in

ბავშვობის ოცნებიდან ბიზნეს რეალობამდე: იურისტ მაიკო გაბაძის ბინის ინტერიერი ორბელიანის მოედანზე

დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ იურისტ მაიკო გაბაძის სახლის დიზაინს. მაიკომ გადაწყვიტა, თაროზე შემოდებული ბავშვობის ოცნება რეალობად ექცია და საკუთარი ბინის ინტერიერის დიზაინზე დაიწყო მუშაობა, რაც ბიზნეს ინვესტიციად გარდაქმნა. ბინა მდებარეობს ორბელიანის მოედანზე და მისი ფართობი 83 მ²-ია.

„ბავშვობიდან მიყვარდა უცხო და ახალ სახლებში სტუმრობა, თვალიერება. კიბეზე თუ ავდიოდი და რომელიმე სახლის კარი გაიღებოდა, სადამდეც შესაძლებელი იყო, ვაყოვნებდი ასვლას და ასე უკან მობრუნებული თავით, სანამ კარი არ დაიკეტებოდა, დიდხანს ვათვალიერებდი ღია კარის უკან გადაშლილ სანახაობას. თუმცა, რაციონალურმა გათვლებმა გადაწონა ჩემი გონება და არჩევანი შევაჩერე სამართლისმცოდნეობაზე. მივაძინე ჩემი ბავშვობის ოცნება იმ იმედით, რომ ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე და არასდროს იცი როდის მოგიწევს თაროზე შემოდებული ოცნებების გამომზეურება,” – მაიკო გაბაძე

მაიკომ ბინა 2022 წლის ბოლოს შეიძინა. 2 ყველაზე მომხიბვლელი ფაქტორი ამ ბინასთან დაკავშირებით მისი ტურისტულად აქტიურ ზონაში მდებარეობა და 22 მ²-იანი ტერასაა.

„გავედი თუ არა ტერასაზე, მივხვდი, რომ ყველაფერი უნდა გამეკეთებინა იმისათვის, რომ ეს ბინა ჩემი ყოფილიყო.“

აღსანიშნავია ისიც, რომ ბინა შეძენისას მაიკოსთვის უცნაურ კონდიციაში იყო: კედლები გალესილი, გაყვანილობა შეუსრულებელი, ტიხრები ამოყვანილი, არ იყო გაკეთებული იატაკის მოჭიმვა. მაიკოსთვის მთავარ სირთულეს წარმოადგენდა საკმაოდ მცირე საცხოვრებელ ფართში 2 საძინებლის განთავსება. თავდაპირველი ტიხრებით და პროექტით ბინა 1 საძინებლიანი იყო.  ამ ყველაფერზე მან ბინის შეძენამდე იფიქრა და დააგეგმარა. სწორედ მაშინ გაუჩნდა დიდი ვიტრაჟული ტიხრის იდეა. ტიხარს ფუნქციური დანიშნულების გარდა, საკმაოდ სახასიათო ვიზუალური ეფექტი და დიდი როლი აქვს ბინის მთლიანი ხასიათის შექმნაში. ვიტრაჟული ტიხრის განთავსებით მათ თავიდან აირიდეს სტუდიოს მეორადი განათება, ყრუ კედლისა და 2 პატარა კარით გამოწვეული სივრცის დაპატარავება და დაბნელება.

ბინაში გვხვდება სტუდიოს ტიპის მისაღები სამზარეულოთი, ორი საძინებელი, აბაზანა და ვერანდა. ინტერიერი თანამედროვე სტილშია მოწყობილი. მისაღები მყუდრო და ნათელია, განთავსებული მცენარეები კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის სივრცეს.

თეთრ ფერში მოწყობილ სამზარეულოს ოქროსფერი დეტალები განსაკუთრებით უხდება. აქვე კონტრასტის სახით გვხვდება ლურჯი ფერი, რომელიც სივრცეს მეტ სიღრმეს ანიჭებს.

ინტერიერის სტილის მოფიქრების შემდეგ მთავარი ამოცანა იყო ფერთა გამა. „იმისათვის, რომ პატარა ფართი ვიზუალურად დიდი გამოჩნდეს, არის ელემენტარული და ყველასთვის ცნობილი წესი, ინტერიერში უნდა გამოიყენოთ ღია და ნათელი ფერები, მაგრამ ვიფიქრე, მხოლოდ ნათელი და ღია ფერების გამოყენება ძალიან მონოტონურს და მოსაწყენს გახდიდა ინტერიერს, არ ექნებოდა ხასიათი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, შემომეტანა დამატებითი ფერი, რომელიც ბინას ხასიათს მისცემდა. ასე შემოვიდა ლურჯი ფერი ჩემს ინტერიერში“.

საძინებლები კლასიკური დიზაინით არის მოწყობილი. ერთ-ერთ საძინებელში აქსესუარების სახით შემოტანილია მწვანე და ოქროსფერი. ხის ავეჯი მწვანე ფერის საწოლს ჰარმონიულად ესადაგება. საწოლის გვერდებში მოთავსებული ოქროსფერი ტუმბო სარკის ზედაპირით გემოვნებიანად ერწყმის ოთახის მთლიან ინტერიერს.

მეორე საძინებელი ეკლექტიკურ სტილშია მოწყობილი, სადაც ძირითადად თეთრისა და შავის ფერთა გამა გვხვდება. ამავე ოთახში არსებული ვინტაჟური ქსოვილი, რომელიც დატანილია საწოლის თავზე, საძინებელს მატებს მომხიბვლელობას და საინტერესო კონტრასტს ქმნის სხვა ოთახებში არსებულ თანამედროვე ელემენტებთან.

აქვე ყურადღებას იქცევს საწოლის გვერდით, ჭერზე დამონტაჟებული, შავი ფერის სანათები, რომლებიც ბინის მეპატრონემ თავად დაამზადა. სანათები ოთახში არსებულ ფერებთან კონტრასტში მოდის და ამშვენებს სივრცეს.

აბაზანაში ლურჯი ფერი დომინანტობს, რომელიც საინტერესოდ ერწყმის შავსა და ოქროსფერს.

რაც შეეხება ტერასას, შავი ფერის ავეჯი და წითელი დეტალები სივრცეს საკმაოდ მიმზიდველს ხდის.

საბოლოო ჯამში, ბინის მეპატრონემ შექმნა სივრცე, რომელიც საინტერესო დეტალებით გამოირჩევა. მიუხედავად იმისა, რომ ბინის ფართობი საკმაოდ მცირე ზომისაა, პროექტის ავტორმა შეძლო ყველა ფუნქციური ზონის ინტეგრირება და კომფორტული ცხოვრებისთვის საჭირო ყველა პირობის შექმნა. 

 

პროექტის ავტორი: მაიკო გაბაძე

გამოყენებული მასალები:

იატაკის საფარი: Lego Room 

აბაზანის ფილები: ლურჯი მცირე ზომის ფილები – “კაფელის სახლი”; დიდი ზომის მარმარილოს ეფექტის მქონე ფილები – Domino; 

სამზარეულოს ფილები: Ideal

სამზარეულოს ზედაპირი: Onyx

შემრევები: ROXY Georgia 

ფოტოგრაფი: ბილი ბილიხოძე

რაში მდგომარეობს დეკორატიული რადიატორის მთავარი უპირატესობები?

ფაიფური: მასალა, რომელსაც არ აქვს საზღვრები. Bernardaud-ს სახლი