in

შავ-თეთრ ტონებში გადაწყვეტილი ელეგანტური ბინა მინდელის ქუჩაზე – სტუდია Roomy-ის ნამუშევარი

პროექტი, რომელიც თბილისში, მინდელის ქუჩაზე მდებარეობს, 83 კვადრატულ მეტრს მოიცავს და მასზე ინტერიერის დიზაინის სტუდია Roomy-იმ იმუშავა.

დიზაინერი  ნინი სოხაძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ მისთვის ინტერიერზე მუშაობა ორმაგად სასიამოვნო პროცესი იყო, რადგან დამკვეთები (ახალგაზრდა ცოლ-ქმარი) მისი მეგობრები არიან, ამიტომ გემოვნებისა და ცხოვრების სტილის გათვალისწინებით, ინტერიერის მათზე მორგება გაუმარტივდა.

არსებული სივრცითი გეგმარებიდან და დამკვეთის სურვილიდან გამომდინარე, მთავარ მიზანს სამზარეულოსა და მისაღების ჰარმონიულად გაერთიანება წარმოადგენდა. თუმცა, ფართის სიმცირიდან გამომდინარე, შეუძლებელი იყო სივრცის ლამაზი ვიტრაჟითა თუ დეკორატიული ტიხრით გამოყოფა.

როგორც პროექტის ავტორისგან ვიგებთ, მთავარ გამოწვევად საძინებლის კარი იქცა, რომელიც პირდაპირ მისაღებ სივრცეში გამოდის. სწორედ ამიტომ, მოხდა ე.წ „უხილავი“ კარის მონტაჟი, რომელიც წინასწარ, სამღებრო სამუშაოების დროს მოითხოვს ღიობის სათანადო მომზადებას და შესაბამისად, საკმაოდ შრომატევადი სამუშაოა. ამას გარდა, გაკეთდა ე.წ. „დაფარული პლინტუსი“  (კედელში დამალული პლინტუსი), რათა იგი კართან მიმართებაში ერთ სიბრტყეზე ყოფილიყო. როგორც დიზაინერი აღნიშნავს, ეს საკმაოდ რთული შესასრულებელი სამუშაოა, რადგან მსგავსი ტექნიკის გამოყენება, თაბაშირ-მუყაოს კედლებზე უფრო გამართლებულია.

კედლების ძირითადი ფერი თბილი თეთრია, თუმცა აქცენტირებული შავი ფერი Laminam-ის ულამაზესი სამზარეულოს ზედაპირის სახით შემოდის ინტერიერში და ზომიერად მეორდება სხვადასხვა დეტალებში, როგორიცაა სანათი, სახელურები, ჩამრთველები, კარის დეტალები, რაც სივრცეს ელეგანტურსა და საინტერესოს ხდის. სასადილო მაგიდა კერამო გრანიტის ზედაპირით, კარგად ეხამება სამზარეულოს, ერთგვარ ზონირების ფუნქციასაც ასრულებს და ახდენს მისაღები სივრცისგან გამოყოფას.

აღსანიშნავია, რომ დომინანტი შავ-თეთრი ფერების მიუხედავად, ინტერიერი საკმაოდ დაბალანსებული და თბილია, რაც ხის იატაკის ხარჯზე მიიღწევა.

შემოსასვლელი სივრცის გათვალისწინებით, სასურველი იყო კარადა ფუნქციურთან ერთად, მაქსიმალურად შეუმჩნეველი ყოფილიყო. ამიტომ ფასადების ფერი, კედლის ფერშია გადაწყვეტილი, ხოლო სახელურები და ჩრდილები „უხილავი“ კარის სილუეტს იმეორებს. იატაკიდან ჭერამდე განთავსებულმა სარკემ კი სივრცის გაზრდის ვიზუალური ილუზია შექმნა.

ინტერიერში გამოყენებულია მაღალი ხარისხის კედლის ქაღალდი და საღებავი (derufa H&H), რომელიც სველი წესით წმენდას ექვემდებარება. ბეტონის ფაქტურის ფილებით გადაწყვეტილი კედლები და იატაკი კი ერთიან ფონს იძლევა, რომელზეც იდეალურად იკითხება შავი ფერის შემრევები. კედლისა და იატაკის მოპირკეთება ჰარმონიულად ერწყმის მუხის შპონისა და რატინის ფაქტურას, რომელიც კარადაზეა გამოყენებული.

საძინებელში, განსხვავებული, უფრო თბილი ტონის კედლის ფერი გვხვდება, რომელიც კარგად ერწყმის ტექსტილს. საწოლის კედელზე მინიმალისტურად არის გამოყენებული კედლის მოლდინგი, რომელიც სხვადასხვა „ობიექტების“ ხაზებს იმეორებს.

პროექტის ავტორისთვის ინტერიერის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სივრცეს აბაზანა წარმოადგენს, რომლის ესთეტიკურ მხარეს და კომფორტის ხარისხს, გეგმარების დროს, ფურნიტურის სწორად და პროპორციულად გადანაწილება განაპირობებს. აბაზანის შესასვლელ კართან განთავსებულია კარადა, რომელიც სათავსოს ფუნქციას ასრულებს და ინტერიერის დიზაინსაც ჰარმონიულად ერწყმის. საშხაპისა და სველი წერტილის ზონა, ერთმანეთისგან ტიხრითაა განცალკევებული, რაც უფრო კომფორტულს ხდის სივრცეს. მასალაში გამოყენებულია შავი ფერი, თუმცა თეთრი ფერის ელემენტები და იატაკსა და კედელზე არსებული ნაცრის ფერი მას აბალანსებს, ყოველივე ეს კი უზრუნველყოფს მთლიანი სახლისთვის დამახასიათებელი ელეგანტური ხაზის აბაზანაში გამეორებასაც.

საბოლოდ, პროექტმა მიიღო ის სახე, რაც დიზაინერსა და დამკვეთებს სურდათ. მისაღები და სამზარეულოს სივრცე ჰარმონიულად გაერთიანდა და მაცხოვრებლებისთვის კომფორტული გარემო შეიქმნა. ინტერიერის სიმყუდროვესა და ელეგანტურობას მისი შავ-თეთრ ფერებში გადაწყვეტა, ღია ნაცრისფერი ტონის გამოყენება და ხის იატაკი განაპირობებს, რომელიც ბინაში თბილ და პოზიტიურ ატმოსფეროს ქმნის. უხილავი კარისა და დაფარული პლინტუსის დამონტაჟება კი სივრცეს თანამედროვე და მინიმალისტურ იერსახეს ანიჭებს. სახლში თითოეული დეტალი ერთმანეთს გემოვნებიანად ეხამება და მას სადა, დახვეწილ ვიზუალს სძენს.

დიზაინ სტუდია: ინტერიერის დიზაინის სტუდია Roomy

პროექტის ავტორი: ნინი სოხაძე

ფოტოგრაფი : იაროსლავ ლუკანჩენკო

Homeis.ge-ის 5 რჩეული ნაძვის ხის სათამაშო თბილისის მაღაზიებიდან

ყველაფერი არქიტექტორისა და კონსტრუქტორს შორის თანამშრომლობაზე – ინტერვიუ ირაკლი გოგოხიასთან