in

ნინო ელიავას ელეგანტური მინიმალიზმი ფალიაშვილის ქუჩაზე – სტუდია Objects-ის ნამუშევარი

სახლი, რომელსაც დღეს გაგაცნობთ, ნინო ელიავას ეკუთვნის, საცხოვრებელი ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 230 მ2-ია. ნინოს საზოგადოება კარგად იცნობს, ის საქართველოში პირველი ექსპორტზე მიმართული ციფრული გაყიდვების პლატფორმა — „MOREISLOVE.COM“-ის დამფუძნებელი და „O’SEVENELEVEN“-ის კრეატიული დირექტორია.

ფოტოგრაფი: ალექსანდრა მანუკიან

ჩვენს რესპონდენტს ინტერიერის დიზაინი ყოველთვის იტაცებდა, რადგან თვლის, რომ ხელოვნების ეს სფერო პიროვნებას თვითგამოხატვაში ეხმარება. „ჩემში ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს ყველა მიმართულება, რომელიც ადამიანს შინაგანი სამყაროს გამოხატვაში ეხმარება. ჩემი პირველი პროფესია, რომელიც ფოტოგრაფიასა და ჟურნალისტიკას უკავშირდება, გულისხმობდა მთავარ მოდის კვირეულებზე მოგზაურობას (ნიუ-იორკში, ლონდონში, პარიზში, მილანში…), სადაც ვამზადებდი ფოტო-ტექსტურ რეპორტაჟებს. შეიძლება ითქვას, რომ დიზაინი ერთდროულად ჩემი მთავარი გატაცება და საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია“, – ამბობს ნინო

ნინომ ბინა 6 წლის წინ, მშენებარე მდგომარეობაში შეიძინა და განსაკუთრებით მისი ადგილმდებარეობით მოიხიბლა, რადგან სახლი ვაკის პარკს გადაჰყურებს.

როგორც ნინო გვიამბობს, ბინის რემონტი “ნულიდან” დაიწყო და ამ პროცესში მას სტუდია „Objects“-ის დიზაინერები, ქეთი ასათიანი და ნუკა კორინთელი ეხმარებოდნენ.

„აუცილებლად უნდა აღვნიშნო, თუ როგორი მადლიერი ვარ  ყველა იმ პროფესიონალის, ვინც ჩემთან მუშაობდა. მათი დამსახურებით ეს პერიოდი ისე გამიმარტივდა, რომ ჩემს ირგვლივ არ შემხვედრია არავინ, ვისაც რემონტის პროცესი ასე ტკბილად ახსენდებოდეს, როგორც მე. ასევე, ამ ყველაფერში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით ჩემი ოჯახის წევრებსა და მეგობრებს. თავიდან ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ამხელა საქმეს გავუმკლავდებოდი, თუმცა მათი მხარდაჭერით ნამდვილად საოცრად კარგი შედეგი მივიღეთ“.

ჩვენს რესპონდენტს სურდა, ბინა უნიკალური ყოფილიყო, დამახასიათებელი სტილი ჰქონოდა და მეპატრონის ხასიათი გამოეხატა. მიუხედავად იმისა, რომ სახლი ბოლომდე დასრულებული არ არის (ნინოს თქმით, ის კიდევ გეგმავს ნახატების, დეკორატიული ნივთების, გარე და შიდა ავეჯის დამატებას), სივრცეს უკვე ჩამოყალიბებული ხასიათი აქვს — ის მხიარული, თამამი, მყუდრო და იუმორის გრძნობით სავსეა, რის გამოც ძალიან გამოირჩევა.

ფოტოგრაფი: თედო ზურაშვილი და ირაკლი გაბელაია

სივრცეში შესვლისთანავე მნახველის ყურადღებას დიდი მისაღები ოთახი იპყრობს, სადაც სასადილო ზონა და მოსასვენებელი კუთხეა მოწყობილი. აქვეა სამზარეულოც, რომელიც სწორი გეგმარების წყალობით ღიად უკავშირდება მთავარ ოთახს, მაგრამ ამავდროულად საკმაოდ იზოლირებულიც არის. აქ მშვიდ და სასიამოვნო გარემოს დომინანტური მწვანე ფერი განსაზღვრავს, რომელიც ავეჯზე, სანათსა და სხვადასხვა ელემენტებში ფიგურირებს. ყურადღებას იქცევს სამზარეულოს იატაკიც, სადაც გამოყენებულია მარმარილო, ონიქსი და ნატურალური ქვები, რომლებიც ნინოსა და დიზაინერების მიერ, სათითაოდ, ხელით შეირჩა. საბოლოოდ კი შეიქმნა უმშვენიერესი მოზაიკა, რომელიც ოთახს უფრო მრავალფეროვანსა და საინტერესოს ხდის.

 

მთავარ ოთახში ღია ფერის კედლები და ხის პარკეტი ერთმანეთს ჰარმონიულად ეხამება და სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის. გარემოს ბუნებრივი მცენარეები აცოცხლებს და მას სიხალისეს მატებს. იმის გამო, რომ კედლები და ჭერი სისადავით გამოირჩევა, აქცენტი ორიგინალური, მიმზიდველი დიზაინის ავეჯზე კეთდება, რაც ინტერიერს  განსაკუთრებულ ელფერს სძენს.

