in

მცირე ზომის ბინა ფერადი და კლასიკური აქცენტებით ქანთარიას ქუჩაზე — ცისია ბებურიშვილის ნამუშევარი

დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ ცისია ბებურიშვილის ნამუშევარს, რომელიც საბურთალოზე, მ. ქანთარიას ქუჩაზე მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 70 მ2-ია. საპროექტო დავალება გულისხმობდა სადა, დახვეწილი და ამავდროულად აქცენტირებული შტრიხების მქონე ინტერიერის შექმნას, სადაც მაქსიმალურად ტევადი სათავსოები მოეწყობოდა.

თავდაპირველად საცხოვრებელი სივრცე წარმოადგენდა ერთსაძინებლიან სტუდიოს ტიპის ბინას, ამიტომ საჭირო გახდა ბავშვის ოთახის დამატებაც. შესაბამისად, სტუდიოს ფართის შეზღუდვის ხარჯზე, გაიზარდა საბავშვო ოთახი, სადაც სათამაშო ზონაც მოეწყო. ამას გარდა, გეგმარების დროს გაფართოვდა სველი წერტილიც, რათა სარეცხი მანქანისა და კარადისთვის საკმარისი სივრცე შექმნილიყო.

მუშაობის პროცესში მთავარ სირთულეს ბინის ზომა და მისი მაქსიმალურად ათვისება წარმოადგენდა, რათა სახლი ყოფილიყო ტევადი, კომფორტული და სასიამოვნო.

ინტერიერის ძირითად პალიტრად სადა, ნეიტრალური ღია ფერები შეირჩა, თუმცა მთავარი აქცენტი ფერად ავეჯსა და ტექსტილზე გაკეთდა. ავეჯის უმეტესობა MDF-გან არის დამზადებული, სივრცეში საინტერესო დეტალების სახით გვხვდება დაფრეზილი-ზოლიანი ტექსტურები თუ ფორმები.

ბინაში დაპროექტებულია მოზრდილი დერეფანი, რომელიც საკმაოდ ტევად და მომხიბვლელ სივრცეს ქმნის. აქ სათავსოები და წიგნების თაროებია განთავსებული. ინტერიერი კი საკმაოდ სადა და მსუბუქია, რაც თეთრი ფერის გამოყენებით მიიღწევა.

მისაღებ ოთახში მოწყობილია მოსასვენებელი და სასადილო სივრცე. დიზაინში შეინიშნება კლასიკური შტრიხები — მოლდინგები, კლასიკური და თანამედროვე ავეჯის ელემენტები და მუქი ფერის იატაკი. ოთახს სიხალისეს მატებს ფერადი ფაქტურები, რომელთა შორის მწვანე ფერი დომინირებს.

მოსასვენებელ კუთხეში მცირე ზომის თეთრი ტახტი დგას, რომელიც სპეციალურად ამ ბინისთვის „Pillow”-ში დამზადდა.

დივანი გვჭირდებოდა კონკრეტული ზომის, რომლის მოძიებაც მაღაზიებში შეუძლებელი იქნებოდა ისე, რომ ყოფილიყო თან ამ სივრცისთვის გათვლილი გაბარიტების და თან სასურველი ფერის. შედეგად, მივიღეთ ის, რაც გვინდოდა — ძალიან კომფორტული და მიმზიდველი მოდელი”, — აღნიშნავს ცისია ბებურიშვილი.

დივანს საინტერესოდ ეხამება მწვანე ფერის ტელევიზორის კარადა და ნარინჯისფერი მცირე ზომის მაგიდა, რომელსაც დაფრეზილი, ზოლებიანი ტექსტურის ფეხი აქვს.

ინტერიერში იდეალურად ინტეგრირდება სასადილო ზონაც მრგვალი ფორმის მაგიდითა და ვარდისფერი, კლასიკური სტილის სკამებით, რომლებიც სივრცის ელეგანტურობას და დახვეწილობას უსვამს ხაზს. აღსანიშნავია ზოლებიანი ფაქტურის მწვანე მაგიდის სადგამიც, რომელიც სხვა ავეჯის დეტალებს ეხმიანება.

