in

თანამედროვე ბინა ფალიაშვილზე -TIMM Architecture-ის ნამუშევარი

დღეს ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის ინტერიერზე გიამბობთ, რომელიც სტუდია TIMM Architecture-ის დასრულებულ ნამუშევარს წარმოადგენს.

როგორც პროექტის ავტორები აღნიშნავენ, მოცემულ ობიექტზე მუშაობა გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. სივრცე დაპატარავებული ბინის მოდელს წარმოადგენდა, რაც მისაღები ოთახის ნაწილის მომიჯნავე ბინისათვის მიერთებით იყო გამოწვეული. საცხოვრებელში განთავსებული იყო პატარა მისაღები ზონა, რომელიც სხვადასხვა სახის მრავალი “გამონაშვერით” ხასიათდებოდა, იქნებოდა ეს კონსტრუქციული სვეტები, რიგელები, შახტები თუ უბრალოდ კედლის არასწორი შეერთების წერტილები.

დიზაინერების მთავარი მიზანი მდგომარეობდა იმაში, რომ ერთმანეთისგან მკაფიოდ გაემიჯნათ დღის და ღამის სივრცეები. ამასთანავე, ერთგვარად გაეჩუმებინათ ვიზუალური ხმაური, გაეჩინათ დიდი სიცარიელე, როგორც სკულპტურული ელემენტი და შემოეტანათ მეტი სინათლე გარემოში.

დასახული კონცეფციის მისაღწევად ოთახები დაგეგმარდა ისე, რომ წარმოიქმნა დიდი, ძლიერი, გამჭოლი მისაღები ოთახი. ვიზუალური ხმაურის დასამშვიდებლად კი შეიქმნა ერთიანი ტექსტურა, რომელშიც ყველა სათავსო, კოლონა, შახტა, მაცივარი თუ სხვადასხვა დანადგარი იქნა დამალული. ბინის მთლიანი დიზაინი ორ ტონად გაიყო: ცივი ნაცრისფერი ტონალობა და მის დასაბალანსებლად გამოყენებული ხის თბილი ფაქტურა, რის ხარჯზეც გაწონასწორებული, ერთგვარი სამედიტაციო განწყობა შეიქმნა.

 

პროექტის ავტორების გეგმარებითი გადაწყვეტილებების შედეგად, დიდ მისაღებ ოთახში განთავსდა ქანდაკების მსგავსი სამზარეულოს ელემენტი, რომელშიც სინათლის შემოსვლის სხვადასხვა წყარო შეიქმნა. ამასთანავე, აქცენტი გაკეთდა სიცარიელეზე, როგორც ცალკე მდგომ ელემენტსა და ვიზუალურ სიმშვიდეზე, რომელიც ინტერიერის ხასიათსა და ინდივიდუალურ განწყობას განაპირობებს.

ხის ღია ყავისფერი ფაქტურის გამოყენებით სამზარეულოსა და სასადილო ზონაში, დაიფარა ოთახში არსებული ყველა სათავსო თუ ავეჯი, რამაც სივრცეს ერთიანი, მოცულობითი ელფერი შესძინა და მთლიანობის ილუზია წარმოქმნა. დეკორატიული სადენით ჭერის დაქსელვამ და განათების უხვმა გამოყენებამ გარემოს მეტი შთამბეჭდაობა და მომხიბვლელობა შემატა. აქვე არსებულმა შავი ფერის სასადილო მაგიდამ და სკამებმა ინტერიერის ელეგანტური და დახვეწილი იერი კიდევ უფრო გაამდიდრა.

სახლის მკაცრ და ცივ ატმოსფეროს ღია ხისფერი იატაკი აბალანსებს და პოზიტიურ, სასიამოვნო გარემოს ქმნის. კედლებში ჩამონტაჟებულ სანათებს კი თბილი აურა შემოაქვს და საცხოვრებლის სიმყუდროვეს განაპირობებს.

მისაღებში განთავსებული მოზრდილი ღია ნაცრისფერი დივანი იდეალურად ეხამება ინტერიერს და კომფორტულ დასასვენებელ ზონას ქმნის. მის წინ კედელზე განთავსებული ხის თაროები კი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბუნებრივი მასალის დომინანტურობას და ამძაფრებს სკანდინავიური ატმოსფეროს შეგძნებას.

მიუხედავად გარკვეული სიმკაცრისა, რომელსაც სივრცე ერთი შეხედვით ბადებს, ინტერიერში საკმაოდ თბილი და პოზიტიური განწყობა იქმნება, რაც მაცხოვრებლებსა თუ ვიზიტორებს თავს სასიამოვნოდ აგრძნობინებს.

სააბაზანო ინტერიერის ელეგანტურ შტრიხებს იმეორებს და შავი, თეთრი და ნაცრისფერი ტონებით სადა, ზომიერ და ამავდროულად მდიდრულ გარემოს ქმნის. ჰიგიენურ კუთხეში გამოყენებულია უნიტაზის ჩაშენებული ავზი, რაც სივრცის ერთიანობას კიდევ უფრო აძლიერებს და მთლიანობის შეგრძნებას ბადებს.

საცხოვრებლის ერთ-ერთ გამორჩეულ ელემენტს მისაღებ ოთახში არსებული, ტექსტურაში ჩამალული კარი წარმოადგენს, რომელიც კაბინეტსა და საძილე ზონაში გადის.

აღსანიშნავია ისიც, რომ ინტერიერში გამოყენებული თითოეული ელემენტი კონკრეტულად ამ სივრცისთვის დამზადდა და დეტალურად იქნება გადააზრებული, რათა საცხოვრებლის თემატიკას ზუსტად მორგებოდა.

TIMM Architecture-ის ნამუშევარი წარმოადგენს უჩვეულო, სახასიათო, ინდივიდუალური სტილის დიზაინ პროექტს, რომელიც გამოირჩება ბუნებრივი მასალის სიუხვით, დეტალებზე აქცენტირებითა და სიცარიელის, როგორც ცალკეული ელემენტის, წარმოჩენით, რაც საბოლოო ჯამში, ძალიან საინტერესო, თანამედროვე და მოდერნისტულ ხასიათს ქმნის. ინტერიერში ერთდროულად ერწყმის ერთმანეთს ცივი, მკაცრი, მყუდრო, სასიამოვნო და თბილი ატმოსფერო, შედეგად კი მიიღება ელეგანტური, მდიდრული საცხოვრებელი სივრცე, რომელშიც კომფორტი და ესთეტიკა ერთმანეთს იდეალურად აბალანსებს.

არქიტექტურული სტუდიაTIMM Architecture

პროექტის ავტორები: ბექა გულვა, ნინო ჩხარტიშვილი, გიორგი პატარიძე, ნათია ლეკვეიშვილი, ნიკოლოზ ლეკვეიშვილი

რუბრიკის წარმდგენია თიბისი ბიზნესისთვის

სკანდინავიური ბინა სტოკჰოლმში ანტიკვარული ავეჯით

Roomix – ჰარმონიული ცხოვრებისთვის შექმნილი საცხოვრებელი კომპლექსი