პროექტი, რომელსაც დღეს გაგაცნობთ, ნიუ-იორკში, ბრუკლინში მდებარეობს. ის კანადური სტუდია Bureau Tempo-ის შექმნილია და მისი საერთო ფართობი 150 მ²-ია. საცხოვრებელი საინტერესო გადაწყვეტილებებით ხასიათდება, რაც სივრცეს ორიგინალურ და განსხვავებულ იერსახეს სძენს. ბინა ღია, გახსნილი გეგმარებითაც გამოირჩევა, რაც პროექტის გაბედულ კონცეფციაზე მეტყველებს.
ერთიან ვრცელ ოთახში ოთხი ზონა გამოიყოფა — მისაღები, სასადილო, მოსასვენებელი და სამზარეულო კუთხე, თუმცა თითოეული ფუნქციური ზონა ერთმანეთისგან ავეჯის მეშვეობით არის იზოლირებული და თითოეული ნაწილის პრივატულობას უზრუნველყოფს.
ინტერიერის მთავარ ტონად გამოყენებულია თეთრი და კრემისფერი ტონები, ჭერზე კი გვხვდება ხის კოჭები, რაც სკანდინავიური დიზაინის ესთეტიკას ანიჭებს სივრცეს. ამ განწყობას აძლიერებს მაღალი ჭერი, დიდი ვიტრაჟები და უხვი ბუნებრივი განათება, რომელიც ღია ფერებს ჰარმონიულად ერწყმის. თუმცა თამამი აქცენტების გამოყენებით, როგორიცაა ფერადი ავეჯი და აქსესუარები, სახლს მრავალფეროვანი და ცოცხალი იერი ეძლევა.
მისაღები ზონა გაფორმებულია რბილი, სხვადასხვა ფერის ტახტითა და სავარძლებით, რომელიც აქცენტირებულ, ნაცრისფერ რბილ ხალიჩაზეა განთავსებული, რაც მყუდრო გარემოს შექმნაში დიდ როლს თამაშობს. ასევე ყურადღებას იქცევს ხის მუქი წითელი ყავის მაგიდა, რომელსაც დამატებითი კონტრასტი შემოაქვს სივრცეში.
სასადილო ზონა მისაღებ ოთახთან ერთიანდება და მის ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენს. სასადილო ზონა მინიმალისტური, თუმცა ძალიან დახვეწილი და ელეგანტური გადაწყვეტილებებით ხასიათდება, რომელსაც მასიური შავი ხის მაგიდა, სკამები და მრგვალი ფორმის თანამედროვე დიზაინის წერტილოვანი განათება განაპირობებს. სასადილო ნაწილი მეორე მოსასვენებელი კუთხისგან ტევადი კარადით გამოიყოფა, რაც ასევე საინტერესო და გაბედული ჩანაფიქრია, რადგან ის ერთმანეთთან ორიგინალურად აკავშირებს ამ ნაწილებს და განსხვავებულ ფუნქციურ ზონებსაც ქმნის.
სკანდინავიური ესთეტიკა და სასიამოვნო განწყობა მოსასვენებელ კუთხეშიც მეორდება, რაც რბილი, ორიგინალური დიზაინის ავეჯითა და ხის ელემენტებით მიიღწევა. ხაზგასასმელია კედლის თეთრი პანელიც, რომელზეც ნახატებია განთავსებული, რაც განსხვავებულ და მიმზიდველ დეკორატიულ წერტილებს ქმნის. აღნიშნული სივრცის ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენს სამზარეულო ზონაც, სადაც განსხვავებული ესთეტიკა შეინიშნება.
პირველ რიგში, აღსანიშნავია იატაკის მცირე ფორმატის მქონე ღია ვარდისფერი და თეთრი ფილები, რომელიც მიმზიდველ ესთეტიკასთან ერთად, სასიამოვნო განწყობას სძენს სივრცეს. სამზარეულო ინტერიერის თამამი აქცენტებითაც იქცევს ყურადღებას, როგორიცაა სამზარეულოს წინსაფარზე განთავსებული თეთრი პანელები ან სივრცეში საინტერესოდ ინტეგრირებული ხე. სამზარეულოს ავეჯს და კუნძულს ძალიან დახვეწილი და ელეგანტური იერი მინიმალისტური სტილით და ღია ზეთისხილისფერი ტონალობით ეძლევა, რაც სივრცის სიმყუდროვესაც განაპირობებს.
სახლში გამორჩეულ ადგილს იკავებს მრავალფუნქციური კაბინეტი, რომელიც დღის განმავლობაში კომფორტული სამუშაო კუთხე, საღამოს კი სტუმრებისათვის განკუთვნილი მყუდრო საძინებელია. ამ ზონის განსაკუთრებულობას მატებს მოძრავი ვიტრაჟებიანი კარი, რომელიც მთლიანად იხსნება და მისაღებ ზონასთან გაერთიანების შესაძლებლობას ქმნის, რაც სივრცის ერთიანობას და ღიაობას კიდევ ერთხელ გამოკვეთს.
რაც შეეხება მთავარ საძინებელს, მშვიდი და მყუდრო ატმოსფერო ამ ოთახში ღია ყავისფერი კედლებით, ნაზი, ღია ფერის ტექსტილითა და კომფორტული ავეჯით მიიღწევა, რომელსაც ბუნებრივი გამწვანება სიცოცხლეს და ამაღლებულ განწყობას მატებს.
Bureau Tempo-ის სახასიათო გადაწყვეტილებებითა და ელეგანტური სტილით, რომელშიც სკანდინავიური ესთეტიკაც იგრძნობა, მაცხოვრებლებისთვის იქმნება ფუნქციური, კომფორტული, მყუდრო და თავისუფალი გარემო, რომელშიც ცხოვრებით ტკბობა და სახლში ყოფნით სიამოვნების მიღებაა შესაძლებელი.
პროექტის ავტორი: Bureau Tempo
ფოტო: Alex Lesage
“იცხოვრე შენი ცხოვრებით” სათქმელად უფრო ადვილი, გასაბედად კი რთულია. ხშირად გაბედვა უნდა ერთი შეხედვით მარტივ საკითხებს, მაგალითად, სახლის საკუთარი გემოვნების მიხედვით მოწყობას. m2-ის კამპანია “გაბედე” სწორედ ამ საკითხზე გვაფიქრებს და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ყველაფერი საინტერესო გაბედვით იწყება.
გაბედე, იცხოვრე შენი ცხოვრებით!
რუბრიკა „გაბედეს“ წარმდგენია m2