in

ჰაეროვანი და სტატიკური ინტერიერი რუსთაველის გამზირზე  – ნინი ოგანის ნამუშევარი

ინტერიერის დიზაინი არის ხელოვნება და მეცნიერება, რომელსაც ჩვენ გარშემო მნიშვნელოვანი ცვლილებები მოაქვს. ის ხელს უწყობს არა მხოლოდ კომფორტს, არამედ ადამიანების პროდუქტიულობას და სიჯანსაღესაც კი. კონკრეტულ ადამიანებზე მორგებული ინტერიერი როგორც სახლში, ისე სამუშაო გარემოში სიმშვიდისა და შთაგონების მომცემია.

დღეს ნინი ოგანს გაგაცნობთ, რომელმაც რუსთაველის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი ბინის ინტერიერზე იმუშავა.

ნინი ხშირად მამასთან, რუბო ოგანთან ერთად მუშაობს. კომპანიაც აქვთ – არქიტექტურული და დიზაინ სტუდია Dotstudio. საქართველოს გარდა, პროექტები ჰქონიათ კვიპროსზე, ინდოეთში და უკრაინაში.

ამ სახლში განთავსებული ნახატებიც რუბო ოგანის შესრულებულია.

რუსთაველის გამზირზე, 205 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსებულ საცხოვრებელში ნინიმ ინოვაციური მიდგომებით იხელმძღვანელა. თავიდან ბინაში სამი საძინებელი იყო, მთავარ ოთახში სამზარეულოთი, თუმცა დამკვეთს სურდა იზოლირებული სამზარეულო და ფართო მისაღები, რომ სტუმრებისთვის უკეთ ემასპინძლა და თავი უფრო თავისუფლად ეგრძნო.

გეგმარებაც სწორედ აქედან დაიწყო. დამკვეთთან შეთანხმებით გაუქმდა ერთი საძინებელი. მის ნაცვლად გაჩნდა სამზარეულო და რამდენიმე სათავსო.

სივრცე იძლეოდა საშუალებას, ძირითადი სამზარეულოს გარდა, გაჩენილიყო დამხმარე ოთახიც. ღუმელი და სხვა საჭირო აქსესუარებიც სწორედ იქ განთავსდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ოთახში შესასვლელი კარი კარადის კარად აღიქმება. ჩნდება განცდა, რომ კარადიდან პირდაპირ დამხმარე სამზარეულოში გადიხარ. ეს ისეთი საოცარი დეტალია, შეუძლებელია არ გაგახსენდეს არჩილ სულაკაურის „ჯადოსნური კაბა“, სადაც მთავარი გმირი სწორედ კარადის კარის მეშვეობით სულ სხვა, ზღაპრულ სამყაროში გადადის.

ძირითად სამზარეულოში ფართო, მუქი ყავისფერი ვიტრინა დგას. სასადილო მაგიდის თავზე სამი მოზრდილი ფერადი სანათი ოთახს ცოცხალ ელფერს აძლევს.

მისაღები ოთახის სივრცე დაეთმო დივანს და დიდ სასადილო მაგიდას. განიერ შესასვლელში, რომლის დაპატარავება დამკვეთს არ უნდოდა, გაჩნდა არაორდინალური ფორმის თაღი. „მამაჩემმა მოიფიქრა თაღი, რომლის წარდგენის ძალიან გვეშინოდა, რადგან ვფიქრობდით, რომ დამკვეთი არ დათანხმდებოდა ასეთ “უცნაურ” ფორმას. მაგრამ, როდესაც ვაჩვენეთ, შოკირებული და აღფრთოვანებული დარჩა“.

საბოლოო ჯამში, ეს თაღი ბინის ყველაზე საინტერესო, აქცენტური და ექსტრავაგანტული ნაწილი გახდა. მან განაპირობა საერთო ოთახში დეკორის ფორმა – ის თითქოს იმეორებს თაღს, მაგრამ არასრულად, სულ სხვა ფერში და დანიშნულებაში. აღსანიშნავია უტრირებულად დიდი ჭაღებიც სასადილო მაგიდის თავზე. ეს გიგანტური სოკოს მსგავსი სანათები სახლის განსხვავებულობას კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს და მას მისტიკურ ელფერს სძენს.

სახლი ძირითადად ღია ფერებშია გადაწყვეტილი. გარდა დეკორატიული აქსესუარებისა, ტექსტურა და პრინტი თითქმის არაა გამოყენებული. როგორც ნინი ამბობს, „ბინაში იმდენად არაორდინალური ფორმები და მასშტაბებია, ნებისმიერი ჩანართი ან პრინტი ჩაიკარგებოდა, ან პირიქით -ხელის შემშლელი იქნებოდა მთლიანი სურათის აღსაქმელად“.

დიდი ზომის საძინებელში (Master bedroom) გაჩნდა ტიხარი, რომელიც ორად ჰყოფს ტექნიკურ და მთავარ ნაწილს. აბაზანა და საგარდერობე სივრცე ტიხრის მეორე მხარესაა განთავსებული. ერთი შეხედვით ორდინარული სანათები არაორდინარულადაა განთავსებული საწოლის თავზე. ბაცი ნაცრისფერი ფარდები და გაცრეცილი ყავისფერი ტიხარი ოთახს სიმყუდროვეს სძენს.

საძინებლის მომიჯნავე აბაზანა და ტუალეტი ყავისფერ და შინდისფერ ტონებშია გადაწყვეტილი, რასაც ძალიან აცოცხლებს და ახალისებს ოქროსფერი აქსესუარები.

მეორე, შედარებით მომცრო საძინებელში კედლები, ისევე როგორც საწოლი, მუქი ნაცრისფერია. კედელს მთელ სიგანეზე დაბალი, ერთი ტონით ღია ნაცრისფერი ტუმბო გასდევს. სანათების თბილი ნათება და მზისგან დამცავი მძიმე ფარდები ერთ მთლიანობად კრავს ოთახს.

ამ საძინებლის აბაზანა დერეფანში დამონტაჟდა, რომელიც, როგორც ნინი გვიყვება, ირიბი კედლით გამსუბუქდა, ჰოლი რომ არ დატვირთულიყო. ღია ნაცრისფერი კედლების და მალაქიტისფერი ფილების კომბინაცია აბაზანაში ულამაზეს კომპოზიციას ქმნის. ოქროსფერი ქრომირებული აქსესუარები სითბოს და სინათლეს ასხივებს – თითქოს აქ, ამ აბაზანაში გრძელდება შემოსასვლელის უცნაურად ლამაზი თაღის, სამზარეულოს კარადაში გამოჭრილი კარის და გიგანტური სოკო სანათების ზღაპრული ამბავი.

სახლში ჯერ-ჯერობით არც თუ ისე ბევრი ავეჯია. როგორც დიზაინერი ამბობს, ბინა ჯერ ბოლომდე დასრულებული არაა. დამკვეთს თავად სურს  ავეჯის და დეკორატიული აქსესუარების შეძენა. მიუხედავად ამისა, სახლს უკვე აქვს თავისი იდენტობა. მასშტაბური და თან ჰაეროვანი, აქცენტური, მშვიდი  და სტატიკურია. ასე ფიქრობს პროექტის ავტორი, ნინი ოგანი. „ალბათ იფიქრებთ, რომ ჰაეროვანი და სტატიკური ერთანეთთან ვერ იარსებებს, მაგრამ ამ ინტერიერში თითქოს ორივემ დაიმკვიდრა თავი. ზუსტად ეს იყო ჩვენი მიზანი – სივრცე ყოფილიყო ისეთი, როგორ ხასიათზეც იმ მომენტში იქნებოდნენ სახლის მაცხოვრებლები. ჩემი აზრით, ეს ინტერიერი ლაპარაკობს იმაზე, არასდროს რომ არ უნდა შეგვეშინდეს თამამი გადაწყვეტილებების და ყოველთვის მზად ვიყოთ ექსპერიმენტებისთვის“.

ასეთი ჯადოსნური შედეგების მისაღებად ექსპერიმენტების ჩატარება ნამდვილად ღირს.

 

პროექტის ავტორი: ნინი ოგანი

გამოყენებული მასალები:

სამზარეულოს ავეჯი: სკამები – Salotti, ქვა – Onyx

იატაკის საფარი (ლამინატი): Demasi

აბაზანის ფილები: Belle Maison, Legoroom

შემრევები: Vitra

განათება: Delight, UBC Construction

ავეჯი: Interiorissimo, Verona

სარემონტო სამუშაოები: კომპანია Basic

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

Nemo-ს სავარძელი Driade-სგან

Brandpitt – გრაფიკული დიზაინისა და სუბლიმაციური ბეჭდვის კომპანია