in

სტუდიოს ტიპის ბინა პრაქტიკული გეგმარებით პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე — მერი ტყაბლაძის ნამუშევარი

დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ დიზაინერ მერი ტყაბლაძის პროექტს, რომელიც პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მდებარეობს. ობიექტის საცხოვრებელი ფართი 57 მ2-ია, ვერანდა კი 40 მ2-ს მოიცავს. დამკვეთის მთავარი სურვილი იყო მინიმალისტური და კომფორტული გარემოს შექმნა, სადაც აქცენტი თანამედროვე და ფრანგულ სტილზე გაკეთდებოდა. ამავდროულად, პატარა სივრცის მიუხედავად, მნიშვნელოვანი იყო სივრცული გარემოს მოწყობა, რაც ღია ფერების გამოყენებითა და ტერასების ათვისებით მოხერხდა.

პროექტზე მუშაობის მთავარი გამოწვევა პატარა ოთახები და თავდაპირველი ტიხრები აღმოჩნდა, რომლებიც ოთახების აღქმას აპატარავებდა. დიზაინერის გადაწყვეტილებით, მსუნთქავი, ფუნქციური და კომფორტული გარემოს შესაქმნელად, ბინაში პირვანდელი გამყოფების დემონტაჟი განხორციელდა. სტუდიოს ტიპის მისაღებსა და საძინებელს შორის კი ფუნქციური ტიხარი მოეწყო, რამაც დაქსაქსული და გაყოფილი გარემო ერთიან და “მსუნთქავ” სივრცედ აქცია.

ინტერიერშიც მთავარი აქცენტი სწორედ ამ ტიხარზე გაკეთდა, რომელიც გარდა იმისა, რომ მნიშვნელოვანი სათავსოს როლს ასრულებს, ამავდროულად, ძალიან მიმზიდველი დეკორატიული ელემენტია თავისი ლურჯი ფერით და ღია სივრცეში კონტრასტული შტრიხი შეაქვს.

ინტერიერის კონცეფცია მსუბუქ ფორმებზე, ღია ფერებზე და ბუნებრივ მასალებზე აიგო. განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა ნატურალური ტილოს ფარდებმა, რომლებმაც ბინას ფრანგული, თანამედროვე იერი და სიმსუბუქე შესძინა. საცხოვრებელი საინტერესოა თავისი ღია გეგმარებით, რომელიც სწორ ფუნქციურ ზონებად არის გადანაწილებული და ერთმანეთისგან ავეჯითა და დეკორატიული ელემენტებით არის გამიჯნული.

მთავარი, დიდი ოთახი სამ ნაწილად არის დაყოფილი. ბინაში შესვლისთანავე გვხვდება მთელს კედელზე დამონტაჟებული საკმაოდ ტევადი თეთრი კარადა, რომელიც კედელს ჰარმონიულად ერწყმის და ერთიანობის განცდას აძლიერებს.

განსაკუთრებული ყურადღება მახვილდება ტელევიზორის კუთხეზე, რომელშიც კონტრასტული ფერები ერთმანეთს ორგანულად ესადაგება. ინტერიერის მთავარი ელემენტი – ლურჯი ფუნქციური ტიხარი სხვადასხვა აქსესუარითა და დიზაინ ობიექტით არის გაფორმებული და სივრცეს გამორჩეულ მომხიბვლელობას და თანამედროვე იერს სძენს. აღსანიშნავია კომფორტული ნარინჯისფერი დივანიც, რომელიც ოთახს ერთგვარად აცოცხლებს.

სიმყუდროვე და თბილი ატმოსფერო შემოაქვს ხის ავეჯსა და ჭილოფის ელემენტებს, რომელიც ავეჯსა და სანათებზე გვხვდება. სასადილო ზონაში კლასიკური და ფრანგული სტილისტიკა იგრძნობა, რაც დახვეწილი სასადილო მაგიდითა და სკამებით მიიღწევა.

თანამედროვე ფრანგული სტილი იჩენს თავს სამზარეულოშიც, რომელიც თეთრ ფერშია გადაწყვეტილი და ჰარმონიულად ერწყმის ოქროსფერ დეტალებს. აღსანიშნავია ისიც, რომ სამზარეულო სრულად დახურულია, ტექნიკაც კი კარადებს მიღმაა მოქცეული, რაც სივრცეს ერთიანობას უნარჩუნებს და მის მთლიანობას უსვამს ხაზს.

საძინებელი მყუდროებითა და სიმსუბუქით ხასიათდება. ყურადღებით არის შერჩეული როგორც საწოლის დიზაინი, ასევე ტექსტილი და სანათები, რათა ოთახმა მინიმალისტური და დახვეწილი ესთეტიკა შეინარჩუნოს. აქაც მნიშვნელოვანი ფუნქციური და ესთეტიკური დატვირთვა აქვს ხისა და ჭილოფის დესაუს. ყურადღებას იქცევს გურამ წიბახაშვილის ნამუშევრებიც, რომლებიც ხის ჩარჩოშია ჩასმული.

სააბაზანოს მთავარ ხიბლს ჭაობისფერი ფილები სძენს, რომლებიც საოცრად ალამაზებს გარემოს, შავ-თეთრი იატაკი კი სივრცეს ანეიტრალებს და დაბალანსებულ ინტერიერს ქმნის. სააბაზანოშიც მეორდება ის დახვეწილი სტილი, სიმსუბუქე და ელეგანტურობა, რაც ბინის თითოეულ ზონაში იგრძნობა.

დამკვეთისა და დიზაინერის ერთობლივი გადაწყვეტილებით, დიდი ყურადღება მიექცა ვერანდის მოპირკეთებას, რომელიც ძალიან პრაქტიკული და მომხიბვლელია. დიდი ფართობის გამო, სივრცე ფუნქციურ ზონებად არის დაყოფილი და გვხვდება როგორც სასადილო, ასევე მოსასვენებელი კუთხე, რომელიც შესაბამისი კომფორტული ავეჯით და მცენარეებით არის გაფორმებული.

მერი ტყაბლაძის პროექტი კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორაა შესაძლებელი მცირე ზომის ბინაში ერთდროულად ფუნქციური და დახვეწილი გარემოს მოწყობა,  რომელიც მაცხოვრებელს სრულ კომფორტსა და სასიამოვნო ატმოსფეროს სთავაზობს. გარდა მიმზიდველი დიზაინ ელემენტებისა, დიდი ყურადღება ექცევა გარე ზონების, ვერანდის კეთილმოწყობას, რომელიც საცხოვრებელთან ერთად, მოსახერხებელ გარემოს უზრუნველყოფს დასასვენებლად და განსატვირთად.

პროექტის ავტორი:  მერი ტყაბლაძე

ავტორი: მეკო მეტრეველი

რა ტიპის შპალერის შეღებვაა მიზანშეწონილი?

“ის, რაც დროს გაუძლებს” – ალიანს ჯგუფის ახალი კამპანია