რუსუდან ბაქრაძე პროფესიით საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია, თუმცა მისთვის ინტერიერის დიზაინი ის სფეროა, სადაც მომავალში დიდი სიამოვნებით ცდიდა ბედს. ჩვენი რესპონდენტი ამ საქმემ იმდენად გაიტაცა, რომ რამდენიმე წლის წინ მან ინტერიერის დიზაინის კურსიც კი გაიარა. როგორც რუსუდანი მიიჩნევს, ეს გამოცდილება მას დაეხმარა გემოვნების ჩამოყალიბებასა და საკუთარი მომავალი ინტერიერის უფრო ზუსტად წარმოდგენაში.
აქედან გამომდინარე, როდესაც რუსუდან ბაქრაძის ცხოვრებაში ახალი ბინის მოწყობის დრო დადგა, მას პროფესიონალის დახმარებაზე არც კი უფიქრია, რადგან მის გონებაში უკვე არსებობდა სივრცის სასურველი დიზაინი.
ბინა, რომელშიც რუსუდანი მეუღლესთან და შვილთან ერთად ცხოვრობს, მდებარეობს ვაკეში, ქობულეთის ქუჩაზე. ეს არის მსუბუქ მინიმალისტურ სტილში გადაწყვეტილი ბინა, რომელიც მოიცავს მისაღებ ოთახს, სამზარეულოს, ორ საძინებელსა და სველ წერტილს. ინტერიერში გვხვდება ბევრი საინტერესო დეტალი, რაც იდეალურად აბალანსებს სივრცის სადა სტილს.
როგორც ჩვენი რესპონდენტი გვიამბობს, სარემონტო სამუშაოების პროცესში მრავალ სირთულეს წააწყდა და ეს ნამდვილად არ იყო მისთვის მარტივი გამოცდილება, თუმცა საბოლოო ჯამში, ის შედეგი მიიღო, რისი მოლოდინიც ჰქონდა.
“ჩემთვის ბევრად უფრო საინტერესო იყო ინტერიერის შექმნის ეტაპი, ვინაიდან ეს კიდევ ერთი გამოცდილების მიღების საშუალება იყო. ზოგადად რაიმე ნივთის შეძენისას, დიდხანს ვფიქრობ, ვიდრე გადაწყვეტილებას მივიღებ. მაგრამ როდესაც საქმე ეხება ინტერიერის დიზაინს, აქ ჩემთვის არ არსებობს სირთულე, იმ თვალსაზრისით, რომ დიდი ფიქრი არ მჭირდება გადაწყვეტილების მისაღებად და მაშინვე ვხვდები, ესა თუ ის ნივთი ჩემს ინტერიერს მოუხდება თუ არა.
ჩემთვის სახლში ლამაზ სივრცეს ქმნიან სკამები და ნახატები, რომელთა შეგროვების პროცესშიც ვარ ახლა. აქ არსებულ ნახატებსა და ნივთებს თავიანთი ისტორია აქვთ. ზოგიერთი მათგანი ოჯახში თაობიდან თაობას გადაეცა და ასე მოვიდა ჩემამდე. ზოგიც ახალი შეძენილია.
ასევე მინდა გამოვარჩიო ძველებური ფარდაგები, რომლებიც ვფიქრობ, რომ ძალიან უხდება თანამედროვე ინტერიერს. ისინი განსაკუთრებულ გარემოს ქმნიან და სითბო შემოაქვთ სივრცეში. გარკვეული დეტალები დასასრულებელი მაქვს, რის განხორციელებაშიც პანდემიამ შემიშალა ხელი, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მალე დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს და შევძლებ ჩემი ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანას.”
რუსუდან ბაქრაძის თქმით, ის ერთ განსაკუთრებულ სტილს არ ანიჭებს უპირატესობას. მას უყვარს როგორც თანამედროვე, ასევე ძველებური და ვინტაჟური ნივთებიც, მაგრამ მისი უმთავრესი პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ სახლში ბევრი უსარგებლო ნივთი არ იყოს. ეს მიდგომა ჩვენი რესპონდენტის ინტერიერს კარგად ეტყობა, რაც აღნიშნულ სივრცეს სიმსუბუქესა და ჰაეროვნებას ანიჭებს.
“საბოლოო ჯამში, ვთვლი, რომ ის სივრცე შევქმენი, სადაც არ მბეზრდება ყოფნა. სახლი ხომ ის ადგილია, სადაც ყველაზე დიდ დროს ვატარებთ, ამიტომ მნიშვნელოვანია, იქ ისეთი გარემოს შექმნა, სადაც განიტვირთები და თავს კომფორტულად იგრძნობ,“- რუსუდან ბაქრაძე
ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე