in

თანამედროვე და მინიმალისტური ბინა მთაწმინდის ქუჩაზე — გიორგი გუგუნავას ნამუშევარი

დღეს გაგაცნობთ გიორგი გუგუნავას მორიგ პროექტს, რომელიც მთაწმინდის ქუჩაზე მდებარეობს. ობიექტის საცხოვრებელი ფართი 180 მ2-ს მოიცავს, ტერასები კი 70 მ2-ს. საპროექტო დავალება გულისხმობდა ახალგაზრდა ბიჭისთვის კომფორტული და თანამედროვე სივრცის მოწყობას და დამკვეთის ინტერესების გათვალისწინებას.

მინიმალისტური და თანამედროვე ინტერიერის შესაქმნელად ბინის თავდაპირველ გეგმარებაში მცირედი ცვლილებები განხორციელდა. კერძოდ, გასწორდა რამდენიმე კედელი, სივრცეში ტიხრები მოიხსნა და ოთახები გაერთიანდა. ამის შედეგად, საერთო ოთახი და სასადილო ზონა გაერთიანდა და მართკუთხა ფორმის ერთი ოთახი შეიქმნა. სამზარეულო და სასადილო კი ნახევრად ღია გეგმარების სივრცედ ჩამოყალიბდა. ეს ორი ფუნქციური ნაწილი ერთმანეთისგან კარებით არ არის გამოყოფილი, თუმცა იზოლირებულია, რაც დაშპონილი MDF-ით მოპირკეთებული ტიხრით იქნა მიღწეული,  რომლის ერთ მხარეს სამზარეულოს ტექნიკაა ჩაშენებული, მეორე მხარეს კი (სასადილოს მხრიდან) – დახურული კარადები.

სახლი შედარებით ახალი აშენებულია. ის მთაწმინდის ზედა ფერდზე, მამა დავითის ეკლესიისკენ მიმავალ აღმართზე მდებარეობს. ბინა სამი მხრიდან გარშემორტყმულია ტერასებით, საიდანაც თბილისის ულამაზესი ხედები იშლება. იმისათვის, რომ აღნიშნული ხედები ინტერიერიდან ადვილად დასანახი ყოფილიყო, ზოგ ადგილებში ოდნავ გავზარდეთ ვიტრაჟები, ზოგან კი ძირამდე დავიყვანეთ და მთელ კედელში ჩავსვით, რამაც სივრცე უფრო ნათელი გახადა”, — აღნიშნავს გიორგი გუგუნავა.

ბინა ძირითადად ორ მთავარ ზონად არის დაყოფილი — მისაღებ-სამზარეულო სივრცედ და საძილე ოთახებად. დერეფანი კი ამ სივრცეების დამაკავშირებელ რგოლს წარმოადგენს. იმის გამო, რომ სახლს ცალკე საკუჭნაო არ აქვს, დერეფნის მთელ სიგრძეზე ჩაშენებული კარადებია დამონტაჟებული. საცხოვრებელი ისეა დაპროექტებული, რომ თითოეული ფუნქციური ზონა მოზრდილ ტერასაზე გადის, საიდანაც პანორამული ხედები იშლება.

ინტერიერი თეთრ და ნაცრისფერ ტონებშია გადაწყვეტილი და მასში მუქი აქცენტების სახით დაშპონილი MDF-ის მასალა გვხვდება. იატაკი მუხის სამშრიანი პარკეტით არის მოპირკეთებული, რომელსაც სამზარეულო სივრცეში კერამოგრანიტის ფილები ცვლის. სივრცის ერთიანობის შესანარჩუნებლად და დიდი ვიტრაჟების გამო, გასათბობ სისტემად გამოყენებულია იატაკში ჩაშენებული კონვექტორული გამათბობლები. ხოლო კონდიცირების სისტემა ჭერშია მოწყობილი.

მთავარ ოთახში, სადაც მოსასვენებელი კუთხეა, სიმყუდროვე და სასიამოვნო ატმოსფერო იგრძნობა, რაც ნაცრისფერი ბეწვის ხალიჩით, ამავე ტონალობის რბილი ავეჯითა და ბუხრით მიიღწევა. მიმზიდველ კონტრასტს ქმნის ნაცრისფერი და თეთრი კედლების დაპირისპირებაც, რაც სივრცეს მეტ სიღრმესა და ინტერესს სძენს. გარდა დიდი ვიტრაჟებისა, ოთახში გამოყენებულია წერტილოვანი განათებაც, რაც მუქ ფერთა პალიტრას ანეიტრალებს.

