დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ ირმა გოგიაშვილის ახალ პროექტს, რომელიც ფიროსმანის ქუჩაზე, ნიკო ფიროსმანის მუზეუმის სიახლოვეს მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 180 მ²-ია. საპროექტო დავალება გულისხმობდა დიდი სივრცის ორ განცალკევებულ ბინად გადაკეთებას და აუთვისებელი სხვენის საძინებელ ოთახებად გამოყენებას.
„სივრცის სიდიდის გამო და სხვენის ათვისებისათვის გადავწყვიტეთ ამ სივრცის ორად გაყოფა დამკვეთის სურვილის შესაბამისად. ამისათვის დაგვჭირდა სხვენში ასასვლელი ორი კიბის დადგმა, თან სხვენის ფართისა და სახურავის უცვლელად რეკონსტრუქციის გაკეთება, ხოლო შუქისთვის ჭერის ფანჯრების ჩასმა სხვენის საძინებლებში, რასაც მაქსიმალურად უნდა გაენათებინა ორივე სივრცე”, — აღნიშნავს ირმა გოგიაშვილი.
გეგმარებითი სამუშაოების შედეგად, სივრცე ორ ბინას მოიცავს. პროექტის ცვლილების შემდგომ, პირველ ბინაში შუშაბანდში სამზარეულო და აბაზანა დაპროექტდა, რომელიც თავდაპირველ გეგმარებაში არ იყო. ასევე, ამ სახლში განთავსდა დიდი მისაღები ოთახი და საძინებელი, ხოლო სხვენში, სადაც მისაღებიდან ავდივართ, კიდევ ერთი საძინებელი მოეწყო.
მეორე ბინა დაიგეგმა სივრცის მარცხენა მხარეს. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ბინას საერთო შესასვლელი აქვს, ისინი ერთმანეთისგან გამოყოფილია.
მსგავსად პირველი ბინისა, აქაც სამზარეულო და აბაზანა შუშაბანდის ნაწილშია დაპროექტებული, სადაც ვიტრაჟებს უტა ბექაიას ნახატები ამშვენებს. სახლს ასევე აქვს მყუდრო მისაღები ოთახი, ხოლო საძინებელი სხვენშია მოწყობილი დიდი მოსასვენებელი სივრცით.
რემონტის მიმდინარეობას არაერთი გამოწვევა ახლდა თან, რომელიც კომუნიკაციების გაყვანას და ძველი სახლის პროექტს უკავშირდებოდა.
„დაგეგმარებისას და რემონტის პროცესის დროს უამრავი გამოწვევა შეგვხვდა. გვინდოდა ფანჯრების გაკეთება ოთახების მარჯვენა კედლებზე, რადგან შენობის იმ კედელს მიღმა ცარიელი ეზოა. შევიტანეთ პროექტი, თუმცა უარი მოვიდა. ამიტომ ჭერის ფანჯრები ისე უნდა მოგვეთავსებინა, რომ მაქსიმალურად ჩამოსულიყო შუქი ოთახებში. ასევე, სხვენშიც მქონდა სურვილი სანათურები გაგვეჭრა, თუმცა არც ამის უფლება მოგვცეს. ამიტომ ჭერის ფანჯრებზე შევჯერდით. ასევე რთული პროცესი იყო გაყვანილობები სამზარეულო –აბაზანისათვის და იატაკის ფიცრების აყრა ამ ფიცრების მინიმალური დაზიანებით, რადგან ხის იატაკს ვტოვებდით. ძველი სახლის რემონტის დროს მე მაქსიმალურად ვცდილობ, შევინარჩუნო ძველი მასალა, დავუბრუნო და გავულამაზო იერსახე ისტორიით სავსე სივრცეებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს საკმაოდ რთული იყო, შედეგით დამკვეთიც და მეც ძალიან კმაყოფილი ვართ”, — ამბობს ჩვენი რესპონდენტი.
ინტერიერი ბუნებრივი მასალებით არის მოწყობილი, პროექტში გამოყენებულია ხე, რკინა და მინა. ორივე ბინა მსგავს დიზაინსა და ფერთა გამაშია გადაწყვეტილი, რაც ძველი თბილისური სახლებითა და პარიზული ესთეტიკით არის შთაგონებული, ამიტომ სივრცე ტრადიციულ, კლასიკურ და ეკლექტურ დეტალებს აერთიანებს. უმეტეს ტონალობად გამოყენებულია სალათისფერი და ლურჯი, რაც თეთრი და ხისფერი აქცენტებით არის დაბალანსებული, ტექსტილის სახით კი შემოტანილია შინდისფერი და წითელი ტონები.
