დღეს გაგაცნობთ ნინო ლაფაურისა და გიორგი შანშიაშვილის პროექტს, რომელიც ძველ თბილისში, გიორგი მაზნიაშვილის ქუჩაზე მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 80 მ²-ია. სახლი საკმაოდ ძველია. აღსანიშნავია, რომ ის სამხედრო სასწავლებლის ფუნქციით აშენდა, რაც დღესაც იგრძნობა გრძელი დერეფნების, მაღალი ჭერის, განიერი კიბეებისა და პომპეზური შესასვლელის სახით. შესაბამისად, დამკვეთის მთავარი მოთხოვნა ბინის ავთენტური ხასიათის შენარჩუნება და თანამედროვე, ფუნქციური გარემოს შექმნა იყო.
პროექტის ავტორებმა ბინა ნაწილობრივ ე.წ. “შავი კარკასის” მდგომარეობაში ჩაიბარეს. რემონტის მიმდინარეობისას მთლიანად გასუფთავდა იატაკი და კედლები სხვადასხვა ფენის მოსაპირკეთებელი მასალისგან. ბინის სიძველის გამო, გეგმარება დიდად არ შეცვლილა – მოიხსნა მხოლოდ ძველი მინაშენი ტიხარი. კედლების დამუშავებისას აღმოჩენილი ავთენტური კედლის ღებვა კი მცირედი რესტავრაციის შედეგად, დეკორატიული ფითხისა და დამცავი ხსნარის გამოყენებით, პირვანდელი სახით შენარჩუნდა.
„როდესაც კედლები გავაშიშვლეთ, დაგვხვდა ძალიან საინტერესო ტექსტურა ავთენტური კედლის ღებვის სახით. დეფექტები შევავსეთ არაგამაღიზიანებელი შემავსებლით, რაც კედლის პირვანდელ ვიზუალთან შესაბამისი გამოვიდა. მივიღეთ ძველისა და ახლის ერთგვარი შერწყმა, მათი ჰარმონიული თანაარსებობა. ასევე, ბინაში ნაწილობრივ შევინარჩუნეთ პირვანდელი წიწვოვანი ხის მასიური ფიცრის იატაკი, რომელიც კარგად ჩაჯდა საერთო იერსახეში”, — აღნიშნავენ პროექტის ავტორები.
ბინა მოიცავს შემოსასვლელ ზონას, ძირითად ოთახს, სადაც სამზარეულო, სასადილო და მისაღები კუთხეა განთავსებული, სველ წერტილს, საძინებელ ზონასა და მოსასვენებელ ოთახს, რომელიც სამუშაო სივრცის ფუნქციასაც ითავსებს.
ინტერიერი საკმაოდ ეკლექტური და საინტერესოა. ძირითადი კედლები უფაქტურო ქაღალდითაა დაფარული, რომელიც თეთრ ტონალობაშია შეღებილი, აქცენტის სახით კი გვხვდება დეკორატიული ფითხით დამუშავებული არქაული ვიზუალის ზედაპირები. ბინა ყურადღებას იპყრობს განსხვავებული ფერადი ელემენტებით, ავეჯისა და დეკორატიული ობიექტების სახით, რომელსაც მრავლად გამოყენებული ბუნებრივი გამწვანება სიცოცხლესა და სიხალისეს ანიჭებს.
სივრცეები ერთმანეთისგან გამიჯნულია ლითონის ვიტრაჟებით, რომლებიც ნარინჯისფერ ტონალობაშია შეღებილი და კონტრასტულ შტრიხებს ქმნის. ტიხრებში კი გამოყენებულია გოფრირებული მინა, რომლის რელიეფური ტექსტურა შიდა სივრცეების პრივატულობას უზრუნველყოფს.
შემოსასვლელი სივრცე სწორედ ასეთი ლითონის ვიტრაჟული ტიხრით არის გამოყოფილი, სადაც ზონირების ხაზგასასმელად იატაკზე შავ-თეთრი ფილები გვხვდება. აღსანიშნავია აქცენტირებული მწვანე ფერის შემოსასვლელი კარიც, რომელიც ამავე ტონალობის ავეჯს ეხმიანება.
