in

ბუნებრივი მასალებით გაჯერბული ინტერიერი მარჯანიშვილის მეტროსთან – სტუდია Sxvava-ს ნამუშევარი

ბინა, რომელიც თბილისში, მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს, 98 კვადრატულ მეტრს მოიცავს და მის დიზაინ პროექტზე არქიტექტურულმა ბიურო Sxvava-მ იმუშავა.

 “სტუდია 2015 წელს დავაარსეთ მოსკოვში. მისი მთავარი მიმართულება საგამოფენო მოედნების, არქიტექტურული ფესტივალების, საზოგადო სივრცეებისა და ინდივიდუალური საცხოვრებლების მოწყობაა. სახელწოდება “სხვავა” ჩემი მშობლიური სოფლიდან ავიღეთ, რომელიც რაჭაში, ამბროლაურთან ახლოს მდებარეობს. ამ დასახელებაში სტუდიის ფილოსოფიაა ჩადებული – ეს არის საოჯახო კერა, მყუდრო სახლი, ადგილი, სადაც გსურს დაბრუნდე განსატვირთად და დასასვენებლად,” – ლევან დავლიანიძე, Sxvava-ს დამფუძნებელი

როგორც პროექტის ავტორი გვიამბობს, დამკვეთის მთავარი სურვილი იყო თანამედროვე მყუდრო საცხოვრებლის შექმნა. რაც შეეხება პროექტირებას, ამ მხრივ შემსრულებლებს ბინის მეპატრონეებისგან სრული თავისუფლება ჰქონდათ.

საპროექტო დავალების შესასრულებლად ლევანმა საკუთარ გუნდთან ერთად შეიმუშავა კონცეფცია, რომლის ამოსავალი წერტილი ბუნებრივი განათების ეფექტურად გამოყენება იყო. სწორედ ამ მიზნით ზომაში გაიზარდა კარის ღიობები, სადაც დამონტაჟდა მაღალი კარები შუშის ფრაგმენტებით.

ამას გარდა, პროექტის ავტორებმა გამიზნულად არ გამოიყენეს ინტერიერში წერტილოვანი განათება. შესაბამისად, ბინაში მხოლოდ ზედაპირებიდან არეკლილი ნათება გვხვდება.

დიზაინერებმა მხოლოდ ნატურალურ მასალებს მიანიჭეს უპირატესობა. აქ გვხვდება მასიური მუხის ხე, მუხის შპონი, მასიური ტექის ხე, მარმარილო, კვარცი და კერამიკული ფილები. ამას გარდა, პროექტში ეკოლოგიურად სუფთა საღებავებია გამოყენებული.

რაც შეეხება ავეჯს, მისი უმრავლესობა ინდივიდუალური დაკვეთით არის დამზადებული ლევანის ესკიზების მიხედვით. ამ მხრივ განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს უმშვენიერესი ხის მაგიდა, რომელიც ძველი რაჭული მუხისგან დამზადდა სპეციალური შეკვეთით.

“ეს პროექტი ჩემთვის განსაკუთრებულია, ვინაიდან ის არის ჩემი პირველი პროექტი ჩემს საყვარელ ქალაქში. მიუხედავად იმისა, რომ იყო გარკვეული სირთულეები (მაგალითად, შეკვეთილი ავეჯის მითითებულ ვადებში დამზადება), ვთვლი, რომ შედეგი იდეალურია. ეს არის უნივერსალური საოჯახო ბუდე ქალაქის კონტექსტში,” – ლევან დავლიანიძე

პროექტის ავტორი: Sxvava Architecture 

იატაკი: მასიური მუხა (რესტავრირებული)

იატაკის საფარი აბაზანაში: მასიური ტექის ხე

კარების სახელურები: კარულა

შემრევები: Hansgrohe

სანათები: Artemida, Flos, Louis Poulsen

მუხის მაგიდა: “ტაბურეტი”

სამზარეულო: GIOF

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

რუბრიკის წარმდგენია თიბისი ბიზნესისთვის

Entrebosques — ფოლადის მოდულებისგან შექმნილი სახლი კოლუმბიის ტყეში

თბილისში იტალიური დიზაინის დღეები გაიმართა მიკელე დე ლუკის მონაწილეობით