დღეს დიმიტრი ახვლედიანისა და კატო კიკნაძის სახლზე გიამბობთ. საცხოვრებელი ვაკეში, ანდრია რაზმაძის ქუჩაზე მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 178 მ2-ია. დიმიტრი ახვლედიანი, პროფესიით არქიტექტორი და ინტერიერის დიზაინერია. ის არქიტექტურული კომპანია “ინსტუდიოს” დამფუძნებელია, რომელიც 20 წლის წინ ორ მეგობართან ერთად დააარსა. როგორც თავად ამბობს, სამხატვრო აკადემიაში ჩაბარებამ, მისი ცხოვრება შეცვალა, რადგან თავდაპირველად, სურდა პროფესიული გზა ფეხბურთს მიმართულებით გაეგრძელებინა. კატო კიკნაძეც ამ სფეროში მოღვაწეობს, ის ინტერიერის დიზაინერია. ამგვარად, ბინის გეგმარებასა და ინტერიერზე წყვილმა თავად იზრუნა და ერთობლივი გადაწყვეტილებებით საინტერესო პროექტი შექმნა.
ოჯახმა ბინა დეკემბერში შეიძინა. გარდა ფართის სიდიდისა, სახლის შერჩევისას გადამწყვეტი ფაქტორი მისი ადგილმდებარეობა აღმოჩნდა. საცხოვრებელი ძალიან მშვიდ, მყუდრო და მწვანე ქუჩაზე მდებარეობს.
მაცხოვრებლებს სერიოზული სარემონტო სამუშაოების შესრულება მოუხდათ, რადგან სახლი 1985 წელს არის აშენებული. „ძველი ბინის რემონტი, ე.წ. “თეთრ კარკასთან” შედარებით, ბევრად დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. როგორც წესი, რემონტის დროს თავს იჩენს ბევრი გაუთვალისწინებელი პრობლემა, რაც მგონია, გადავლახეთ, შედეგი კი ნამდვილად ღირდა ამად. ბინა მაღალჭერიანია და ნათელი, სახლში იგრძნობა ჯანსაღი გარემო . სარემონტო სამუშაოები, ფაქტობრივად, „ნულიდან“ დავიწყეთ და შესაბამისად, გეგმარებაც შევცვალეთ. უცვლელი დავტოვეთ ულამაზესი პარკეტი, ჭერის კარნიზები, მასიური ხის შიდა კარები, რასაც რესტავრაცია ჩაუტარდა. ეს სამივე ელემენტი სახლს განსაკუთრებით მომხიბვლელს ხდის“, — აღნიშნავს წყვილი.
გეგმარებითი სამუშაოების შედეგად, საძინებელსა და სამზარეულოს ადგილები შეეცვალა, სამზარეულო და მისაღები კი საძინებელი სივრცისგან გაიმიჯნა. ასევე, ერთი მოზრდილი სველი წერტილის ნაცვლად, ორი აბაზანა მოეწყო – ერთი ბავშვებისთვის, მეორე კი მთავარი საძინებლისთვის.
დიდი მისაღები ოთახი ფრანგული სტილითა და დახვეწილი ინტერიერით ხასიათდება, რაც ღია ფერის მუხის პარკეტით, თეთრი კედლებითა და მიმზიდველი მოლდინგების ჰარმონიული სინთეზით მიიღწევა. ყურადღებას იპყრობს საოცრად ელეგანტური, კლასიკური სტილის ავეჯი და ხის შიდა კარები, რომლებსაც სიძველის ატმოსფერო შემოაქვს სახლში და პარიზულ განწყობას ქმნის. მეორე მხრივ, თანამედროვე დიზაინის ტახტი, სავარძლები და პატარა მაგიდა კონტრასტულად ეხამება სივრცეს. ოთახი გამდიდრებულია დიზაინობიექტების საუცხოო კოლექციით და ბუნებრივი გამწვანებით.
მისაღებში დიდ როლს თამაშობს საინტერესოდ დაგეგმარებული განათებაც, ორიგინალური სანათები კი დეკორატიულ ფუნქციას ასრულებს. აღსანიშნავია, რომ მისაღები ოთახის საოცრად დახვეწილი, ოქროსფერი ჭაღი დიმიტრისა და კატოს დიზაინით დამზადდა, რამაც სახლს ინდივიდუალური შტრიხები შემატა.
სამზარეულოში შედარებით მუქი ტონები დომინირებს. შავი ფერის ავეჯი გემოვნებიანად ეხამება ყავისფერ სასადილო სკამებს. მოლდინგები და განათება აქაც ინტერიერის მთავარ ხასიათს გამოკვეთს და სივრცის დახვეწილობას უსვამს ხაზს.
მთავარი საძინებელი სადა და ნეიტრალურია. მშვიდ ატმოსფეროს აქცენტირებული ვარდისფერი და თეთრი კედლები განსაზღვრავს, რაც ნახატებითა და დიზაინობიექტებითაა გაფორმებული.
მეორე საძინებელი სამუშაო, მოსასვენებელ და საძილე ზონადაა დაყოფილი. ოთახში ღია ტონები მეორდება, რაც სივრცეს სიმსუბუქის სძენს.
საბავშვო ოთახი შედარებით ფერადია. ის საბავშვო სათამაშოებითა და აქსესუარებითაა მოწყობილი. ამ სივრცეში განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ცხოველების ილუსტრაციებით გაფორმებული კედელი, რაც ოთახს ერთგვარ ზღაპრულ აურასა და სასიამოვნო განწყობას სძენს.
ორივე სააბაზანოში ერთნაირი ფერები და მასალაა გამოყენებული, რაც სახლის მთლიანობას უსვამს ხაზს. ამასთანავე, ისინი სიმყუდროვითა და კომფორტით გამოირჩევა.
მაცხოვრებლებს სურდათ, რომ ბინა ნაკლებად დატვირთული ყოფილიყო და მეტი სივრცე ჰქონოდათ. „თავიდანვე ნაკლებად დატვირთული, თანამედროვე და კლასიკური სტილის ნაზავი გვინდოდა. გავაკეთეთ მოლდინგები, რამაც ფრანგული სტილის სახე მისცა ინტერიერს. წამყვან ფერად თეთრი შევარჩიეთ და ვეცადეთ, ის ნივთებით, ნახატებითა და მცენარეებით გაგვეხალისებინა“, — ამბობენ ჩვენი რესპონდენტები.
სწორედ ნახატები და მცენარეები განსაზღვრავს ინტერიერის სახასიათო სტილს. ნახატებს სიმყუდროვე და ხალისი შეაქვს სივრცეში, მცენარეები კი სიცოცხლის განცდას იწვევს. ბინა ნათელი, კომფორტული და მიმზიდველია. კლასიკური, ელეგანტური დეტალებით — მოლდინგები, ავეჯი, აქსესუარები, სანათები თუ კარები, ინტერიერი პარიზულ გარემოს მოგვაგონებს და სასიამოვნო განცდას იწვევს მნახველში.
პროექტის ავტორები: დიმიტრი ახვლედიანი, კატო კიკნაძე
გამოყენებული მასალა:
იატაკის საფარი: მისაღებში, სამზარეულოსა და შემოსასვლელ სივრცეში მუხის პარკეტი მაკაგონის ჩანართებით, საძინებელში — მუხის პარკეტი
აბაზანის ფილები: „ჯაოკენი“; „კაფელის სახლი“
კედლის მოპირკეთება: შეღებილი ქაღალდი
შემრევები: www.wayfair.com
განათება: ჭერის განათება — wayfair.com; შემოსასვლელი – „ამპირი“ (ანტიკვარული)