ეს 67მ2 ფართობის მქონე ბინა ნორვეგიის დედაქალაქში — ოსლოში მდებარეობს – კომპლექსში, რომელიც მე-19 საუკუნის ბოლოთი თარიღდება და საბედნიეროდ, ბინაში ჯერ კიდევ გვხვდება თავდაპირველი ელემენტები, როგორიცაა ჭერის ორნამენტები.
თუმცა ამ ბინის ერთ-ერთი უმთავრესი მახასიათებელი თბილი, ბუნებრივი ტონების გამოყენებაა. თითოეული ოთახის კედლები რბილ და მიწიერ ფერებშია შეღებილი, რაც ოთახებს მყისიერად თბილი ატმოსფეროთი ავსებს. ამ ფერების ელეგანტურ ავეჯთან და ისტორიულ ელემენტებთან გაერთიანებით კი განსაცვიფრებელი ინტერიერი იქმნება.
მისაღები ოთახი განლაგებულია სახლის ცენტრში. ბინის ერთ მხარეს გვხვდება საძინებელი სველი წერტილით, ხოლო მეორე მხარეს — სასადილო ოთახი. სახლს ოდნავ უჩვეულო განლაგება აქვს, მაგრამ ოთახებს შორის კავშირი ბუნებრივია.
მთელ სივრცეში დომინირებს ბუნებრივი ფერები — გამონაკლისია მისაღებ ოთახში განთავსებული წითელი დივანი. ეს არის ულამაზესი ნამუშევარი, რომელიც, ფერის თვალსაზრისით, დანარჩენი ინტერიერისგან მკვეთრად განსხვავდება.
მისაღებ ოთახში ჩაშენებულია წიგნების კარადა, რომელშიც ტელევიზორია ინტეგრირებული, რაც საკმაოდ ესთეტიკურად წარმოაჩენს ინტერიერის ამ ყველაზე ულამაზო ელემენტს.
მისაღები ოთახის გვერდით განთავსებულია მომხიბლავი სასადილო ოთახი, სადაც განსაკუთრებულად თბილ ატმოსფეროს წითელი აგური და ბუხარი ქმნის.
ბინის უკანა ნაწილში განთავსებულია ვიწრო სამზარეულო ყავისფერი კედლებით, რომელიც ხის და თეთრ კარადებთან შესანიშნავად გამოიყურება.
თბილი ტონებით გაფორმებულ მთავარ საძინებელს, რომელიც მისაღები ოთახის გვერდით მდებარეობს, საკუთარი აბაზანა გააჩნია, რაც სახლის ამ ზონაში დამატებით კომფორტს უზრუნველყოფს.