ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი პროფესიით ჟურნალისტი, 34 წლის თაკო ტომარაძეა. ის ამჟამად პიარის მიმართულებით საქმიანობს. ინტერიერის დიზაინთან პროფესიული შეხება არასოდეს ჰქონია, თუმცა მისით ბავშვობიდანაა გატაცებული და დიდი სურვილი აქვს, მომავალში ამ მიმართულებითაც გაიღრმაოს ცოდნა. როგორც თვითონ ამბობს, ინტერიერის დაგეგმვისა და ბინის მოწყობის პროცესი უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს და, მიუხედავად სირთულეებისა, ასეთ ქაოსში თავს კომფორტულად გრძნობს.
ბინა პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მდებარეობს. მისი საერთო ფართობი 62 კვ. მ-ია. ახალი მობინადრისთვის სახლის ადგილმდებარეობა საკმაოდ მიმზიდველი აღმოჩნდა, ამიტომ მის შეძენაზე ბევრი არ უფიქრია. „ეს ბინა გასულ წელს შევიძინე. ულამაზესმა ეზომ პირველივე ნახვისას უდიდესი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე, ასე რომ, გადაწყვეტილების მიღება არ გამჭირვებია. მით უმეტეს, სახლს ჩემთვის საკმაოდ ხელსაყრელი ადგილმდებარეობა ჰქონდა, რადგან ბავშვის სკოლასთან ახლოსაა“, – აღნიშნავს თაკო ჩვენთან საუბრისას.
მეპატრონემ ბინა მწვანე კარკასის მდგომარეობაში შეიძინა, რამაც სარემონტო სამუშაოების პროცესი გაუადვილა. სასურველი შედეგის მისაღებად შიდა კომუნიკაციები გადააადგილა და გათბობის რადიატორების განლაგებაც მთლიანად შეცვალა, რათა, შემოსასვლელი სივრცის გარდა, ისინი არსად გამოჩენილიყო.
„ბინაში შესვლისთანავე წარმოვიდგინე მისი საბოლოო იერსახე. ზუსტად ვიცოდი, როგორ უნდა მოწყობილიყო სივრცე იმგვარად, რომ საცხოვრებელი ჩემთვის და ჩემი შვილისთვის ჰარმონიული და მშვიდი ყოფილიყო. 62 კვ. მ. ფართობის სივრცე იმდენად პრაქტიკულად იყო განლაგებული, რომ პირვანდელი გეგმარების შეცვლა არ დამჭირვებია. ამიტომ პროექტის საბოლოო სახე სახლის პირვანდელმა გეგმარებამ მნიშვნელოვნად განსაზღვრა“, – გვიყვება თაკო ტომარაძე.
ახალმა მობინადრემ, დიზაინერის დახმარების გარეშე, თავად შექმნა ბინის ინტერიერი. მისი შთაგონების წყარო პროფესიონალთა ნამუშევრები აღმოჩნდა. მაგალითად, აბაზანის დიზაინი ერთ-ერთ ვებგვერდზე აღმოაჩინა და სწორედ იმ პროექტის მიხედვით მოაწყო საკუთარი სივრცე. საცხოვრებელში თითოეული დეტალი ბევრი ფიქრისა და ანალიზის შემდეგ დაპროექტდა, სარემონტო ჯგუფთან ერთად თანამშრომლობით კი თაკომ ზუსტად ის მიიღო, რაც სურდა.
სააბაზანო ოთახში ნამდვილად იგრძნობა განსხვავებული ხასიათი. აქ ძირითადად თეთრი და შავი ტონებია გამოყენებული. კედლებზე არსებული მწვანე ფილები ზონას აცოცხლებს და უფრო მრავალფეროვანს ხდის. თითოეული დეტალი ისეა დაპროექტებული, რომ მაქსიმალურად კომფორტული, მაცხოვრებლების საჭიროებებზე მორგებული გარემო შეიქმნას.
სახლის ცენტრალურ ადგილია გაერთიანებული მისაღები და სამზარეულო სივრცე. კედლებზე გამოყენებულია რძისფერი, ამიტომ აქცენტი ავეჯზე კეთდება. განსაკუთრებულ ყურადღებას შაბიამნისფერი სამზარეულო იქცევს, რომელიც კონტრასტულ ხასიათს ქმნის და ბინის კონცეფციას განსაზღვრავს. სამზარეულოს ავეჯს იდეალურად ეხამება მწვანე ფერის სკამები, რომლებსაც პოზიტიური განწყობა შემოაქვს. კედლებზე არსებული აგურის ჩანართები ოთახს ამდიდრებს – მას მეტ მყუდროებასა და სიმსუბუქეს მატებს. როგორც ჩვენი რესპონდენტი აღნიშნავს, განსაკუთრებით მოსწონს სასადილო მაგიდა, რომელიც, წითელი აგურის დეკორსა და სამზარეულოსთან ერთად, ბინის იერსახეს განაპირობებს. კედლებზე არსებულ მოლდინგებს კლასიკური შტრიხები შეაქვს საცხოვრებელში და თანამედროვე ინტერიერთან კომბინაციით საკმაოდ საინტერესო ხასიათს ქმნის.
მთავარი საძინებლის დომინანტური ტონი ნარინჯისფერია, რომელიც მნახველის ყურადღებას მაშინვე იპყრობს. სივრცეს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის კედელზე დამონტაჟებული განათება, რომელიც ოთახს ინტიმურ, უჩვეულო იერს სძენს.
ბავშვის საძინებელში დადებითი განწყობის შესაქმნელად ერთ კედელზე გამოყენებულია სალათისფერი, რომელიც ჰარმონიულად ერწყმის საწოლის დიზაინს და ოთახში განთავსებულ აქსესუარებს. ეს ზონა ისეა დაპროექტებული, რომ, დასასვენებელი და სათამაშო კუთხის გარდა, სამეცადინო/სამუშაო მაგიდასაც მოიცავს. შედეგად ვიღებთ მაქსიმალურად ათვისებულ სივრცეს.
საბოლოო ჯამში, ესაა გემოვნებიანი, დეტალებზე ორიენტირებული, მრავალფეროვანი ინტერიერი, რომელშიც სიმსუბუქე და მყუდროება იგრძნობა. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მცირე ფართობი მაქსიმალურადაა ათვისებული, მნახველს გადატვირთულობის შეგრძნება არ უჩნდება.
„განსხვავებულმა ფერებმა, მშვიდმა, ხალისიანმა, კლასიკურმა და ოდნავ ინდუსტრიულმა სტილმა ბინას ეკლექტური სტილი შესძინა, რაც ძალიან მახარებს. თუმცა მიუხედავად განსხვავებულობისა, არის ისეთი დეტალებიც, რომლებიც საცხოვრებელში საერთო განწყობასა და ხასიათს ქმნის“, – აღნიშნავს თაკო ტომარაძე Homeis.ge-სთან საუბრისას.
აბაზანის ფილები: „დომინო“, „მიჰაუსი“
კედლის მოპირკეთება: საღებავი და მოლდინგები – Studio casa
ავეჯი: მაგიდა – Room.ოთახი
რუბრიკის წარმდგენია თიბისი ბიზნესისთვის