დღევანდელ სტატიაში პაპუნა საბაშვილის ნამუშევარს გაგაცნობთ, რომელიც თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მდებარეობს. ობიექტის საერთო ფართობი 53,6 მ2-ია, სადაც 43,6 მ2 საცხოვრებელ ფართს, 10 მ2 კი აივანს უკავია.
იმის გათვალისწინებით, რომ ბინა საკმაოდ მცირე ფართობისაა, მნიშვნელოვანი იყო არსებული სივრცის მაქსიმალურად ეფექტურად გადანაწილება და მისი სრულად ათვისება, რათა სახლში ცხოვრებისათვის აუცილებელი ყველა პირობა შექმნილიყო.
პროექტის მთავარი კონცეფცია სწორ გეგმარებასა და მის ფუნქციონალურობას დაეფუძნა, რათა პატარა სივრცე სწორად გადანაწილებული და კომფორტული და ერგონომიული გამოსულიყო.
უპირველესად, საჭირო გახდა არსებულ გეგმარებაში მცირედი, თუმცა მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა. კერძოდ, ღიობი, რომელიც შემოსასვლელს საძინებელთან აკავშირებდა, საერთო ოთახსა და საძინებელს შორის აღმოჩნდა. ამგვარად, საძინებელში მოხვედრა პირდაპირ საერთო ოთახიდან გახდა შესაძლებელი და შესასვლელში ჩასაშენებელი კარადის მოსაწყობად პატარა სივრცე გაჩნდა, რომელშიც სარეცხი მანქანა და ტანსაცმლის საკიდები მოთავსდა. აღსანიშნავია ისიც, რომ კარადის ფასადზე მთლიანად დამუქებული სარკე დამონტაჟდა, რამაც შემოსასვლელში სიმჭიდროვის პრობლემა აღმოფხვრა.
მნიშვნელოვანი იყო სამზარეულოს კონცეფციის გადაწყვეტაც. ამ ზონაში კომუნიკაციების მოწყობილობა ძალიან დიდ ადგილს იკავებდა, ამიტომ ის თვალისათვის დამალული გახდა, რაშიც დიდი როლი დამუქებული სარკის ეფექტმა ითამაშა.
სამზარეულოს მუქმა ფერთა პალიტრამ კლასიკური და ელეგანტური იერსახე მიანიჭა ზონას, ჭერის დეკორატიულმა განათებამ კი სივრცე მეტად გამოკვეთა.
მისაღები ოთახის ინტერიერი შედარებით ღია ფერებში მოეწყო და თანამედროვე ავეჯითა და აქსესუარებით მოირთო. კედლის პანელებმა და მოლდინგებმა კი კლასიკურ შტრიხებს გაუსვა ხაზი.
საინტერესო კონტრასტი შექმნა საძინებელში ბუნებრივი ქვის ელემენტის შემოტანამ კლასიკურ კედელზე. მიუხედავად იმისა, რომ ზედაპირზე მაღალი ხარისხის კერამიკული ფილაა გამოყენებული, მისი ტექსტურა ძალიან ჰგავს ბუნებრივს. ოდნავ ბრუტალური, თუმცა არაგამაღიზიანებელი კონტრასტი კი ხაზს უსვამს ადამიანის ბუნებასთან სიახლოვეს, რომელიც ბუნებრივი გამწვანებს დახმარებით უფრო ინტენსიური ხდება.
სწორედ ბუნებასთან სიახლოვის პრინციპით დამონტაჟდა აბაზანის მოსაპირკეთებელი ფილებიც. სივრცეში დომინანტური ადგილი ქვის ფილამ დაიკავა, მრავალფეროვნებისთვის კი მუხის ანათალის პრინტის მქონე ფილა შეირჩა, რომელმაც საშხაპე კუთხე გამოყო.
ყურადღებას იქცევს ის კონტრასტი, რომელიც დამალული კარის გაღებისთანავე იგრძნობა შემოსასვლელსა და აბაზანას შორის, რაც კლასიკური თანამედროვე და ბუნებრივი სტილების საინტერესო სინთეზს წარმოადგენს.
ავეჯისა და მასალების სახით პროექტში, უმეტესად, ადგილობრივი, ქართული ნაწარმი გვხვდება. მაგალითად, დივანი და საწოლი ინდივიდუალური შეკვეთითაა დამზადებული და სრულად ერგება ბინის დიზაინსა და ზომებს. კერამიკული ფილები კი ესპანური და იტალიური წარმოებისაა, ხოლო იატაკის საფარი – გერმანული. ინტერიერში დიდი ყურადღება გამახვილდა პროდუქტების ხარისხსა და ეკოლოგიურ სისუფთავეზე, რათა სივრცე ჯანსაღი, ფუნქციური და მედეგი ყოფილიყო.
პაპუნა საბაშვილის ნამუშევარი მყუდრო და საკმაოდ ეფექტური საცხოვრებელია. პატარა ფართის მიუხედავად, სივრცე კომფორტულადაა გადანაწილებული და მოსახერხებელ, ფუნქციურ გარემოს ქმნის, რომელშიც კლასიკური, თანამედროვე და ბუნებრივი ელემენტები ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს და მაცხოვრებლისთვის იდეალურ პირობებს უზრუნველყოფს.
პროექტის ავტორი: პაპუნა საბაშვილი
არქიტექტურული სტუდია: „P/S Architects’’
სარემონტო ჯგუფი: „P/S Architects’’
გამოყენებული მასალა:
სამზარეულოს ავეჯ: „LTB“
იატაკის საფარი: ლამინატი — „იდეალი“, „კერამიკული ფილა — „ესპანურ სახლი“
აბაზანის ფილები: „New Design“
შემრევები: „გალერეა დემასი“; „იდეალი“
კედლის მოპირკეთება: საღებავი — „კაპაროლი“; მოლდინგები — „კასა სტუდიო“
განათება: „ახალი ნათება“; „ლუმენი“