ნინო გოგშელიძის სახლის ინტერიერს ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს, დღევანდელ სტატიაში კი მის საბურთალოზე მდებარე ბინას გაგაცნობთ, სადაც საცხოვრებელი ფართი 250 მ2-ს, ტერასა კი 300 მ2-ს მოიცავს.
ნინო და მისი ოჯახი მრავალი წელია ამ უბანში ცხოვრობენ. აღნიშნული ბინის შეძენა კი დიდი ტერასის გამო გადაწყვიტეს, რადგან ბინა მე-10 სართულზეა და ბაღის გაშენების იდეალურ შესაძლებლობას იძლევა. ტერასა ერთ მხარეს წყნეთს გადაჰყურებს, მეორე მხარეს კი ქალაქის ხედებს გასცქერის.
ბინა ახალაშენებულ კორპუსში მდებარეობს, შესაბამისად, სრულად გასარემონტებელი და გასაახლებელი იყო. სივრცის გეგმარებასა და სარემონტო სამუშაოებზე მაცხოვრებლებმა თავად იზრუნეს, თუმცა ეს პროცესი სულაც არ აღმოჩნდა მათთვის რთული და პრობლემებით აღსავსე, რადგან ამ მიმართულებით საკმაო გამოცდილება უკვე ჰქონდათ.
იმის გამო, რომ სახლი დიდი ზომისაა, მობინადრეებმა მაქსიმალურად გამოავლინეს თავიანთი სურვილები და თითოეული ოთახი საკუთარი გემოვნებისა და მოთხოვნილების მიხედვით მოაწყვეს. ამიტომ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ცალკეული სივრცე კონკრეტულ ამბავს მოგვითხრობს და მაცხოვრებლების ხასიათს ირეკლავს.
გაერთიანებულ ოთახში მისაღები, სასადილო და სამზარეულო კუთხეებია მოწყობილი. მისაღები და სამზარეულო/სასადილო ნაწილი ერთმანეთისგან შუშის ტიხრითაა გამოყოფილი. სივრცე ნეიტრალურ, კლასიკურ ფერებშია გადაწყვეტილი, რასაც შავი აქცენტები ბუნებრივად ეხამება. დიდი ვიტრაჟებით ნათელი და სასიამოვნო გარემო იქმნება. წერტილოვანი განათებით კი ბინა უფრო ეფექტური ხდება. ღია ყავისფერი და თეთრი ტონალობა ორგანულად ერწყმის ერთმანეთს, ხის ელემენტები კი მას ჰარმონიულად ესადაგება. სახლში თითოეულ ნივთს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს და კონკრეტული ისტორიის მატარებელია, ამიტომ სივრცე უფუნქციო, არასაჭირო ელემენტებით გადატვირთული არ არის.
ყურადღებას იქცევს შავი სამზარეულო, რომელიც ინტერიერს მდიდრულ ეფექტს სძენს. ღია ფერის სასადილო მაგიდა და კრემისფერი სკამები კი ამ ზონას აბალანსებს და ამსუბუქებს.
მთავარი საძინებელი მრავალფუნქციური, დახვეწილი და საოცრად მიმზიდველია. საწოლის მწვანე დეკორატიული კედელი საძილე და საგარდერობო ზონებს ერთმანეთისგან მიჯნავს და ესთეტიკურ და პრაქტიკულ როლს ერთდროულად ითავსებს.
საინტერესოა აბაზანისა და საძინებლის ერთმანეთთან შერწყმაც. ცალკე მდგომი აბაზანა სახლს განსაკუთრებულ ესთეტიკასა და დახვეწილობას სძენს. ამავდროულად, ოთახს უფრო მყუდროსა და ინტიმურს ხდის.
მეორე საძინებელი კი უფრო სადა და ნეიტრალურია. ყავისფერი და თეთრი აქცენტები ჰარმონიულად ეხამება ერთმანეთს და მშვიდ გარემოს განსაზღვრავს.
საბავშვო ოთახში ბავშვის ინდივიდუალურ ხასიათი, საზეიმო განწყობა და სასიამოვნო ატმოსფერო იგრძნობა. ოთახი ფერადი და ხალისიანია, ამასთანავე, ფუნქციურად სწორადაა გადანაწილებული და პრაქტიკულ სივრცეს უზრუნველყოფს.
საინტერესო გადაწყვეტა გვხვდება სააბაზანო ზონებში, სადაც ფერადი ფილებისა და მინიმალისტური ავეჯის გამოყენებით სივრცე უფრო მრავალფეროვანი და თვალშისაცემი ხდება.
ბინის ყველაზე გამორჩეული ადგილი ტერასაა, რომელზეც ბაღი და მოსასვენებელი სივრცე მოეწყობა. აღსანიშნავია, რომ ლანდშაფტის საპროექტო გეგმა თამარ თავართქილაძეს ეკუთვნის, რომლის განხორციელებაც გაზაფხულზე იგეგმება.
ნინო გოგშელიძის დახვეწილი და ელეგანტური ინტერიერი თითოეული ოჯახის წევრის ინდივიდუალურ სურვილებს, მისწრაფებებსა და ხასიათს ავლენს. ის იდეალურ გარემოს ქმნის მაცხოვრებლების კომფორტისა და მშვიდი ცხოვრებისთვის და მეპატრონეების საჭიროებებს სრულად ერგება.