დღევანდელ სტატიაში ირინა ესვანჯიას მორიგ პროექტს (ჩვენი მკითხველისთვის მისი ერთი ბინის ინტერიერი უკვე ნაცნობია) გაგაცნობთ, რომელიც ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 144 მ2-ია. ირინას საქმიანობა საკმაოდ მრავალფეროვანია და მისი კარიერული გამოცდილება განსხვავებულ პროფესიებს აერთიანებს, თუმცა ამჟამად ის ინტერიერის დიზაინით არის გატაცებული და სარემონტო სამუშაოებს ხელმძღვანელობს.
„მრავალფეროვანი სამსახური ერთგვარი გზაა განვითარების, ახალი ადამიანების გაცნობის და მათი შეცნობის. ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე ინტერიერის დიზაინით ვარ დაკავებული, ვხელმძღვანელობ სარემონტო სამუშაოებს და ვამზადებ სხვადასხვა ტიპის ნივთებს, ძირითადად სანათებს, პაპიე მაშეს მეთოდით. ჩემთვის ინტერიერის დიზაინი მხატვრის ნამუშევარს ჰგავს, რა დროსაც შეგიძლია იოცნებო, ფერებს და ფორმებს გაუთამამდე, გონებაში დახატო საცხოვრებელი სცენა, შექმნა რაღაც ახალი… უბრალოდ, არ უნდა დაივიწყო, რომ ეს ნახატი დამკვეთს ეკუთვნის და მისი სურვილები აუცილებლად უნდა გაითვალისწინო. მგონია, ბინა მეპატრონეს უნდა ჰგავდეს. ხოლო საქმე, რომ სწორად შესრულდეს, აუცილებელია მოსმენის კარგი უნარი. ამის გასათავისებლად ქოუჩის პროფესიასაც დავეუფლე „Coaching up University“ -ის დახმარებით . არაერთ საინტერესო პროექტზე ვიმუშავე ამ პერიოდში, როგორც საცხოვრებელ, ასევე სასტუმროს ტიპის ობიექტებზე. ცოტა ხნის წინ ნიუ-იორკში კაფეს ინტერიერიც გავაკეთე, რაც ძალიან დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის“, — აღნიშნავს ჩვენი რესპონდენტი.
ბინა, რომლის ინტერიერზეც ირინამ იმუშავა, მის ბებიას ეკუთვნოდა. ეს არის ადგილი, სადაც ირინა დაიბადა და ცხოვრების უმეტესი ნაწილი გაატარა. ამიტომ როგორც თავად ამბობს, ის მისთვის “მფარველი ოჯახის წევრივითაა”.
სახლი 70-იან წლებშია აშენებული. შესაბამისად, ის არასტანდარტული გეგმარებით გამოირჩევა და გამავალი ოთახების სიმრავლით, ვიწრო სამზარეულოთი და ორი მისაღებით ხასიათდება. ამგვარად, მნიშვნელოვანი იყო სივრცის საფუძვლიანი ცვლილება და მისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება.
რემონტის პროცესში არაერთმა სირთულემ იჩინა თავი, რადგან ბინა საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში იყო, მზიდი კედლები კი გარკვეულ პრობლემებს ქმნიდა. ამიტომ სარემონტო სამუშაოები საკმაოდ შრომატევადი აღმოჩნდა.
„ამ ბინის განახლებისთვის მთელი არსებით მოვემზადე და ძალიან დიდი გამოცდილებაც მივიღე. სანამ რემონტს დავიწყებდი, „project folie“-ში დეკორატიული ლესვის კურსი გავიარე და ჩემს მეგობართან — მაია ნეფარიძესთან ერთად, სახლის ძირითადი ნაწილი გავლესე. რემონტის პროცესში ასევე დამეხმარა ჩემი გუნდი, რომელთან ერთადაც ახლაც ვმუშაობ — ვარემონტებთ სახლებს და ხარისხიან, ლამაზ ავეჯს ვამზადებთ“.
რემონტის მიმდინარეობისას შეიცვალა ბინის გეგმარება, მცირე ზომის ოთახები გაერთიანდა და გაჩნდა ერთიანი, ნათელი სივრცე. კედლების გასუფთავებისას აღმოჩნდა ძველი აგურის ფენა, რომელიც გასუფთავდა და ინტერიერში პირვანდელი სახით შენარჩუნდა. ასევე, დიდი დატვირთვა შეიძინა იატაკმა, რომლის ძველი საფარი გამოიცვალა და მასზე ეპოქსიდური ზედაპირი მოეწყო. ხოლო ერთ ნაწილში ძველი პარკეტი შენარჩუნდა, რომელიც ირინამ საკუთარი ხელით მოხატა. მიუხედავად არაერთი ცვლილებისა, სახლმა ძველი ხასიათი და განწყობა შეინარჩუნა და დამატებით ახალი ფუნქციაც შეიძინა.
„ფერადი, რომბებიანი ფორმის იატაკი, რომელიც ფილებს ჰგავს, სინამდვილეში მუხის პარკეტია. რემონტის დასაწყისში, როდესაც გათბობის სისტემას ვამონტაჟებდით, გარკვეულ პრობლემებს შევეჯახეთ. სამწუხაროდ, ძველი პარკეტის აყრა მომიწია. თუმცა, პატარა მონაკვეთი მაინც გადავარჩინეთ, რაც რემონტის მსვლელობისას საკმაოდ დაზიანდა. გამოსავალზე ფიქრისას ახალი იდეა გამიჩნდა. გადავწყვიტე, პარკეტი ჩემი ხელით გამესუფთავებინა – მოვაშორე ძველი ლაქი, გავწმინდე და პირვანდელი სახე დავუბრუნე, შემდეგ კი მოვხატე. პროცესი ძალიან შრომატევადი აღმოჩნდა, 2 კვირა თავდახრილი ვიმუშავე, მაგრამ შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა და ფერადი, განსხვავებული იატაკი მივიღე.”
მისაღები სივრცე ერთიან, დიდ ოთახს ქმნის. ამ ნაწილში შენარჩუნებულია აგურის კედლები, რომლებიც დეკორატიული ლესვით დამუშავებულ ზედაპირს ერწყმის. სივრცე მინიმალისტურად არის გაფორმებული ხის ავეჯით, ხალიჩებითა და რბილი ავეჯით.
გარდა მოსასვენებელი კუთხისა, აქვე გვხვდება სასადილო ზონა ძველებური ხის მაგიდითა და სკამებით. ყურადღებას იქცევს ჭაღიც, რომელიც კლასიკურ შტრიხებს სძენს სივრცეს.
იატაკი ერთგვარი ზონირების ფუნქციას ასრულებს – ბეტონის ფაქტურის ზედაპირს ვიტრაჟებიან სივრცეში მუხის პარკეტი ცვლის, სადაც ასევე მოსასვენებელი კუთხე და მასიური სათავსოა მოწყობილი.
სამზარეულო საკმაოდ პატარა, თუმცა ფუნქციური, ფერადი და ნათელია, რადგან ვიტრაჟების მეშვეობით, ბუნებრივი სინათლით ივსება. ვარდისფერსა და მწვანე ტონალობაში გადაწყვეტილი ავეჯი, მუხის პარკეტის პალიტრას იმეორებს და მასთან კავშირს ამყარებს.
საძინებელში გვხვდება როგორც ძველი აგურის ფაქტურა, ასევე დეკორატიული ლესვით მოპირკეთებული კედლები და მასში გამოყვანილი სათავსოები, რაც გარდა პრაქტიკული დანიშნულებისა, მნიშვნელოვან დეკორატიულ დატვირთვას იძენს. აქცენტი კეთდება საწოლის კედლის დეკორაციაზეც, რომელსაც საწოლის ტექსტილი ეხამება, რაც სინაზესა და სიმსუბუქეს სძენს სივრცეს.
სააბაზანო ოთახები გამორჩეულ ადგილს იკავებს სახლში. ერთ-ერთი მათგანი სრულად დეკორატიული ლესვით არის შესრულებული და ხის ელემენტებითაა გაფორმებული. დანარჩენ სველ წერტილებში კი გვხვდება აგურის კედლებიც. თითოეულ სივრცეში ყველა დეტალი — შემრევები, განათება თუ ავეჯი დიდი ყურადღებით არის შერჩეული და სახლის დიზაინს ერგება.
ირინა ესვანჯიას ბინა ნათელი, ფერადი და მიმზიდველი სივრცით ხასიათდება, სადაც ძველი სახლის ატმოსფერო, ხასიათი და სითბოა შენარჩუნებული, ამავდროულად კი ახლებური ელემენტებით, საცხოვრებელს ორიგინალური ესთეტიკა და მყუდროება ეძლევა, რომელიც მაცხოვრებლებსა და სტუმრებს კომფორტულ გარემოს უქმნის.
„ჩემთვის სახლი არის თავშესაფარი, იმედი, სიხარული, სიმშვიდე, ოჯახისა და მეგობრების თავშეყრის ადგილი. ცოტა ხნის წინ ძალიან მეშინოდა… მეგონა ამ საქმეს თავს ვერ გავართმევდი. ვფიქრობდი, რომ პროფესიის შეცვლა უკვე გვიან იყო. თუმცა დღეს შედეგით ბედნიერი ვარ. მჯერა და ვიცი, რომ თუ ადამიანს ნამდვილად სურს ცვლილებები, ის ამას შეძლებს ყოველგვარი მიზეზის გარეშე. არასდროს არის გვიან, მთავარია, წელში გაიმართო და გადადგა ნაბიჯი. ჩვენს შესაძლებლობებს არ აქვს საზღვარი, უბრალოდ კარგად უნდა მოვუსმინოთ, რას გვკარნახობს ცხოვრება“, — ირინა ესვანჯია.