„ვინაიდან სივრცე მდებარეობს თბილისურ ძველ ეზოში და ნიკო ფიროსმანის მუზეუმთან ახლოს, თავიდანვე ვიცოდი, რომ ეს ხასიათი უნდა გამომეხატა დიზაინში, ასე რომ კონცეფციის შემუშავება რთული არ იყო ჩემთვის. ასევე დამკვეთს უნდოდა იმ სტილში მემუშავა, რომელშიც რამდენიმე ბინა უკვე გავაკეთე. არ მინდოდა, სივრცე ძალიან დამსგავსებოდა წინა პროექტებს, ამიტომ ეს გამოწვევა იყო. თუმცა კონტექსტიდან გამომდინარე, ჩემი სტილი და ის ფერები, რასაც ბინა მოითხოვდა, მაინც ვერ შევცვალე და სხვა განსხვავებული დეტალების წამოწევა გადავწყვიტე. მაგალითად, ცისფერი კიბე, არსებული ბუხარი და ვიტრაჟული ნახატები ფანჯრებზე, რომლებიც უტა ბექაიას ნახატებით დავამზადებინეთ. ამ შტრიხების დახმარებით ორივე ბინის ხასიათი გამოიხატა”, — ირმა გოგიაშვილი.
ორივე ბინა ნაცრისფერი რბილი ავეჯით და ხის ელემენტებით არის გაფორმებული. მათი დიზაინი თითქმის ერთმანეთის იდენტურია. ასევე, ორივე ბინაში უხვად გვხვდება ბუნებრივი გამწვანება, რაც სივრცეებს აცოცხლებს და ახალისებს. ყურადღება მახვილდება ჭრელ ტრადიციულ ხალიჩებზეც, რომლებიც ორივე ბინის სხვადასხვა ზონაშია განთავსებული და თბილისურ ესთეტიკას უსვამს ხაზს. კლასიკური შტრიხები კი სანათების, დეკორატიული ელემენტების სახით შემოდის და ეკლექტურ გარემოს ქმნის.
სამზარეულოების მთავარი ხიბლი ნათელი, ვიტრაჟებიანი ინტერიერია, რომელიც ლურჯ და სალათისფერ ტონებშია გადაწყვეტილი. ორივე მათგანში იატაკი, ფანჯრები თუ ავეჯი ხის მასალით არის მოპირკეთებული, დეკორატიულ როლს კი მოხატული ფანჯრები ასრულებს.
საძინებელ ოთახებში ღია, მსუბუქი ფერთა პალიტრაა შერჩეული, ფერები კი ტექსტილისა და მცენარეების სახით ინტეგრირდება. ინტერიერებს საინტერესო იერსახეს სძენს ჭერზე გაკეთებული ფანჯრები, რომლებიც სინათლესთან ერთად ოთახებს მიმზიდველობას მატებს.
ორივე ბინას მსგავსი სააბაზანო ოთახები აქვს, სადაც ლურჯ მცირე ზომის ფილებს მოხატული ვიტრაჟები ორგანულად ერწყმის.
ირმა გოგიაშვილის საინტერესო პროექტი, რომელიც ერთ სივრცეში ორ ერთნაირი სტილის ბინას აერთიანებს, ტრადიციული, თბილისური დეტალებით და კლასიკური შტრიხებით ხასიათდება, რაც მის ეკლექტურ დიზაინს და ორიგინალურ იერსახეს უსვამს ხაზს. ორივე საცხოვრებელი საკმაოდ ნათელი, მსუბუქი და ჰაეროვანია, რაც ბუნებრივი მასალების, გამწვანების და ნათელი სივრცეების დამსახურებით მიიღწევა.
„ჩემთვის ეს ინტერიერი არის კლასიკურისა და ეკლექტიკურის ნაზავი, პარიზული და თბილისური სტილის ერთგვარი შერწყმა. ჩემი მთავარი მიზანი ყოველთვის არის ნათელი, მშვიდი, ჰარმონიული სივრცის შექმნა, სადაც ბუნებრივი შუქი, ენერგია და ჰაერი თავისუფლად მოძრაობს, სადაც მისი ბინადარი ძალიან დაცულად და მშვიდად გრძნობს თავს”, — ირმა გოგიაშვილი.
პროექტის ავტორი: ირმა გოგიაშვილი
გამოყენებული მასალები:
აბაზანის ფილები: ესპანური სახლი, იდეალი
კედლის მოპირკეთება: კაპაროლი
ავეჯი: ლაბორატორია ჩემი სახლი, ავეჯის სახლი საბა