ბინა, რომელიც ქალაქ რუსთავში მდებარეობს, ახალგაზრდა ოჯახს ეკუთვნის და მისი საერთო ფართობი 136 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ობიექტის დიზაინ პროექტზე კი Art Line Studio-მ იმუშავა.
საპროექტო დავალება გულისხმობდა შავ კარკასულ მდგომარეობაში არსებული ორი დამოუკიდებელი ბინის გაერთიანებას ისე, რომ თითოეული ოჯახის წევრისთვის მაქსიმალურად კომფორტული და ფუნქციური საცხოვრებელი სივრცე შექმნილიყო.
დამკვეთის მთავარი სურვილი იყო, თითოეულ წევრს ჰქონოდა საკუთარი პირადი სივრცე — ინდივიდუალური საძინებელი ოთახები, რომლებიც აღჭურვილი იქნებოდა დამოუკიდებელი საგარდერობე ზონებით.
“ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევა, რომელიც დიზაინ-პროექტირების პროცესში გაჩნდა, იყო საინჟინრო კომუნიკაციების სრული მოდერნიზაცია და გადალაგება. ორი ბინის გაერთიანება მოითხოვდა წყალმომარაგების, ელექტრომომარაგების, გათბობისა და ვენტილაციის უკვე დაგეგმარებული სისტემების სრულად ხელახალ გადანაწილებას ისე, რომ ეს პროცესი პროექტის დიზაინზე და ინტერიერის ფუნქციონალობაზე არ ასახულიყო უარყოფითად. ამ ცვლილებების განხორციელება საჭიროებდა არა მხოლოდ ტექნიკურ ცოდნას, არამედ შემოქმედებით მიდგომას, რათა საინჟინრო დეტალები ინტერიერში მაქსიმალურად ორგანულად დამალულიყო.
გარდა ამისა, პროექტის მიზანი იყო, მთელი სივრცე გამხდარიყო ჰარმონიული, ვიზუალურად მიმზიდველი და თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული. აქცენტი გაკეთდა როგორც ხარისხიან ვიზუალურ მასალებზე, ისე დიზაინის დეტალებზე, რომელიც ოჯახის ფსიქო ტიპიდან გამომდინარე, მათ ცხოვრების სტილსა და ყოველდღიურ საჭიროებებს სრულად მოერგებოდა.
აგრეთვე მსურს შევეხო სივრცეში არსებულ კონსტრუქციულ ელემენტებს, როგორიც არის კოლონა თუ რიგელი, რაც ხშირად დიზაინ-პროექტირების პროცესში ინტერიერის დიზაინერებისთვის ძალიან დიდ თავსატეხად იქცევა, გადავწყვიტეთ ყველა ზემოთ აღნიშნული ელემენტი შეგვეფუთა და ინტერიერის დეკორის ნაწილად გვექცია, მიუხედავად ძალიან ბევრი ტექნიკური სირთულისა, მიზანი მიღწეულია,” – დავით კავლელაშვილი, პროექტის ავტორი
ორი ბინის გაერთიანების შემდეგ, Art Line Studio-ს მთავარი ამოცანა იყო სივრცის სწორად დაყოფა, რათა თითოეულ წევრს ჰქონოდა პირადი ზონა. სწორედ მიზნით დაიგეგმა ინდივიდუალური საძინებელი ოთახები, რომლებიც აღიჭურვა დამოუკიდებელი საგარდერობე ზონებით.
საერთო სივრცეები, როგორიცაა მისაღები, სასადილო და სამზარეულო, ინტეგრირდა ისე, რომ შეიქმნა ღია და კომფორტული ატმოსფერო ოჯახური დროის გასატარებლად.
კონცეფციის ძირითადი ნაწილი დაეთმო კომუნიკაციების სრულ ცვლილებას. გათბობის, წყალმომარაგების და ვენტილაციის სისტემები ისე მოეწყო, რომ მაქსიმალურად ათვისებულიყო სივრცე და ამავდროულად, უზრუნველეყო თითოეული ზონის გამართული ფუნქციონირება.
აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელი ფართები შეიქმნა მოდულური კონცეფციის გამოყენებით. მაგალითად, ავეჯის ნაწილს გააჩნია ტრანსფორმაციის ფუნქცია, რაც უზრუნველყოფს სივრცის მრავალფეროვან გამოყენებას. სათავსოების სისტემები ისე დაიგეგმა, რომ ზედმეტი ნივთები მარტივად დამალულიყო და სივრცე ვიზუალურად სუფთა და მსუბუქი გამოჩენილიყო.
დიზაინში გამოყენებულ იქნა პასტელური სამხატვრო ფერები და ბუნებრივი მასალები, როგორიც არის ხის ფაქტურა, ქვისა და მარმარილოს ფაქტურის ზედაპირები, რაც სივრცეს მრავალფეროვნებას, სიმშვიდესა და სიმყუდროვეს მატებს.
“თითოეული ოთახი შექმნილია მისი მფლობელის ინტერესებისა და გემოვნების მიხედვით. მაგალითად, საძინებლები ფერებით და დიზაინით მოზარდების ასაკსა და ჰობიზე გათვალისწინებით არის მორგებული, ხოლო მშობლების მთავარ საძინებელში, პრიორიტეტი მიენიჭა ელეგანტურობასა და მოდერნისტულ სტილს,” – დავით კავლელაშვილი, პროექტის ავტორი
საცხოვრებელი სივრცის გეგმარება ორი დამოუკიდებელი ბინის გაერთიანების შემდეგ მოიცავდა კომფორტული, ფუნქციური და ესთეტიკურად გამართული გარემოს შექმნას, სადაც გათვალისწინებული იქნებოდა თითოეული ოჯახის წევრის საჭიროებები.
ბინის ცენტრალური სივრცე, სამზარეულოს, სასადილოსა და მისაღები ზონებისგან შედგება. სამზარეულო და სასადილო ზონები მისაღების სიახლოვეს არის განთავსებული, რაც პრაქტიკულობასა და ვიზუალურ ერთიანობას უზრუნველყოფს. აქ განლაგებულია კომფორტული ავეჯი და მულტიმედია მოწყობილობები, ეს კი სივრცეს მრავალფუნქციურს ხდის.
რაც შეეხება ჰოლსა და დერეფანს, ეს ზონაც ფუნქციურად დაპროექტდა, რათა ფართის დანაკარგი არ გაჩენილიყო და სწორედ აქ განთავსდა როგორც სამრეცხაო ზონა, აგრეთვე საგარდერობე სისტემა დამატებითი სათავსოებით.
“მინდა ვთქვა, რომ პროექტირების დაწყებიდან დასრულებამდე, მრავალ გამოწვევას წავაწყდით, თუმცა ამ გამოწვევების მიუხედავად, პროექტმა შეძლო ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება. გუნდის კრეატიულობამ, ტექნიკურმა კომპეტენციამ და დეტალებზე ორიენტირებულობამ შესაძლებელი გახადა, რომ საბოლოო შედეგი ყოფილიყო დამკვეთის მოლოდინებთან სრულად შესაბამისი,” – ფიქრია მოდებაძე, პროექტის ავტორი
საბოლოო ჯამში, პროექტის ავტორებმა შექმნეს თანამედროვე, ფუნქციური და ჰარმონიული სივრცე, რომელიც აკმაყოფილებს როგორც ესთეტიკურ, ასევე პრაქტიკულ მოთხოვნებს. ინტერიერში ჭარბობს სუფთა ხაზები, გეომეტრიული ფორმები და ნეიტრალური ფერების ჰარმონიული პალიტრა (თეთრი და კრემისფერი). აქცენტების სახით კი შეტანილია ხის ფაქტურა, რაც ინტერიერს დახვეწილობას და ბუნებრივ სითბოს ანიჭებს.
პროექტის ავტორები: დავით კავლელაშვილი, ფიქრია მოდებაძე, გიორგი კავლელაშვილი, ანი ჯეირანაშვილი
დიზაინ სტუდია: Art Line Studio