საბურთალოს უბანში, უნივერსიტეტის ქუჩაზე, ინტერიერის დიზაინერმა ქრისტინე მორჩაძემ შექმნა საცხოვრებელი სივრცე, რომელიც მცირე ზომის მიუხედავად, მაქსიმალურად კომფორტული, ფუნქციური და ესთეტიკურად დახვეწილია. ბინის საერთო ფართობი 52.3 მ²-ია, საიდანაც 8 მ² აივანს ეთმობა.
როგორც პროექტის ავტორი გვიამბობს, ბინის მფლობელის მთავარი სურვილი იყო კომერციულად მომგებიანი სივრცის შექმნა, რომელიც გასაქირავებლად იდეალური იქნებოდა. დიზაინერმა ყურადღება გაამახვილა ბინის კომპაქტურ განლაგებასა და მაღალი ხარისხის მასალების შერჩევაზე, რაც მომავალ მობინადრეს დამატებით კომფორტს და ესთეტიკურ სიამოვნებას შეუქმნიდა.
პროექტის საწყის ეტაპზე ბინა ე.წ. “თეთრი კარკასის” მდგომარეობაში იყო. პირველი ნაბიჯი კომუნიკაციების მოწესრიგება და სივრცის სწორად დაგეგმარება გახდა. განათების სისტემა ზონების მიხედვით დაიგეგმა, ხოლო ინტერიერის მთავარ ფერად მალაქიტის ტონი შეირჩა. ამ ფერს სხვადასხვა ფაქტურები – კედლის დეკორი, ფილები, ავეჯი და ტექსტილი ავსებს და ქმნის დახვეწილ გარემოს.
ბინა მოიცავს ერთ საძინებელს (11.8 მ²), ჰოლის, სამზარეულოსა და მისაღებ სივრცეს (ჯამში 27.3 მ²), ასევე აბაზანას (4.0 მ²).
საინტერესოა სამზარეულოსა და ჰოლს შორის გამყოფ ელემენტად განთავსებული ორმხრივი კარადა, რომელიც შემოსასვლელის მხრიდან თაროებსა და საკიდებს მოიცავს, ხოლო მისაღები ოთახის მხრიდან – ბარსა და შუშის კარადას.
სამზარეულოს კედელზე გამოყენებულია მართკუთხედი ფილები, რომლებიც ნაძვის ხის წყობითაა განლაგებული, ხოლო სამუშაო ზედაპირად თეთრი კვარცის ქვა შეირჩა. კარადების ქვეშ არსებული ლედ განათება კი დამატებით ესთეტიკურ ეფექტს ქმნის.
საძინებელში სტანდარტულად განთავსდა ყველა აუცილებელი ავეჯი. განსაკუთრებულ ელემენტს წარმოადგენენ ქართველი მხატვრის, ვანო აბულაძის ორიგინალური ნამუშევრები, რომლებიც ინტერიერს ინდივიდუალობას მატებს.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია აბაზანა. ბინის მცირე ფართობიდან გამომდინარე, სარეცხი მანქანის დაპროექტება აუცილებელი იყო აბაზანაში. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ამ ოთახის ფართობი სულ რაღაც 4 კვადრატულ მეტრს შეადგენს, ეს არც ისე მარტივი ამოცანა იყო. თუმცა, ქრისტინე მორჩაძემ ამ გამოწვევას საკმაოდ კარგად გაართვა თავი – გადაწყდა ნიჟარისა და სარეცხი მანქანის ერთ ზონაში გაერთიანება. ამ ზონისთვის სპეციალურად დამზადდა შპონირებული კარადა, რომლის ზედაპირად კვარცის ქვა გამოიყენეს, ხოლო გვერდით მდებარე სივრცე დიდი და მოსახერხებელი მაგიდით აღიჭურვა.
პროექტში გამოყენებული მასალები და დეკორი ბინას ელეგანტურ და დასამახსოვრებელ იერს სძენს. ინტერიერში დომინირებს მალაქიტის და თეთრი ტონები, რაც მეტალის თეთრი და ზომიერად ოქროსფერი დეტალებით არის დაბალანსებული. ავეჯი მაღალი ხარისხის მასალისგანაა დამზადებული და სპეციალურად ამ პროექტისთვის შეიქმნა.
ბინის ჭაღები და ბრები ბურთის ფორმისაა, რაც სივრცეს სიმსუბუქესა და ელეგანტურობას ანიჭებს. სამზარეულოსა და საძინებლის ტექსტილში გამოყენებულია ტილოსა და ბამბის ქსოვილები, რომლებიც ბუნებრიობისა და სიმყუდროვის განცდას ქმნის.
ქრისტინე მორჩაძის ეს პროექტი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება მცირე ფართობზე ფუნქციური, ელეგანტური და კომერციულად მომგებიანი ინტერიერის შექმნა. სწორად შერჩეულმა მასალებმა, ფერებმა და სივრცის დაგეგმვის უნიკალურმა ხედვამ ბინა მომავალი მობინადრეებისთვის მიმზიდველი, კომფორტული და პრაქტიკული გახადა.
პროექტის ავტორი: ქრისტინე მორჩაძე
დიზაინ სტუდია: KM Interior Design
სარემონტო ჯგუფი: Kminteriordesign by Kristine MORCHADZE