საცხოვრებელი სახლი, რომელიც ნაძალადევის რაიონში მდებარეობს, ორ შვილიან ოჯახს ეკუთვნის და მისი ფართობი 100 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ბინის ინტერიერზე დიზაინერმა მარიამ ძამაშვილმა იმუშავა.
“აღნიშნული დიზაინის წარმატებით განხორციელებაში დიდი წვლილი დამკვეთსაც მიუძღვის, რადგან ის თავადაც შემოქმედებითი და მოდერნისტულად მოაზროვნე ადამიანია. მისი სურვილი იყო, მიეღო განსხვავებული, ორიგინალური და მყუდრო საცხოვრებელი, სხვა დანარჩენში კი ნაკლები ჩარევით, მთლიანად მოგვანდო დიზაინის შექმნა. ამგვარ იშვიათ შემთხვევებს ორი დიდი უპირატესობა გააჩნია: დიზაინერისთვის მეტად საინტერესო და სასიამოვნოა მსგავსი შემოქმედებითი პროცესი, ხოლო დამკვეთი, თავის მხრივ, იღებს უფრო სრულყოფილ, კრეატიულ და ორიგინალურ შედეგს,” – გვიამბობს პროექტის ავტორი
აღნიშნული პროექტისთვის კონცეფციის შესაქმნელად მარიამ ძამაშვილმა, პირველ რიგში, დამკვეთის ბუნების, ცხოვრების წესის, პროფესიის, ჰობებისა და სხვა საკვანძო დეტალების შესწავლა დაიწყო. საპროექტო დავალების ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილი მდგომარეობდა იმაში, რომ ბინაში უნდა ყოფილიყო სამი საძინებელი ოთახი ოჯახის ყველა წევრისთვის. ამ მიზნის მიღწევა საკმაოდ რთული აღმოჩნდა ღიობების მცირე რაოდენობისა და მათი განლაგების გამო, თუმცა, საბოლოო ჯამში, პროექტის ავტორმა შეძლო პრობლემის გადაჭრა დერეფნებისა და სხვა დამხმარე ფართების შემცირების ხარჯზე.
აღსანიშნავია, რომ ბინის აივანი გადაჰყურებს უმშვენიერეს კიკვიძის ბაღს. ეს დეტალი არ გამოჰპარვია დიზაინერს და ამ მხარეს საერთო ოთახი განათავსა, რათა წყნარი და ულამაზესი სარეკრეაციო სივრცით სიამოვნება ოჯახის ყველა წევრისთვის ყოფილიყო ხელმისაწვდომი.
შეიძლება ითქვას, რომ ბინის ერთგვარ სავიზიტო ბარათს სველი წერტილი წარმოადგენს. ეს ოთახი უამრავი ფერით არის სავსე და ერთი შეხედვითვე იპყრობს ყურადღებას.
“იქიდან გამომდინარე, რომ ამ სივრცეში ადამიანი ყველაზე ნაკლებ დროს ატარებს, ვფიქრობ, აქ შესვლა განსაკუთრებული პროცესი უნდა იყოს – ფართობის სიმცირის მიუხედავად, ერთგვარი მცირე დღესასწაული. სწორედ ამიტომ, ეს ზონა ფერთა სიუხვით გამოირჩევა და ფაქტობრივად, ის სახლის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ნაწილს წარმოადგენს,” – გვიამბობს მარიამი
ჩამოყალიბებული კონცეფციის მისაღწევად პროექტის ავტორმა ბინის იმ სივრცეებში, სადაც მობინადრეები ძირითად დროს ატარებენ, გამოიყენა მშვიდი, ნეიტრალური, პასტელური ფერები, რომლებიც საინტერესო დიალოგში შედიან ბეტონის ჭერთან და სხვა ფაქტურებთან. აქვე გვხვდება ბუნებრივი ხის შტრიხები, რომლებსაც განსაკუთრებული სითბო შემოაქვს საცხოვრებელში. ფერადი აქცენტები კი მცირე, ძირითადად ნარინჯისფერი და ყვითელი ჩანართებით არის შეტანილი.
ცალკე აღნიშვნის ღირსია 3D პრინტი, რომელზეც რარიტეტული ველოსიპედია გამოსახული. პროექტის ავტორის თანახმად, ეს დეტალი ისეთ ცნებებთან ასოცირდება, როგორიც არის წარსული, ბავშვობა, მოძრაობა, სივრცე, თავისუფლებისა და სილაღის შეგრძნება, რაც იდეალურ აურას ქმნის სახლში დასვენებისას.
როგორც მარიამი იხსენებს, აღნიშნულ პროექტზე მუშაობისას მთავარ გამოწვევას პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები წარმოადგენდა, რის გამოც მასალებისა და დიზაინის დეტალების შერჩევა საკმაოდ გართულებული იყო. თუმცა, საბოლოო ჯამში, პროექტის ავტორმა ყველა დასახულ მიზანს მიაღწია და შექმნა ძალიან ორიგინალური, გაბედული, შემოქმედებითი დეტალებით აღსავსე ინტერიერი, რომელშიც სიმყუდროვე და “სახლური გარემო” იგრძნობა.
პროექტის ავტორი: მარიამ ძამაშვილი
დიზაინ სტუდია: Teamfour Design
ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე