ირინა ბარკალაიას ჩვენი მკითხველი მისი შემოქმედებით იცნობს. იგი სანათების დიზაინერია და უკვე რამდენიმე წელია, რაც საუცხოო განათების ელემენტებს ქმნის. ირინას განსაკუთრებული ხედვა და გემოვნება მისი სახლის ინტერიერშიც იგრძნობა. ეს არის კლასიკური სტილის მინიმალისტური სივრცე, რომელშიც ბევრი საინტერესო აქცენტი გვხვდება.
ბინა, რომლის საერთო ფართობი 180 კვადრატული მეტრია, ირინამ 3 წლის წინ შეიძინა. იმ დროს მისი მთავარი მოთხოვნა გამორჩეული ხედი და დიდი აივანი იყო.
“დღეს ძალიან რთულია, მოიძიო ქალაქის ცენტრში ისეთი ადგილი, სადაც კარგი ხედი იქნება, ვინაიდან განაშენიანება საკმაოდ დატვირთულია. როდესაც ეს ბინა პირველად ვნახე და აივანზე გავედი, გავხედე სივრცეს და მაშინვე ვთქვი, რომ ეს ის იყო, რაც მე მინდოდა,” – გვიამბობს ირინა
ახალი ბინა ირინას ე.წ. “შავი კარკასის” მდგომარეობაში ჩაბარდა. ეს იყო ერთი დიდი სივრცე, ტიხრების გარეშე. შესაბამისად, ახალი მეპატრონე, პირველ რიგში, პროექტირებით დაკავდა, ვინაიდან მშენებლის მიერ შემოთავაზებული გეგმარება მის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა.
“ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მქონოდა პირადი კაბინეტი სამუშაოდ და ამის ხარჯზე მომიწია სტუდიოს ტიპის მისაღებისა და სამზარეულოს გაკეთება, თუმცა ვეცადე და სივრცეები მაინც გამოვყავი კარებით.”
შუშის კარის საშუალებით, საჭიროების შემთხვევაში, სამზარეულო გამოყოფილია მისაღები ზონისგან. თუმცა, აქ ასევე გვხვდება “ფარული სამზარეულოს” სისტემა, რომელიც გულისხმობს ყველა საყოფაცხოვრებო ტექნიკის დამალვას პანელების სისტემით (სურვილის შემთხვევაში). ეს კი სტუდიოს ტიპის ბინებისთვის საკმაოდ გონივრული დიზაინ გადაწყვეტაა.
როგორც ჩვენი რესპონდენტი გვიამბობს, მას რემონტის გამოცდილება მანამდეც ჰქონია, სწორედ ამიტომ აღნიშნულ პროექტზე მუშაობა მისთვის განსაკუთრებულ სირთულეს არ წარმოადგენდა. მთავარ გამოწვევად კი გათბობის სისტემების ნაკლებად ესთეტიკურ მხარეს ასახელებს.
რაც შეეხება ინტერიერის დიზაინს, ირინას პროფესიონალი დიზაინერის მომსახურებით არ უსარგებლია და საკუთარი საცხოვრებლის სტილი თავად შეიმუშავა. მეპატრონის თავდაპირველი ჩანაფიქრის თანახმად, ბინაში დომინირებს ნათელი ფერები და შენარჩუნებულია კლასიკური მინიმალისტური სტილი. სხვადასხვა საინტერესო დეკორის ელემენტი კი ინტერიერს განსაკუთრებულ ხასიათს სძენს. პირველ რიგში, ეს არის ირინას მიერ შექმნილი სანათები, რომლებიც მრავლად გვხვდება სივრცეში.
ბინის ერთ-ერთ ღირსებას დიდი ტერასა წარმოადგენს, სადაც გვხვდება კომპაქტური გარე სამზარეულო. აქვეა მოსასვენებელი სივრცე რბილი ავეჯით, საიდანაც ულამაზესი ქალაქური ხედებით ტკბობაა შესაძლებელი.
“ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ბინა არის ნათელი და მზიანი, რაც მთავარია, ის ძალიან მორგებულია ჩემს საჭიროებებს. სახლი ჩემთვის არის ფუძე და საყრდენი, ადგილი, სადაც მისვლა გიხარია, სადაც დაცული ხარ და თავს გრძნობ კომფორტულად.”
ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე