ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე ბინის საერთო ფართობი 53 კვადრატულ მეტრს შეადგენს და მის დიზაინზე დეა მამაიაშვილმა იმუშავა.
“ზოგადად, ძველ ბინებზე მუშაობას თავს ვარიდებ, რადგან გარკვეული მიზეზების გამო, სარემონტო სამუშაოების ვადა ყოველთვის ძალიან ბუნდოვანია. თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როცა ინტუიტურად ხვდები, რომ შენ და შენი დამკვეთი ერთ ტალღაზე ხართ და ამაზე მნიშვნელოვანი და დასაფასებელი მომენტი ინტერიერის დიზაინერისთვის არ არსებობს. ფაქტია, როგორც ინტერიერის დიზაინერს უნდა შერჩევა, ანალოგიურად – დამკვეთსაც. როცა თანხვედრაშია დიზაინერისა და დამკვეთის აზრები, მსოფლმხედველობა, ფასეულობები – ინტერიერის დიზაინი კი ამ ყველაფრის გადმოცემის ერთ-ერთი საშუალებაა – მაშინ შეიძლება ძალიან კარგი შედეგის მიღება,” – დეა მამაიაშვილი
როგორც დიზაინერი გვიამბობს, გეგმარების მხრივ პროექტს საკმაოდ დიდი გამოწვევები ჰქონდა. ბინის გეგმა წარმოადგენდა ოთხკუთხედს, რომლის ცენტრშიც განთავსებული იყო კოლონა. ისედაც დაბალ ჭერს, კიდევ უფრო ადაბლებდა რიგელების არსებობა და ფანჯრები მხოლოდ ერთ კედელზე არსებობდა, რაც ართულებდა საპროექტო დავალებას, რომლის მიხედვითაც სტანდარტული სივრცეების გარდა (ჰოლი, სამზარეულო, საერთო ოთახი, საძინებელი და სველი წერტილი), საჭირო იყო სამუშაო და საკუჭნაო ზონებიც.
“ინტერიერის დიზაინის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი არის გეგმარება. პატარა ბინის გეგმარების გადამწყვეტი ასპექტი კი ითვალისწინებს საკმარისი შესანახი სივრცეების არსებობას. თითოეულ ნივთს უნდა ჰქონდეს მისთვის თავიდანვე განკუთვნილი ადგილი – ეს იქნება ორთქლის უთო, რობოტი-მტვერსასრუტი, იატაკის საწმენდი მოპი თუ კიბე, რადგან როგორც არ უნდა შევიმუშაოთ დიზაინის კონცეფცია, გავზარდოთ ვიზუალურად სივრცე, შევმოსოთ ის დამკვეთისთვის მიმზიდველ ფერებსა და ფაქტურებში, როცა ადამიანი დაიწყებს ბინაში ცხოვრებას, ვიზუალური ხმაური, რაც აუცილებლად მოჰყვება თავისი ადგილის არმქონე ნივთებს, ხაზს გადაუსვამს ყველაფერს,” – დეა მამაიაშვილი
ბინაში შესვლისთანავე გვხვდება საკმაოდ დიდი ზომის კარადა, რომელიც თითქმის არც იკითხება სივრცეში ჰაერში აწევის, კედელთან ერთ სიბრტყეში და ერთ ფერში გადაწყვეტის შედეგად. ხოლო მეორე მხარეს, სარკის ფასადების უკან, იმალება საკუჭნაო ზონა. ჰოლიდანვე ჩანს ჰოლის ცენტრზე გასწორებული სამზარეულოს კუნძულის კომპოზიცია. სველ წერტილში, მისი მინიმალისტური და “ცარიელი” ვიზუალის მიუხედავად, დამონტაჟებულია როგორც სათავსოები, ასევე თაროები საშხაპეში, რომლებიც გარედან თითქოს არც ჩანს. იგივე მიდგომაა შენარჩუნებული დანარჩენ სივრცეებში, მაგალითად, საძინებელში – დეკორატიული პანელების უკან გვხვდება უხილავი თარო საჭირო წვრილმანებისთვის და ასევე პატარა სათავსოებიც.
ბინის ძირითად მასალად გამოყენებულია მუხის შპონი სააქცენტო შავი დეტალებით, ხოლო მთავარ მიდგომას წარმოადგენდა სივრცის მარტივ და გასაგებ გეომეტრიაში მოქცევა.
“ვფიქრობ, რომ სიმაღლეების თამაშის, სწორად განაწილებული განათებისა და სხვა მიდგომების ხარჯზე, არც აღიქმება, რომ ბინის ჭერის სიმაღლე სულ რაღაც 2.6 მ-ია. საბოლოოდ, მივიღეთ რაციონალურად და სწორად ათვისებული საცხოვრებელი სივრცე, რომელშიც დამკვეთის ყველა მოთხოვნა გათვალისწინებულია,” – დეა მამაიაშვილი
პროექტის ავტორი: დეა მამაიაშვილი
ინტერიერის დიზაინის სტუდია: IDEAS