in

ქალაქ პორტოს შთაგონებით შექმნილი ბინა ნინოშვილის ქუჩაზე – უტა ბექაიას ინტერიერი

დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ მხატვარ და კოსტიუმების დიზაინერ უტა ბექაიას სახლს, რომელიც ჩუღურეთის რაიონში, ნინოშვილის ქუჩაზე მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 95 მ2-ია. უტა ბექაია თანამედროვე მულტიმედია არტისტია, რომელიც თბილისსა და ნიუ იორკში ერთდროულად მოღვაწეობს, მისი პროფესია უმეტესად თანამედროვე მხატვრობას უკავშირდება, თუმცა ის წლების განმავლობაში მუშაობდა თეატრის სცენოგრაფად, რის გამოც ინტერიერის დიზაინთან გარკვეული შეხება ჰქონდა. ამიტომ საკუთარი ბინის ინტერიერიც თავად მოაწყო და ამ დავალებას, მიუხედავად სირთულეებისა, წარმატებით გაართვა თავი.

როგორც ჩვენი რესპონდენტი გვიამბობს, ბინა ორი წლის წინ შეიძინა, საბოლოო  არჩევანზე კი გავლენა, დიდწილად, მისმა მოსახერხებელმა ადგილმდებარეობამ, სიმშვიდემ და ირგვლივ არსებულმა არქიტექტურულმა ნაგებობებმა იქონია.

„ეს ბინა ორი წლის წინ შევიძინე. ის თბილისის მარცხენა სანაპიროს გულშია. ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და თვითმყოფად უბანში. სახლი ძალიან ახლოსაა მარჯანიშვილის მეტროსთან, რაც გადაადგილებას მოსახერხებელს ხდის. ასევე, აქედან მარტივად შეგიძლიათ ფეხით მიხვიდეთ თბილისის ძველ და ლამაზ ადგილებამდე.  მიუხედავად იმისა, რომ ირგვლივ უამრავი რესტორანი და ბარია, ქუჩა საოცრად მშვიდია. უბანი ცნობილია თავისი არქიტექტურული შედევრებითაც და საოცარ აღმოჩენებს გვთავაზობს სამეზობლოში სეირნობისას“, —  უტა ბექაია.

მეპატრონემ ბინა საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში შეიძინა. როგორც ამბობს, აღნიშნულ სივრცეში სარემონტო სამუშაოები ბოლოს 80-იან წლებში ჩატარდა. ასევე, ბინას ნახევარ სარდაფი აქვს, რომელიც არ იყო შესაბამისად დამუშავებული. ამიტომ, ჩვენს რესპონდენტს  ყველაფრის თავიდან დაგეგმარება და გადაკეთება მოუწია. აქედან გამომდინარე, რემონტს გაცილებით მეტი დრო და ფინანსური რესურსი დასჭირდა, ვიდრე ვარაუდობდა.

გეგმარებითი სამუშაოების შედეგად, გაიჭრა იატაკის ნაწილი, რათა სამზარეულო სრულყოფილად დაპროექტებულიყო. ნახევარ სარდაფის ადგილას კი დამატებითი საძინებელი მოეწყო, შეიცვალა სააბაზანოს მდებარეობა და სახლის მეორე მხარეს გადავიდა, რათა მას ბუნებრივი განიავების საშუალება, ფანჯარა ჰქონოდა. ამავე მიზეზით შეიცვალა საძინებლისა და შიდა კედლების განლაგებაც.

ინტერიერის დიზაინი შთაგონებულია პორტუგალიის ქალაქ პორტოთი და მასში ცისფერი, თეთრი, ლურჯი ტონები და ხის ელემენტები გვხვდება.

„ამ სახლის ინტერიერი მთლიანად თავად მოვიფიქრე. რადგან მხატვარი ვარ, ამ პროექტს გამოფენასავით მივუდექი და მაქსიმალურად ვეცადე, ყველა დეტალი ერთმანეთთან დიალოგში ყოფილიყო. ყველაფრის რეალიზებაში ძალიან დამეხმარა სამშენებლო საქმეთა მწარმოებელი — დავით კვიჟინაძე, რომლის მადლობელი ვარ“, — ამბობს უტა ბექაია.

სივრცე ორ სართულზეა გადანაწილებული. პირველი სართულის იატაკი ნატურალური ხის საფარით არის მოპირკეთებული, მეორე სართულზე კი კერამიკის ფილები გვხვდება. კედლების უმეტესობა თეთრ ტონალობაშია გადაწყვეტილი, აქცენტის სახით კი მუქი ლურჯი კედელი გამოიყოფა. ბინა ძალიან ფერადია, რაც ავეჯის მკვეთრი ფერებით, ფერადი აქსესუარებით, ნახატებით და გამწვანებით მიიღწევა. ინტერიერში ძირითადად გამოყენებულია ხე, რაც სივრცეს თბილ და სასიამოვნო იერს ანიჭებს.