ძირითად ოთახში სივრცე ფუნქციურად სწორად არის გადანაწილებული, რაც ავეჯის დახმარებით მიიღწევა. ფერებისა და ფაქტურების საინტერესო სინთეზით კი კომფორტული, მყუდრო გარემო იქმნება. პირვანდელი სახით შენარჩუნებულ კედელთან მოწყობილია მოსასვენებელი კუთხე მასიური შავი ტყავის ტახტით, მცირე ზომის მაგიდითა და სათავსოებით. ეკლექტური დიზაინის გამოსაკვეთად კი გვხვდება სხვადასხვა დეკორატიული ელემენტი სანათების, პოსტერების, აქსესუარებისა თუ მცენარეების სახით.
ოთახის ცენტრალურ ნაწილში განლაგებულია მცირე სასადილო კუთხე მწვანე ტონის ტექსტილითა და თანამედროვე დიზაინის მიმზიდველი სკამებით.
ოთახის მეორე მხარე კი სრულად სამზარეულოს ეთმობა, სადაც ნაცრისფერი და თეთრი ფაქტურის ავეჯია განლაგებული, კონტრასტის სახით კი ცისფერი მაცივარია შემოტანილი, რომელიც პრაქტიკულ დანიშნულებასთან ერთად, დეკორატიულ ფუნქციასაც ითავსებს.
ინტერიერში განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს პოსტერები, რომელთა უმეტესობის ავტორი თავად სახლის მეპატრონეა, რაც ორმაგად სასიამოვნოს ხდის სივრცეს და მის ავთენტურობასა და ინდივიდუალურ ესთეტიკას გამოკვეთს.
ფუნქციურად საკმაოდ დატვირთულია მეორე მოსასვენებელი ოთახი, სადაც ყველა საჭირო პირობაა შექმნილი განტვირთვისა და პროდუქტიული მუშაობისთვის. აქაც ეკლექტური სტილისტიკა მეორდება და სივრცე ფერადი აქცენტებით ხასიათდება.
ოთახში განთავსებულია როგორც ტელევიზორის ზონა კომფორტული ნაცრისფერი ტახტითა და ხის მაგიდით, ასევე მცირე ბიბლიოთეკა, მუსიკალური კუთხე და სამუშაო ადგილები. მიუხედავად იმისა, რომ სივრცე საკმაოდ ნათელია, შემოტანილია წერტილოვანი, დეკორატიული განათებაც, რაც ინტერიერის გალამაზებასთან ერთად, სასურველი განწყობის შექმნაშიც ეხმარება მაცხოვრებლებს.
საძინებელი შედარებით სადა და მინიმალისტურია, სადაც მონოქრომული ფერთა პალიტრა გვხვდება. მთავარ დეკორატიულ როლს აქ არქაული კედლის ნაწილი ასრულებს, რომელიც ორგანულად ერწყმის თანამედროვე ინტერიერს და ძველისა და ახლის საინტერესო სინთეზს ქმნის. ოთახი დატვირთულია როგორც ტევადი კარადებით, ასევე ღია საგარდერობო ზონით.
მწვანე ფერი მეორდება სააბაზანო ოთახშიც, რომელსაც შავ-თეთრი ფილები სასიამოვნოდ ეხამება და ქმნის მყუდრო, მიმზიდველ გარემოს, რომელიც ყველა საჭირო ფუნქციურ მახასიათებელს აკმაყოფილებს.
ნინო ლაფაურისა და გიორგი შანშიაშვილის პროექტი არასტანდარტული, ეკლექტური დიზაინით ხასიათდება, რომელშიც ფერთა მრავალფეროვნება და სიცოცხლე იგრძნობა. ინტერიერში ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის არქაული აქცენტები და თანამედროვე გადაწყვეტილებები, რაც გეგმარებით, მოსაპირკეთებელი მასალებით, ავეჯისა თუ დეკორატიული ელემენტების სახით გამოიხატება.
პროექტის ავტორი: ნინო ლაფაური, გიორგი შანშიაშვილი
გამოყენებული მასალები:
იატაკის საფარი: ეკოვუდი
აბაზანის ფილები: კაფელის სახლი, Kerama Marazzi
შემრევები: პალაცანი
კედლის მოპირკეთება: კაპაროლი
განათება: ახალი ნათება, დილაითი, ინდუსტრიული განათება
ავეჯი: IKEA