 

ბინაში 2 საძინებელი გვხვდება და თითოეულ მათგანში მეპატრონის სტილი და ინდივიდუალიზმი იგრძნობა. მთავარი საძინებელი სისადავით გამოირჩევა, თუმცა დახვეწილი სტილის დიზაინერული ავეჯი მას გამორჩეულ ხასიათს სძენს.

მთავარ საძინებელს გააჩნია საგარდერობო ზონა, რომელიც საკმაოდ დიდი და კომპაქტურია. ოთახში ე.წ. მიწიერი ტონები ჭარბობს, რაც ძალიან სასიამოვნოა თვალისთვის. როგორც ნინო გვიამბობს, სათავსოებისთვის შუშის ფასადების დამონტაჟება ძალიან პრაქტიკული აღმოჩნდა, ვინაინდა ამ გზით ყველა ნივთი მეპატრონის თვალთახედვის არეშია, მაგრამ ამავდროულად დაცულია მტვრისგან.

ამავე ოთახში გასაგორებელი კარის მიღმა გვხვდება სააბაზანო სივრცე, რომელიც შესრულებულია კირქვისა (Limestone) და პასტელის ფერის ონიქსის კომბინაციაში.

საბავშვო საძინებელში გვხვდება როგორც საძილე, ასევე სამუშაო ზონა. ოთახში მთავარ აქცენტს საუცხოო ხაკისფერი ჩაშენებული კარადა ქმნის, რომელიც საინტერესო კონტრასტს ქმნის სივრცის სადა ტონებთან მიმართებაში. ერთ-ერთ კედელზე კი საინტერესო გადაწყვეტაა x-lab-ის მსოფლიო რუკა.

ბავშვის ოთახს გააჩნია საკუთარი სველი წერტილი, რომელშიც ულამაზესი ნაცრისფერი აბაზანა და ნიჟარა კირქვისა და დიაბაზის ნატურალურ ქვებთან არის შეხამებული.

სტუმრის სველ წერტილში სადა, თუმცა მრავალფეროვანი დიზაინი გვხვდება. განსხვავებული ტონები ერთმანეთს იდეალურად ეხამება და გემოვნებიან სივრცეებს ქმნის, რომლებშიც ინტიმური ატმოსფერო იგრძნობა. განსაკუთრებულ ყურადღებას იატაკზე არსებული მოზაიკა იქცევს, რომელიც ლაზურიტისა და მარმარილოს შერწყმით არის მიღებული.

გარდა საინტერესო დიზაინ ობიექტებისა, სახლში ბევრი განსაკუთრებული ნივთია, რომელსაც მრავალწლიანი ისტორია და განსაკუთრებული ემოციური დატვირთვა გააჩნიათ. ასეთია მე-19 საუკუნის იაპონური საიუველირო ყუთი, რომელიც თავდაპირველად ნინოს დიდ ბებიას, შემდეგ ბებიას, ბოლოს კი დედას ეკუთვნოდა. „ეს ნივთი კარგად მახსენებს თუ რა სიყვარულით აღმზარდეს ამ ადამიანებმა,” – ამბობს ნინო

სახლში ასევე გამორჩეულ ადგილს იკავებს „Ligne Roset“-ის ლიმიტირებული კოლექციის ტახტი, რომელიც უკვე 24 წელია, ოჯახის საკუთრებაა. რესტავრაციის შედეგად მას „Dedar“-ის ტიბეტური ვეფხვის ქსოვილი გადაეკრა, რამაც ამ ნივთს ახალი სიცოცხლე შესძინა.

“ეს ტახტი რაღაც მხრივ, „ვეფხისტყაოსანს“ მაგონებს და მგონია, რომ აბსოლუტურად უნიკალური და განუმეორებელია“. 

კიდევ ერთი გამორჩეული ნივთია შემოსასვლელის ბენჩი, რომლის დიზაინი ნინოს ძმას, არქიტექტორ სოსო ელიავას ეკუთვნის. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ მოდელის შექმნის შემდეგ ჩამოაყალიბა სოსომ ავეჯის ხაზი XFURNITURE.

ნინო ელიავას ინტერიერი ძალიან ელეგანტური, მაგრამ ამავე დროს საკმაოდ მსუბუქი და ჰარმონიულია. მშვიდი და ნათელი ტონები დაბალანსებულია საინტერესო დიზაინ ელემენტებით. ნათლად ჩანს, რომ თითოეული ნივთი თუ აქსესუარი გემოვნებითა და დიდი ყურადღებით არის შერჩეული, რაც ბინის მეპატრონის ხასიათს ძალიან მკაფიოდ წარმოაჩენს და მისულ სტუმარს თავს სასიამოვნოდ აგრძნობინებს.

პროექტის ავტორები: ნუკა კორინთელი, ქეთი ასათიანი

დიზაინ სტუდია: Objects

გამოყენებული მასალა:

სამზარეულოს ავეჯი: „წუნდა“

აბაზანის ფილები: „Kamara“

შემრევები: „Objects“

კედლის მოპირკეთება: „MOTIF“

განათება: „Objects“

ავეჯი: „Ligne Roset“, „Kartell“, „Buster&Punch“, „Archilab“, „Pianca“,  „Funzionalismo“, „Dedar

რუბრიკის წარმდგენია თიბისი ბიზნესისთვის

ავტორი: მეკო მეტრეველი

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

„Mezzanine“-მა დიზაინერ ნინო ნოზაძესთან კოლაბორაციით „Silk Factory Studio“-ში ახალი კოლექცია წარადგინა

რას უნდა ავარიდოთ თავი სახლის მოწყობის პროცესში?