ავეჯის უმეტესობა, ტახტისა და რამდენიმე სკამის გარდა, ინდივიდუალური შეკვეთით, უტა ბექაიას დიზაინით არის დამზადებული. მისაღებ ზონაში გვხვდება ძველი, ნაპოვნი ხის სკამიც, რომელსაც რესტავრაცია ჩაუტარდა და ახალი სიცოცხლე შეიძინა. მისაღებში მრავლად გვხვდება კედლებზე ჩაშენებული ხის თაროები, რომლებზეც მეპატრონის შუშის ჭურჭლის კოლექციაა განთავსებული. სივრცე ბევრი პატარა, ლამაზი დიზაინ ობიექტითა და წიგნებით არის გაფორმებული, რომლებიც მხატვრის პირად კოლექციას წარმოადგენს.

მთავარ საძინებელს მისაღებისგან პატარა ტიხარი მიჯნავს. ამ ოთახშიც დომინანტურ როლს ლურჯი ფერი თამაშობს, რომელიც კედელსა და საწოლის ტექსტილზე გვხვდება. საინტერესოა ისიც, რომ საწოლის თავი  უტა ბექაიას ნახატის მიხედვითაა შექმნილი, რის გამოც სივრცეს ინდივიდუალური შტრიხები და ორიგინალური სახე ეძლევა.

ქვედა სართულზე გვხვდება ღია გეგმარების სამზარეულო და სასადილო კუთხე, რომლის კედლები თავად ბინის მეპატრონის მიერ არის მოხატული, რაც ოთახს მეტ მყუდროებას და სითბოს ანიჭებს.

ყურადღებას იქცევს სხვადასხვა ორნამენტის მქონე მცირე ზომის ფილები, რომლებითაც სამზარეულოს წინსაფარია მოპირკეთებული. ოთახი ცისფერ და თეთრ ფერთა გამაშია გადაწყვეტილი, რის გამოც ძალიან ნაზი, მსუბუქი და ჰარმონიული ინტერიერი მიიღება.

მეორე ოთახში მყუდრო გარემო იქმნება, რაც ღია ფერთა პალიტრით და ნაკლები ბუნებრივი განათებითა მიიღწევა. ფერების შემოსატანად გამოყენებულია ფერადი ტექსტილი და ხალიჩა. გეგმარება კი ისეა გადანაწილებული, რომ ოთახში საძილე, საგარდერობო და სამუშაო ზონები გამოიყოფა.

სააბაზანო ოთახშიც  ბინის ზოგადი ესთეტიკა და განწყობა მეორდება. სივრცეში გამოყენებულია ხის ავეჯი, ნახატი, ბუნებრივი გამწვანება, დეკორატიული სარკე და წერტილოვანი განათება. თითოეული მათგანი ოთახს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს და მიმზიდველობას ანიჭებს.

ქალაქ  პორტოთი შთაგონებული „ლურჯი“ ბინა ფერადი, დახვეწილი და განსხვავებული დიზაინით ხასიათდება. ინტერიერში აქტიურად გვხვდება ხის მალა, თეთრი, ცისფერი და ლურჯი ტონები. ასევე სიხალისე შემოაქვს  ბუნებრივ გამწვანებას, ფერად, დეკორატიულ ელემენტებს და ნახატებს, რომლებიც სახლის მთავარ ხიბლს წარმოადგენს. ბინა ხელოვნების ერთგვარ საგამოფენო სივრცეს მოგვაგონებს, რომელიც საცხოვრებლად, დასასვენებლად თუ სამუშაოდ იდეალურ პირობებს ქმნის.

„ვეცადე მაქსიმალურად გააზრებულად შემესრულებინა ყველა დეტალი, რათა ამ სახლში ცხოვრება განსაკუთრებული, მყუდრო და დაუვიწყარი გამოცდილება ყოფილიყო. სახლში ნახატების და სხვა მედიუმებში შექმნილი ნამუშევრების მუდმივი გამოფენაა. ეს ხელოვნების ნამუშევრები თითქოს ისტორიას ჰყვება და სახლს თბილისურ მყუდრო და ჯადოსნურ ხიბლს მატებს“.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად ბინა გასაქირავებლად არის გამოტანილი და მასზე დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია განცხადების ბმულზე.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

საცხოვრებელი გარემოს სწორად შერჩევა — რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ბინის შეძენისას?

ლოფტის სტილის ბინა ყვითელი აქცენტებით