in

მოგზაურობის მოყვარულების ნათელი ბინა პრაღაში

Banner M2
Banner M2

სტუდია „Martina Design“-მა ნათელი ფერებისა და თამამი გადაწყვეტილებების მოყვარული მხურვალე მოგზაურების ბინის ინტერიერი განაახლა.

ეს სივრცე მეპატრონეებმა პრაღაში მრავალი წლის წინ შეიძინეს. ისინი ბინას დიდი ხანი ეძებდნენ და ძალიან გაუხარდათ, როდესაც საბოლოოდ მათთვის მისაღები ვარიანტი იპოვეს. რუსკას ქუჩაზე მდებარე მანსარდა ავეჯთან ერთად იყიდებოდა. მთლიანობაში, ახალ მეპატრონეებს ყველაფერი მოეწონათ, თუმცა ახალშეძენილ ბინაში უფრო ნათელი გადაწყვეტილებების შემოტანა სურდათ. რაღაცის გადაკეთება თავადაც სცადეს, მაგრამ წარუმატებლად, ამიტომაც რამდენიმე წლის წინ დახმარებისთვის პროფესიონალებს მიმართეს და ინტერიერის განახლებისთვის დიზაინ-სტუდია „Martina Design“-ი მოიწვიეს.

ახლადშეძენილ მანსარდაში მცირე გადაგეგმარებაც მოხდა. “TV” ზონის სამზარეულოსა და სასადილოსგან გამყოფი აგურის კედელი გაჩნდა. ასევე შემოსასვლელის ტიხარი, რომლის უკანაც ვრცელი გარდერობია მოთავსებული და ახალი კონფიგურაციის სამზარეულო. შიდა მოპირკეთების უმეტესი ნაწილი ახლით შეიცვალა. კიბე შავი ლაქით დაიფარა, კედლები თეთრად შეიღება, სველი წერტილების გარდა ყველგან ვინილის იატაკი დაიგო. პირველში მასპინძლებმა ორიგინალური ფილის დატოვება გადაწყვიტეს.

„მოგზაურობის მოყვარულ ჩვენ კლიენტებს ნათელი ფერები, ეფექტური აქსესუარები და მორთულობა მოსწონთ“, – ამბობენ დიზაინერები. ამიტომაც, ბინის სხვადასხვა ფერებით შევსება გადაწყდა. კედლებზე „Katy-Paty“ – ის ნათელი ჩამრთველები და როზეტები გაჩნდა, სამზარეულოში ყვითელი შეკიდული კონსტრუქცია ჩაშენებული გამწოვით, კომუნიკაციებითა და განათებით. ასევე ყვითელი ონკანი, ბარის სკამები. კიბესთან კი წითელი მოაჯირი.

შემოსასვლელის სარკე ასევე უჩვეულო წითელი ჩარჩოთი და ბადითაა გაფორმებული, რომელზეც მასპინძლების მოგზაურობის ფოტოებია გამოფენილი. მოგზაურობიდან ისინი საყვარელ ბინაში ყოველთვის სიხარულით ბრუნდებიან.

ჯენი გენგი – თანამედროვე ფორმების არქიტექტორი

საახალწლო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“