენ ჩართულნი დიზაინერებიც, რომლებიც ამ პროცესს ზედამხედველობას უწევდნენ“.

ქეთი აღნიშნავს, რომ ამ პროექტში, მეორე სახლისგან განსხვავებით, ნეიტრალური გადაწყვეტილებებისგან თავი შეიკავა და თამამი ნაბიჯები გადადგა, ამიტომ ინტერიერში მკვეთრი და ნათელი ფერები სჭარბობს, წამყვან ტონებად კი მარჯნისფერი და ცისფერი შეირჩა. სასტუმრო ოთახში ბეტონის ჭერი და კედლები ხელუხლებელი დარჩა, რაც ჰარმონიულად შეეხამა ფერად პალიტრას.

გაერთიანებული მისაღებისა და სამზარეულოს ინტერიერი თბილი, მყუდრო და მიმზიდველია. იატაკი ღია ხისფერი, კედლები კი თეთრია. შესაბამისად, მთავარი ყურადღება ფერად ავეჯსა და აქსესუარებზე მახვილდება. სამზარეულო მომხიბვლელი და ელეგანტურია, რაც ცისფერი ავეჯითა და მარჯნისფერი აქცენტებით მიიღწევა. აქვე ვხვდებით პატარა სასადილო მაგიდას, რაც ამ ნაწილს სისადავეს სძენს.

მოსასვენებელი ზონა ცისფერი ავეჯით სამზარეულოს ეხმიანება. მასიური ხის თაროები და კარადა საკმაოდ ტევად და პრაქტიკულ სათავსოსთან ერთად, დეკორატიული ელემენტიცაა და ინტერიერს ესთეტიკურად ამდიდრებს. ეს ადგილი საკმაოდ დატვირთული და მრავალფეროვანია. თვალშისაცემია წიგნები, აქსესუარები, დიზაინობიექტები და მუსიკალური საკრავი, რაც სახლს სიმყუდროვით ავსებს.

ინტერიერზე მუშაობისას, მაცხოვრებლების სურვილებთან ერთად, გასათვალისწინებელი იყო ოჯახის ორი განსაკუთრებული წევრის — კნუტასა და ოლის ინტერესებიც.

„გამომდინარე იქიდან, რომ ორი კატა მყავს, რომელთა განებივრებაც ჩემი საყვარელი საქმიანობაა, ინტერიერის შექმნის პროცესში ჩემი და ევას საჭიროებებთან ერთად, კნუტას და ოლის (მეტისის და ბრიტანული შინშილას) სურვილებიც უნდა გაგვეთვალისწინებინა. ვფიქრობ, ამ კუთხით დასახულ მიზნებს მივაღწიეთ. დიზაინერებმა საინტერესო გადაწყვეტილება მიიღეს – თაროები და კარადები იმ პრინციპით დააპროექტეს, რომ კატებს თავისუფლად შესძლებოდათ სხვადასხვა სიმაღლეზე გადაადგილება“.   

მაცხოვრებლისთვის გამორჩეულია ფირსაკრავი და ვინილების კოლექციაც, რომელთა ადგილი თაროების დაპროექტებისას წინასწარ განისაზღვრა. ქეთის შექმნილი ილუსტრაციები და სხვადასხვა დროს ნაყიდი ნახატები კი ორგანულად ერწყმის ფერად სივრცეს და განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის.

ხე ინტერიერში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. სახლის ერთ-ერთი მიმზიდველი ობიექტი ხის პატარ მაგიდაა, რომელიც ბუნებრივ ფორმებს ინარჩუნებს და ოთახს ალამაზებს.

დიდ ადგილს იკავებს განათებაც, ჭერი დაქსელილია დეკორატიული სადენებით, ტახტთან მდგარი მოზრდილი ფორმის სანათი კი მნიშვნელოვანი დეკორატიული ელემენტია.

მთავარ საძინებელ ოთახში წამყვანი ფერი მწვანეა, რომლის განსხვავებული ტონალობები გვხვდება კედლებზე, ბალიშებსა და ავეჯზე. ამგვარი გადაწყვეტა სივრცეში მშვიდ და სასიამოვნო ატმოსფეროს განსაზღვრავს. მთავარ საძინებელთან მოწყობილია გარდერობიც, რომელიც მინის ტიხრით არის გამოყოფილი.

საბავშვო ოთახში შედარებით მკვეთრი ფერები სჭარბობს, რაც სივრცეს სიხალისეს მატებს. მარჯნისფერი საწოლი და ფარდები, ცისფერი კედელი და ყვითელი ელემენტები ამაღლებულ განწყობას ქმნის, ხოლო ხის ავეჯი ჯანსაღ გარემოს აყალიბებს. სრული კომფორტისთვის ერთმანეთისგან გამიჯნულია საძილე და სამეცადინო კუთხეები.

სააბაზანო მიმზიდველი ფილებითა და წითელი ავეჯითაა მოწყობილი. ამგვარად, ეს ზონაც ფერადი და მყუდროა. ფართის სიმცირის მიუხედავად, ის ფუნქციურად და კომპაქტურადაა გადანაწილებული.

აივანი ლამაზადაა გაფორმებული — ფერადი სკამები, ბუნებრივი გამწვანება და დიზაინობიექტები ამ ზონას სიცოცხლით ავსებს და დასასვენებლად იდეალურ ადგილს ქმნის.

ბინა საკმაოდ ფერადი და საინტერესოა, საცხოვრებელში დადებითი აურა და პოზიტიური ენერგია ცხადად იგრძნობა. ფერები ბუნებრივად ესადაგება ერთმანეთს და დასამახსოვრებელი ინტერიერი იქმნება.

 

პროექტის ავტორი: თიკო დემეტრაშვილი, ირაკლი კირკიტაძე

ინტერიერის დიზაინ სტუდია: „Design IT“

სარემონტო სამუშაოები: მალხაზ ჯანაძე 

სამზარეულოს ავეჯი — „ოპ-არტი“

იატაკის საფარი — ლამინატი „Heringbone“  — „Pisa Oak“

აბაზანის ფილები — „VitrA Georgia“

შემრევები — „Empolo“

საღებავი — „კაპაროლი“

განათება — „Lumen“, „ „Smart Light“

ავეჯი — „Kave

ავტორი: მეკო მეტრეველი

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

იახტების შთაგონებით შექმნილი სახლი ბელგიაში – Objekt Architecten-ის პროექტი

10 ფერი, რომლებიც მისაღები ოთახის კედლებს განსაკუთრებით უხდება