ინტერიერის დიზაინი არის ხელოვნება, რომელიც მუდმივად ვითარდება, გვთავაზობს ახალ ტენდენციებსა და სტილს, რაც ხიბლავს და შთააგონებს ადამიანებს. ერთ-ერთი ასეთი ტენდენცია, რომელმაც ბოლო წლებში მნიშვნელოვანი პოპულარობა მოიპოვა, არის მკვეთრი აქცენტების დამატება. ეს ტექნიკა ხასიათდება თამამი ფერებით, მრავალფეროვანი ნიმუშებითა და უნიკალური ტექსტურით და აქვს სივრცის სრულად გარდაქმნის შესაძლებლობა. ინტერიერის დიზაინში მკვეთრი აქცენტების ჩართვა არ საჭიროებს არსებული დეკორის მთლიანად შეცვლას, ამის ნაცვლად შეგიძლიათ გააზრებული ელემენტებისა და ფერების გამოყენება. დღევანდელ სტატიაში კი სწორედ იმ რამდენიმე ქართული პროექტის შესახებ გიამბობთ, რომლებიც მკვეთრი ფერებითა და თამამი ნიმუშებით შეიქმნა.
ბინა ატენის ქუჩაზე
საპროექტო დავალება გულისხმობდა ახალგაზრდა წყვილისთვის ლამაზი, მყუდრო და კომფორტული ბინის მოწყობას, რომელიც ხასიათდება მინიმალისტური და სადა ინტერიერით, თუმცა აქცენტების სახით საკმაოდ მკვეთრი ფერებია გამოყენებული, როგორებიცაა მუქი წითელი და ლურჯი. ბინა ძირითადად თეთრ ფერშია გადაწყვეტილი, ამიტომ კონტრასტების სახით, ავეჯი და აქსესუარებია შემოტანილი. ფერების დახმარებით ინტერიერში ძალიან საინტერესო კონტრასტული ზონები იქმნება, თუმცა მთლიანობაში სივრცე არ არის გადატვირთული და ქაოსური.
ბინა ზემო ვაკეში
ბინაში ფისტასფერი დომინირებს, რომელიც კედელზე გვხვდება და იატაკის ღია ხისფერ ტონალობასთან კომბინაციით საოცრად თბილ, პოზიტიურ და მყუდრო ატმოსფეროს ქმნის. ავეჯის სახით კი დამატებულია საკმაოდ მუქი ფერები, რომელთა ხარჯზეც სივრცე ბევრად უფრო მრავალფეროვანი და დახვეწილი ჩანს. შედარებით ღია ფერები დომინანტურ ფისტასფერს ანეიტრალებს და განსხვავებული აქცენტები შემოაქვს.
ბინა პეტრიაშვილის ქუჩაზე
ინტერიერში მეტწილად გვხვდება თანამედროვე ტენდენციები, თუმცა, აქ ასევე შეინიშნება კლასიკური ელემენტებიც, რაც სივრცეს გამორჩეულ ხასიათს სძენს. ყურადღებას იქცევს დახვეწილი ფერთა კომბინაცია. ეს არის ხისფერი, მწვანე, რუხი და დომინანტი თეთრი ფერი, რომელსაც კონტრასტის სახით მკვეთრი ფერის ავეჯი უპირისპირდება. მკვეთრი წითელი საკმაოდ მარტივად იქცევს ყურადღებას და სასიამოვნოდ აბალანსებს სხვა დომინანტურ ტონებს. მწვანე ავეჯისა და დეტალების ხარჯზე სივრცეში ბუნებრივი განწყობა იქმნება.
ბინა ბაგებში
ამ ბინის მისაღები ოთახი მუქ და კონტრასტულ ფერებშია გაწყობილი. მწვანე კონტრასტული ფერი, რომელიც გამოყენებულია მისაღებში, ისე საძინებელში, დაბალანსებულია სხვა კედლების ღია რძისფრით. ღვინისფერი წითელი დივანი კი დაბალანსებულია ხისფერ იატაკთან და ტელევიზორის მუქ ტონთან. მთლიანობაში ინტერიერი ძალიან მშვიდი და ჰარმონიულია და დახვეწილ ხასიათს ატარებს.
პენტჰაუზი ლისზე
ინტერიერში სჭარბობს მწვანე ფერი, ყვითელი და წითელი ნოტების დამატებით კი სახასიათო ფერთა პალიტრა იქმნება. ამ ფერთა გამას კი იდეალურად აბალანსებს ხისა და ქვის ფაქტურები. თვალშისაცემია საინტერესო დიზაინის მქონე მწვანე ფარდა, რომელიც მწვანე თაროებისა და სასადილო მაგიდის სკამების ტონს ეხმიანება. მკვეთრი აქცენტები დაბალანსებულია ხის იატაკის საფარით, რომელსაც სივრცეში ბუნებრივი და მშვიდი ხასიათი შემოაქვს.
ბინა “თბილისი ჰილსის” კომპლექსში
ამ პროექტის ავტორისთვის თავდაპირველ ამოცანას წარმოადგენდა კონკრეტული ფსიქოტიპის ადამიანისთვის უსაფრთხო და კომფორტული სივრცის შექმნა. დიზაინერმა ფრაგმენტების სახით შეინარჩუნა ბეტონის კედლები და კონტრასტისთვის აქტიური აგურისფერი გამოიყენა. ინტერიერში მნიშვნელოვანი დატვირთვა მიენიჭა განათებასაც. ამ მხრივ რამდენიმე სცენარი დაპროექტდა, რაც საღამოს საათებში სხვადასხვა განწყობის შექმნის საშუალებას იძლევა.
“იცხოვრე შენი ცხოვრებით” სათქმელად უფრო ადვილი, გასაბედად კი რთულია. ხშირად გაბედვა უნდა ერთი შეხედვით მარტივ საკითხებს, მაგალითად, სახლის საკუთარი გემოვნების მიხედვით მოწყობას. m2-ის კამპანია “გაბედე” სწორედ ამ საკითხზე გვაფიქრებს და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ყველაფერი საინტერესო გაბედვით იწყება.
გაბედე, იცხოვრე შენი ცხოვრებით!
რუბრიკა „გაბედეს“ წარმდგენია m2