მთავარი ოთახის მეორე მხარეს მოწყობილია სასადილო კუთხე, რომელიც ელეგანტური, დახვეწილი სტილით ხასიათდება. შავი მასიური მაგიდა და ტყავის სკამები ორგანულად ეხამება ინტერიერს და მის მომხიბვლელ იერსახეს უსვამს ხაზს.

ფუნქციურთან ერთად, დეკორატიული ელემენტია დაშპონილი MDF-ით მოპირკეთებული ტიხარი, რომელიც სასადილოსა და სამზარეულო ზონას ერთმანეთისგან მიჯნავს.

სამზარეულო ნაცრისფერი კერამოგრანიტის ფილებითაა მოპირკეთებული, რომელსაც ასევე მუქი ნაცრისფერი ავეჯი და შავი ტექნიკა ერწყმის. ჩაშენებული კარადები და სამზარეულოს ზედა და ქვედა თაროები საკმაოდ ტევად სივრცეს ქმნის, რის გამოც ტექნიკა და სამზარეულოს აქსესუარების უმეტესობა მათ მიღმაა მოქცეული, ეს კი სივრცეში ერთიანობის შეგრძნებას აძლიერებს.

საცხოვრებლის შედარებით უფრო მშვიდ და მყუდრო ზონაში საძილე ოთახებია განთავსებული. ერთ-ერთ ოთახში მისაღების მსგავსი ინტერიერი გვხვდება — ნაცრისფერი ბეწვის ხალიჩა, ამავე ტონალობის საწოლი, ავეჯი და დაშპონილი MDF-ის კედლები, რომლის ერთ-ერთ ნაწილზე მოწყობილია ტევადი სათავსო და სამკითხველო კუთხე. აღსანიშნავია, რომ ოთახს ინდივიდუალური საგარდერობო ოთახი და სააბაზანო აქვს, რაც მის ფუნქციურობას ზრდის.

მეორე საძინებელი ოთახი შედარებით ღია ფერთა პალიტრით ხასიათდება, თუმცა ამ ზონაშიც აქტიურად გვხვდება ნაცრისფერი აქცენტები, რომელსაც განათება და თეთრი შტრიხები ანეიტრალებს. აღნიშნულ ოთახსაც აქვს ინდივიდუალური საგარდერობო კუთხე, სადაც ტევად სათავსოსთან ერთად, სამუშაო ზონააც არის მოწყობილი.

რაც შეეხება სააბაზანო ოთახებს, ამ შემთხვვაში დიდი ფორმატის კერამოგრანიტის ფილებია გამოყენებული, ფერთა პალიტრად კი ნაცრისფერი და ყავისფერი ტონალობებია შერჩეული.

გიორგი გუგუნავას ნამუშევარი წარმოადგენს თანამედროვე, მინიმალისტურ ბინას, რომელიც სრულად ერგება ახალგაზრდა დამკვეთის ინტერესებსა და მოთხოვნებს. ინტერიერი მუქი ფერთა პალიტრით ხასიათდება, თუმცა განათებით, ნაზი ტექსტურებითა და თეთრი შტრიხებით ბალანსი მიიღწევა და ელეგანტური სივრცე იქმნება.

პროექტის ავტორი: გიორგი გუგუნავა

ინტერიერის დიზაინის სტუდია: Gua Studio

გამოყენებული მასალები:  

კედლის და ჭერის მოპირკეთება: Oikos, Profilitec (Motif)

იატაკის მოპირკეთება: Fiandre (Belle Maison)

შიდა სასრიალო ვიტრაჟები და კარები: Rimadesio (Opera Design)

როზეტები და სანათები: Bticino (Motif) 

განათება: Martinelli luce, guzzini, Supermodular, Foscarini (Opera design)

ავეჯი: Ivano Redaelli, Cassina (Opera Design), Ormedesign, Alf dafre, Tomasella (ავეჯის სახლი – Valentini), Poliform (Archideagroup), Ormedesign

სამზარეულო: Record cucine, Barazza, (ავეჯის სახლი – Valentini)

ზედაპირი და კუნძული Neolith (ლაზიერი)

იატაკის და ჭერის ჩაშენებული გათბობის და კონდიცირების სისტემები: Daikin (Domson’s Engineering, Thermaservice)

სანტექნიკა: Agape (Opera Design)

ავტორი: მეკო მეტრეველი

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

რბილი ავეჯის 4 მოდელი, რომლებზეც შეყვარებული ვართ

MUA-ს პროქტი “მწვანე კონცხი ბოტანიკო“ Archello Awards 2024-ის ფინალშია