სამზარეულო მისაღებ ზონასთან ერთიანდება. ავეჯი მწვანე ფერშია გადაწყვეტილი და მას იდეალურად ეხამება თეთრი ფერი. სამზარეულოსა და ნიჟარის ზედაპირზე გამოყენებულია კვარცის ქვა. ყურადღებას იქცევს სახელურები, რომლებიც განსხვავებული და მიმზიდველი ფორმებით ხასიათდება. სამზარეულოს ზედა კარადების ნაწილი ხაზობრივი თეთრი ფაქტურით არის დაფარული, რაც ინტერიერისთვის ერთ-ერთი სახასიათო ელემენტია. ჭურჭელი და ტექნიკა კარადებს მიღმაა მოქცეული, რის გამოც სივრცეს მინიმალისტური და ერთიანი სახე ეძლევა.

გამორჩეული ზონაა საძინებელი, რომელიც თეთრ, ნაცრისფერ და კრემისფერ ტონალობებშია გადაწყვეტილი. მსგავსად ბინის სხვა ნაწილებისა, აქაც აქცენტის სახით შემოდის დაფრეზილი, ზოლებიანი ტექსტურები კედელსა თუ ავეჯზე, რაც ოთახს თანამედროვე სტილს ანიჭებს. სივრცეში დაპროექტებულია მცირე ზომის საგარდერობო კუთხე, რომელიც მუქი ფერის შავი მინით არის გამოყოფილი.

ხაზგასასმელია პრინტიანი, ფერადი ფარდა, რომელიც საგანგებოდ ამ ბინისთვის შეირჩა და საინტერესო დიზაინით მნიშვნელოვან აქცენტს ქმნის. ასევე ყურადღებას იქცევს განათებაც, მიმზიდველი სანათებითა და კედელსა და სარკეზე დამონტაჟებული თბილი ნათებით, რაც ინტერიერის ეფექტურობას ზრდის.

საბავშვო ოთახში კომფორტული და მყუდრო სივრცე გვხვდება, სადაც მოზარდისთვის ყველა პირობაა შექმნილი. ინტერიერის მნიშვნელოვანი დეტალია დაპრინტული შპალერი, სადაც ბავშვის სათამაშო ზონაა მოწყობილი.

ფართის სიმცირის მიუხედავად, აბაზანა საკმაოდ ერგონომიული, მოსახერხებელი და პრაქტიკული გამოვიდა. მასში კომპაქტურადაა გადანაწილებული ავეჯი, ტექნიკა თუ ჰიგიენური ზონები. ინტერიერის მთავარ ფერს კი ამ ნაწილშიც მწვანე ტონალობა წარმოადგენს.

ცისია ბებურიშვილის პროექტი მაქსიმალურად ნათელ და კომფორტულ გარემოს ქმნის, რომელიც აქცენტური ფერებით გამოირჩევა და ამავდროულად სადა დიზაინს უზრუნველყოფს. ინტერიერი თანამედროვე სტილშია მოწყობილი და მასში საინტერესოდ შემოდის კლასიკური ელემენტები. თითოეული ოთახი ერთმანეთისგან განსხვავებულია, თუმცა თან გასდევს საერთო ხელწერა, რომელიც ფერების, ფორმებისა და ფაქტურების გამეორებით მიიღწევა.

პროექტის ავტორი: ცისია ბებურიშვილი

ინტერიერის დიზაინის სტუდია: Tsisia’s Interior Design

გამოყენებული მასალები:

სამზარეულოს ავეჯი: Scala Contract

იატაკის საფარი: Lussoni

აბაზანის ფილები: Lego Room, კაფელის სახლი

კედლის მოპირკეთება: კაპაროლი

განათება: Brand R, New Light, Delight  

ავეჯი: Pillow

ავტორი: მეკო მეტრეველი

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

4 რჩევა რემონტის დროს ენერგოეფექტურობის გასაზრდელად

სუბურბან საგურამო და ლისი – ეკომეგობრული საცხოვრებელი უბნები კოლიერსისგან